სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« ივლისი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
[ექსკლუზივი ილიას ზუროსთან] ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება
11:02 03-06-2017
სუპერლიგის ფინალური სერიისას საქართველოში ჩამოფრინდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი. იგი შეხვდა კალათბურთელებს, მწვრთნელებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს. ჩამოსვლის მიზანი ისედაც ყველასთვის გასაგებია, თუმცა მაინც საინტერესოა თავად ბერძენი სპეციალისტის მოსაზრება.

ვიდრე სანაკრებო თემებს შევეხებოდით, ჯანმრთელობაზე ვკითხეთ. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ილიას ზუროსმა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ჯერაც ხელჯოხით გადაადგლდება.

- ყველაფერი კარგადაა, მდგომარეობა უმჯობესდება. აღდგენითი პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე სრულიად ჯანმრთელი ვიქნები.

- ექიმები თვითმფრინავით მგზავრობის ნებას არ გაძლევდნენ...

- რადგან 100 პროცენტით არ გამოვკეთებულვარ, ძნელია გადაადგილება, მით უმეტეს ფრენა. ორი კვირის შემდეგ აღდგენითი პროცესიც დასრულებული მექნებოდა და ექიმების რჩევა იყო, მას მერე ჩამოვსულიყავი. მაგრამ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თბილისში სწორედ სუპერლიგის პლეი ოფისთვის ჩამოსვლა. უნდა მენახა ფინალური შეხვედრები, სხვა მატჩები, შევხვედროდი კალათბურთელებს, მესაუბრა ფედერაციის წარმომადგენლებთან, მწვრთნელებთან. ასე რომ, საქართველოში ყოფნა აუცილებელი იყო.

- თქვენი ჩამოსვლა კალათბურთელებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
- მხოლოდ კალათბურთელებისთვის რატომ? ყველამ უნდა იგრძნოს, რომ ვზრუნავთ, ვცდილობთ, მხედველობიდან არავინ და არაფერი გამოგვრჩეს. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მწვრთნელებთან შეხვედრა და მათი აზრის მოსმენა ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით.

შევხვდი მწვრთნელებს, მათ შორის ჩემს ასისტენტებს, კოტე ტუღუშსა და ირაკლი ხოშტარიას. არ მინდა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მივიღო. გაცილებით უკეთესია, ეს გუნდმა, სამწვრთნელო შტაბმა ერთობლივად გააკეთოს.

- დაესწარით ფინალურ მატჩებს. რა შთაბეჭდილება დატოვეს კალათბურთელებმა?
- მხოლოდ ორ გუნდზე, "დინამოსა" და "ქუთაისზე" არ უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ, რომ საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება. ყველა გუნდში უნდა ვეძებოთ კანდიდატები. იქ ყველაფერი განსხვავებულია, ეროვნულში ძირითად ბირთვთან ერთად არიან ის კალათბურთელები, რომლებიც კონკრეტული მომენტისთვის შესაძლოა გამოუცდელები არიან, მაგრამ წლიდან წლამდე უმჯობესდებიან და ნაკრების მომავალს ვუკავშირებთ.

დარწმუნებული ვარ, მოსამზადებელი ეტაპისთვის გაფართოებული შემადგენლობის დასახელებისას სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. შარშანაც გამოვიძახეთ ახალგაზრდა, ნიჭიერი კალათბურთელები, რომლებსაც, ვფიქრობთ, რომ ნაკრებში ნათელი მომავალი აქვთ.

გამოცდილ წევრებთან ერთად გვჭირდება ახალგაზრდები, ახალი სისხლი. შედეგების პარალელურად მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. თუ კალათბურთელები ახალგაზრდული ასაკიდანვე არ მიიღებენ სანაკრებო გამოცდილებას, თუ თავიდანვე არ შეეგუებიან გარემოს, შემდეგ ძალიან რთული იქნება გუნდთან ადაპტაცია და, შესაბამისად, ვერც შედეგი იქნება სასურველი.

- შარშან აღნიშნეთ, რომ ნაკრებში ახალ სახეებს ვიხილავთ...
- ორჯერ ვესაუბრე ნიჭიერ ქართველ კალათბურთელს სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობს. სამწუხაროდ, ძალიან რთული ზაფხული ექნება, რადგან სასწავლებელი გამოიცვალა. სწორედ კოლეჯის გამო ვერ შეძლებს ნაკრებთან შეერთებას და ევრობასკეტისთვის მომზადებას. თუმცა, მითხრა, რომ ძალიან გაუხარდება, თუ მომავალ წელსაც დავუძახებთ და ნაკრებში თამაშის საშუალება მიეცემა.

ჩემთვისაც სასიამოვნოა, რომ მას აქვს ამბიცია, სურვილი, ითამაშოს საქართველოს სახელით. ასე რომ, გაისად კიდევ ერთი ახალგაზრდა შეუერთდება ეროვნულ ნაკრებს.

სერბულ "მეგაში" თამაშობს ტანმაღალი გოგა ბითაძე, რომლის აგენტსაც ორჯერ ვესაუბრე. გვსურს გოგა ნაკრებში ვიხილოთ, გუნდთან ერთად იყოს მოსამზადებელ ეტაპზე, მაგრამ ამავე დროს მისთვის სასარგებლო იქნება თავისი ასაკის ნაკრებში თამაში. უამრავი ნიუანსის გათვლით ბითაძესთან დაკავშირებითაც სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

მართალია, წინა ხაზში დიდი კონკურენციაა, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მნიშვნელოვანია მისი გუნდთან ადაპტაცია.

- ახლა, რაც შეეხება უკანახაზელებს...
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვყავს ნაკრების ძირითადი ბირთვი, რომელიც წლების განმავლობაში ერთად თამაშობს და შეთამაშებულია. წლეულს მოვიწვევთ ახალ კალათბურთელებს და განვახორციელებთ მცირე ცვლილებებს. ნაკრების სია რომ გამოქვეყნდება, მერე უფრო კონკრეტულად შეგვეძლება მსჯელობა პოზიციების მიხედვით. გაფართოებულ შემადგენლობას მალე დავასახელებთ. ისევე როგორც შარშან, "ბ" ნაკრებსაც დიდ ყურადღებას მივაქცევთ და ამ გუნდიდანაც ექნებათ პირველ ნაკრებში მოხვედრის შანსი. მთავარია, "ბ" ნაკრებში თავი გამოიჩინონ.

საქმე საკმარისად გვაქვს, თუმცა, როგორც აქამდეც აღმინიშნავს, საქართველოში ყოფნა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. დიდი პატივია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობა და ამ გუნდთან ერთად ქვეყნის ღირსების ევრობასკეტზე დაცვა.

- ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ჩვენი გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას...
- ვეცდებით, მაქსიმუმი ვუჩვენოთ. მთავარია, ყველა ჯანმრთელად გვყავდეს. შევხვდი ვიქტორ სანიკიძეს, მანუჩარ მარკოიშვილს, რომელთაც ტრავმების გამო მთელი სეზონი გაუცდათ. ისინი თავს კარგად გრძნობენ და ვიმედოვნებ, რომ ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის დაწყებისთვის სრულიად ჯანმრთელები იქნებიან.

ფიზმომზადების მწვრთნელ გეორგიოს ვავეცისს აქვს კონტაქტი ნაკრების ყველა კალათბურთელთან და თითოეულს გაუგზავნა პროგრამა, რომლითაც ნაკრების ვარჯიშების დაწყებამდე უნდა მოემზადოს.

- ზოგიერთს მარათონული სეზონი გამოუვიდა: თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინს, ბექა ბურჯანაძეს, ზაზა ფაჩულიას.
- ზაზას წარმატება ძალიან მახარებს. სეზონის განმავლობაში მასთან არაერთხელ ვისაუბრე, ჰქონდა მიზანი - ეთამაშა NBA-ს ფინალი. მიაღწია. ახლა გაუჩნდა მშვენიერი შანსი, მოიპოვოს NBA-ს ჩემპიონობა, რაც ბევრი სუპერვარსკვლავის აუხდენელი ოცნებაა. ზაზა თამაშობს მაღალი დონის გუნდში და, მჯერა, რომ იგი ტკბება ასეთი პარტნიორების გვერდში ყოფნით. ვუსურვებ წარმატებებს და, დამიჯერეთ, ძალიან მინდა, თუნდაც ერთ ქართველ კალათბურთელს ჰქონდეს NBA-ს ჩემპიონის ბეჭედი.

მშვენიერი სეზონი ჰქონდათ შერმოს (გიორგი შერმადინს) და ბექას (ბურჯანაძეს). გიორგი ესპანეთის ჩემპიონატში ტურისა თუ თვის საუკეთესო კალათბურთელად არაერთხელ დაასახელეს. ბურჯანაძე ახალგაზრდულ ასაკში კარგად ჩაეწერა ესპანეთის ძლიერ ლიგაში და რაც მთავარია, თამაშს სწრაფად აუმჯობესებს.

თორნიკე შენგელია ჯერაც ესპანეთის ჩემპიონობისკენ მიდის. იგი ტოპ-გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, ევროლიგაზეც არაერთი ეფექტური შეხვედრა ჩაატარა. მასაც ვუსურვებ, წარმატებით ჩაამთავროს სეზონი.

- ევრობასკეტზე ჯგუფში მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები შეგვხვდა...
- თანაბარი ძალის, თუმცა ძლიერი მეტოქეებია. ლიტვას, გერმანიას, იტალიას, ისრაელს, უკრაინას, ყველა მეტოქეს ჰყავს NBA-ს გამოცდილების ლიდერები, ასევე ევროლიგის კლასის კალათბურთელები. ასე რომ, მაღალი დონის თამაშები გველის. ეს ჩვენთვის საინტერესოცაა და დიდი გამოწვევაც.

საქართველოს ნაკრებიც სერიოზული ძალაა, თუმცა შედეგის მისაღწევად მაქსიმალური კონცენტრაცია, მომზადება და ბრძოლისუნარიანობაა საჭირო.

- საქართველოში როდის დაბრუნდებით?
- ივლისის დასაწყისში, ნაკრების შეკრებამდე ჩამოვალ, რათა ვარჯიშებისთვის ყველაფერი წესრიგში მოვიყვანოთ, კარგად ორგანიზებულები ვიყოთ. თავიდან გავივლით სამედიცინო ტესტს, შემდეგ კი წვრთნას შევუდგებით.

ტესტები 15 ივლისს დასრულდება, ევრობასკეტის პირველი მატჩი 31 აგვისტოს გვაქვს. ასე რომ, მოსამზადებლად თვე-ნახევარია, რაც სრულიად საკმარისია გუნდის კონდიციებში მოსაყვანად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
aburjga
21:10 03-06-2017
გოლდენ სტეიტის მეორე თამაში როდისაა?
სიოგუნი
21:02 03-06-2017
ამის . და დებილიზმს დაინახავს ყველა ევროპაზე. ეს არის მაგარი ... მწვრთნელი და უიღბლო. დანარჩენს სამწუხაროდ მომავალი გვიჩვენებს