"ოლიმპმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
პირველად, სუპერლიგის ისტორიაში თბილისის გუნდმა ეროვნული ჩემპიონტის მატჩს საკუთარ არენაზე უმასპინძლა. ეს "ოლიმპმა" მოახერხა, რომელმაც სუპერლიგის მე-9 ტურის საშინაო მატჩი "სოხუმის" წინააღმდეგ სპორტკომპლექს "არენაში" ჩაატარა.

მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ოლიმპელები მასპინძლები იყვნენ და საკუთარ დარბაზში არ სურდათ სადებიუტო მატჩის წაგება. თანაც მეტოქე დაახლოებით ტოლი კალიბრის იყო. სოხუმელებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდათ მოგებული, "ოლიმპს" კი - 2.

პირველი მეოთხედი ფრედ - 22:22 დასრულდა, მეორე ათწუთეულში კი ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით სოხუმელებმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. დიდი შესვენებისთვის ვაჟა კვარაცხელიას
გუნდი 46:39 იგებდა.

მეორე ტაიმიდან "ოლიმპმა" თამაში გამოასწორა. სამიზნე გაისწორა თბილისელთა უკრაინელმა ლეგიონერმა დენის ნოსკოვმა, რომელმაც მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო, მას თანაგუნდელებმაც აუწყვეს სროლები და "ოლიმპმა" ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრა, ბოლო მეოთხედის წინ 64:60 დაწინაურდა.

ბოლო პერიოდში სოხუმელებმა კი მოინდომეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება (64:64) შესძლეს. ბოლო წუთებზე გაცილებით მობილიზებული ოლიმპელები აღმოჩდნენ. უკრაინელმა ლეგიონერმა კიდევ 2-ჯერ ჩააგდო სამქულიანი და საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ოლიმპელები 9 ქულით დაწინაურდნენ - 81:72. დარჩენილ დროში სოხუმელებმა მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და საბოლოოდ 82:87 დამარცხდნენ.

გამარჯვებულებს დენის ნოსკოვმა ულიდერა, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. 11 ქულა მიითვალა კოსტანტინე ტომარაძემ, ხოლო ნუგზარ აბულაძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. "სოხუმში" 24 ქულით ბომბარდირი პელეი პელე გახდა, ხოლო ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა.

14.02.15, 18:30
ოლიმპი 87 - 82 სოხუმი
ოლიმპი 22 17 25 23
სოხუმი 22 24 14 22

მატჩისშემდგომი კომენტარები

გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): საინტერესო და დაძაბული შეხვედრა შედგა. გამორჩეული თამაში იყო და მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. მეორე მეოთხედი ჩავაგდეთ, სოხუმის გუნდთან მოდუნება არ შეიძლება, თუმცა მეორე ტაიმში, დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე უფრო მობილიზებულნი გამოვედით, ჩაჭრების შედეგად ბევრი ბურთიც მოვიპოვეთ და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. შესანიშნავად იასპარეზა ჩვენმა უკრაინელმა ლეგიონერმა დენის ნოსკოვმა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. ხვალიდან უკვე "დინამოსთან" დაპირისპირებისთვის მოვემზადებით.

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): კარგი თამაში გამოვიდა, "ოლიმპს" შესანიშნავი ლეგიონერები ჰყავს, რომლებმაც ბრწყინვალედ იასპარეზეს. რაც შეეხება მსაჯობას, მსურს აღვნიშნო რომ კმაყოფილი არ ვარ.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული