ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან

AutoSharing Option
საინტერესოდ დაიწყო სუპერლიგის წლევანდელი გათამაშება, ორი ტურის შედეგ მონაწილე 8 გუნდიდან ექვსს თითო მოგება-წაგება აქვს. მათ შორისაა თბილისის "დინამო", რომელმაც პირველ ტურში "ბათუმს" დამაჯერებლად აჯობა, მეორეში კი ასევე "დამაჯერებლად" "რუსთავთან" დამარცხდა.

გუნდის აწმყოსა და პერსპექტივებზე "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ირაკლი ხოშტარიას ვესაუბრეთ.

- სამწუხაროდ, ქართული კლუბების უმრავლესობა ერთი და იმავე პრობლემის წინაშე დგას ყოველი სეზონის წინ - შემადგენლობები თითქმის მთლიანად იცვლება და ყოველ წელს ხელახლა გვიწევს გუნდის აწყობაზე, შეთამაშებაზე ზრუნვა. შარშანდელი ჩემპიონატის შემდეგ ასეთი სიტუაციაა "დინამოშიც", ძირითადი ბირთვის შენარჩუნებაც ვერ მოვახერხეთ.

- კალათბურთის განვითარების ახალი პროექტის გათვალისწინებით ხომ ყველა გუნდს აქვს საკმარისი თანხა, რატომ ვერ მოახერხეთ სასურველი კალათბურთელების დატოვება?

- საქმე სწორედ ფინანსებშია. მოთამაშეები იმ გუნდებმა წაიყვანეს, რომლებსაც ჩვენზე მაღალი ბიუჯეტი აქვს. აქ ალოგიკური არაფერია. თუმცა როგორც ყოველ წელს, წლეულსაც დიდი მოცულობის სამუშაო ჩავატარეთ და, ვფიქრობ, "დინამოში" ისეთი შემადგენლობა შეიკრიბა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან წარმატებით თამაში შეგვიძლია.

- განსხვავებული გამოდგა საწყისი ორი მატჩი, პირველი დიდი სხვაობით მოიგეთ, მეორე - პირიქით...
- მიზეზზე უკვე ვთქვი - როდესაც გუნდში შარშანდელი სეზონის შემდეგ ბირთვიც არ არის შენარჩუნებული, რთულია ჩემპიონატის სტარტზე სტაბილურად თამაში. შეთამაშებისა და სტაბილურობის მისაღწევად ერთი თვე საკმარისი არ არის.

- ერთი შეხედვით შემადგენლობა თანაბრადაა დაბალანსებული. რომელიმე რგოლის გაძლიერებას ხომ არ აპირებთ?
- მაღლებიც გვყავს, ფორვარდებიც, კარგი გამთამაშებლებიც. ამ ეტაპზე დამატებაზე არ ვფიქრობთ, სეზონის შუაში, უკეთესად რომ გამოჩნდება, ჩვენი პლუს-მინუსები, შესაძლოა მერე ავიყვანოთ შესაფერისი კანდიდატი.

- უკანახაზელი ებრიუ მაკალბი და ფორვარდი დანიელ უილიამსი ახალი დინამოელები არიან...
- ჩემთვის, როგორც მწვრნელისთვის ამოსავალია არა მხოლოდ კალათბურთელის სპორტული მონაცემები, არამედ მისი პიროვნული თვისებები. ყოველთვის ვცდილობ ისეთი კალათბურთელი ავიყვანო, რომლისთვისაც პირადულზე მაღლა გუნდის ინტერესები დგას. ამერიკელი მოთამაშეებიც სწორედ ამ პრინციპით შევარჩიეთ და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სტრატეგიას სათანდოდ შეესაბამებიან.

- საქართველოს ნაკრების მაისურით არაერთი მატჩი ჩაგიტარებიათ, სექტემბერში ევრობასკეტსაც ესწრებოდით. ზოგადად, რა სხვაობაა დღევანდელსა და 15 წლის წინანდელ ნაკრებებს შორის?
- პირველ რიგში ისაა, რომ დრო გავიდა და იმატა პროფესიონალიზმმა. ამ მოთამაშეთა პროფესიონალიზმი უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს დროს.

- რატომ?
- ჩვენ არ ვიყავით ამ დონეზე პროფესიონალები. იმიტომ, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ევროპაც პირველ ნაბიჯებს დგამდა პროფესიონალიზმისკენ, მას მერე წამოვიდა თურქეთი და ბევრი სხვა ქვეყანა. სხვაობა კიდევ ისაა, რომ დღევანდელი ნაკრების წევრებს შეუძლიათ საკუთარი შრომით ცხოვრება აიწყონ. ეს ბიჭები ჩვენზე ტაქტიკურადაც უკეთ არიან განათლებულნი, ფიზიკურადაც ძლიერები არიან. ჩვენს დროს ძალიან რთული იყო საერთაშორისო არენაზე გასვლა, მხოლოდ ერთეულები ხვდებოდნენ წამყვან ევროპულ კლუბებში. ახლა საზღვრები გახსნილია და ისიც უნდა ითქვას, რომ ნაკრებში ამჟამად მეტად ნიჭიერი თაობაა შეკრებილი.

დადებითი მომენტია ისიც, რომ 90-იანი წლების დროინდელ ნაკრებთან შედარებით დღევანდელ გუნდს დიდი ყურადღება ექცევა, მთავრობაც მხარში უდგას და მოსამზადებლადაც შესაბამისი პირობები აქვს. არ ვამბობ, ადრე მთავრობას არ სურდა დახმაება-მეთქი, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო...

- ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში ითამაშა. ეს გუნდის მაქსიმუმი იყო?
- რაც აქამდე გაკეთდა, მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს. ევრობასკეტზე მერვედფინალში ვითამაშეთ, ეს კარგია, თუმცა შეიძლებოდა მეტის მიღწევაც, თუმცა არც ის იყო გამორიცხული, რომ უარესი შედეგი გვქონოდა. რა იყო აქამდე, ამაზე მსჯელობას, აჯობებს ვილაპარაკოთ იმაზე, რა იქნება ახლო მომავალში. ევრობასკეტიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და წინ ვიაროთ.

- შემადგენლობიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრები ტაქტიკური თვალსაზრისით თამაშობს იმ კალათბურთს რასაც უნდა თამაშობდეს?
- ყველა მწვრთნელს თავისი ტაქტიკური მონახაზი აქვს, თუმცა ქართველებმა სწრაფი კალათბურთი რომ უნდა ვითამაშოთ, ცხადია. ჩვენი კალათბურთი იმპულსურია და ეს შეგვიძლია პლუსად ვაქციოთ. თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია ტაქტიკური განათლება, რომ შევძლოთ ეს ყველაფერი სწორად, მაღალ ტემპში, ხარისხიანად განვახორციელოთ, მივაღწიოთ სტაბილურობას, რაც ჩენი მთავარი პრობლემაა.

რაც შეეხება იგორ კოკოშკოვს, მას მიღწეულისთვის, არ შეიძლება მადლობა არ გადავუხადოთ. ამ ადამიანს არ შეიძლება შრომა დავუკარგოთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიდა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამჯერ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული