დავით უსტიაშვილი: მიზანია, ნაკრებმა ოპტიმალურ კონდიციებს ივლისის დასაწყისისთვის მიაღწიოს

AutoSharing Option
სპორტის სამინისტროს დარბაზში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალგაზრდებისადმი ყურადღება იმით იყო განპირობებული, რომ მათ მალე იტალიაში სერიოზული გამოცდა ელით. აი, რას ვკითხულობთ ფედერაციის ოფიციალურ პრესრელიზში:

"საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მზადების ფარგლებში იტალიაში მიემგზავრება.

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი აპენინებზე 2 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

21-23 ივნისს ქართველები ქალაქ სანტ-ანჯელოში რუსეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად ოთხთა ტურნირში იასპარეზებენ.

მეორე საერთაშორისო ტურნირი 28-30 ივნისს დომეჯი დი კადორეში გაიმართება, სადაც საქართველოსა და იტალიის ნაკრებებთან ერთად, უკრაინისა და ბულგარეთის ახალგაზრდული
ნაკრებები ითამაშებენ.

20-წლამდელთა გუნდი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შორის ერთადერთია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს.

9-დან 21 ივლისის ჩათვლით, დავით უსტიაშვილის შეგირდები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის პირველობაზე ითამაშებენ. ჯგუფში ქართველების მეტოქეები საბერძნეთი, გერმანია, ლიტვა და სერბეთი იქნებიან".

ცნობილია მატჩების განრიგიც: სანტ-ანჯელოს ტურნირზე ქართველები პირველ შეხვედრას მასპინძელ იტალიელებთან 21 ივნისს გამართავენ, მეორე დღეს რუსებს დაუპირისპირდებიან, ბოლოს კი გერმანელებს.

სხვათა შორის, ალემანები ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მეტოქეები არიან. რაც შეეხება დომეჯი დი კადორეში გასამართ შეჯიბრებას, იქ უკრაინით ვიწყებთ (28 ივნისს), 29-ში იტალიას დავუპირისპირდებით, ხოლო შეჯიბრების ბოლო დღეს ბულგარელებთან ვიპაექრებთ.

იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული ნაკრები ესტონეთისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს, რის შემდეგაც, 7 ივლისს ტალინში გაფრინდება.

ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრეთ 20-წლამდელთა თავკაც დავით უსტიაშვილს.

- "დინამოს" ბაზაზე 11-დღიანი შეკრება გავიარეთ. ვვარჯიშობდით ფიზმომზადებაშიც და ბურთთანაც.

ჩვენი მიზანია, ნაკრებმა ოპტიმალურ კონდიციებს ივლისის დასაწყისისთვის მიაღწიოს, რაშიც ძალიან დაგვეხმარება იტალიაში გასამართი ორი შეჯიბრება.

- გუნდში ტრავმიანობა ხომ არ არის?
- მცირე ტრავმები ჰქონდათ ოთარ ფხაკაძესა და გიორგი ორმოცაძეს, თუმცა სადღეისოდ მწყობრში არიან. კოჭი გადაუბრუნდა ლერი კვანტალიანს. ექიმის თქმით, დაზიანება სერიოზული არ არის და მალე ისიც სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება.

- თუ სხვა დროს ახალგაზრდულ ნაკრებში 210 სმ-ს მიახლოებული კალათბურთელები თამაშობდნენ, წლეულს ფარქვეშ საქმე დალხენილად არ უნდა გვქონდეს...
- ამ მხრივ მართლაც არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა ვეცდებით, არსებული რესურსით მაქსიმუმი ვუჩვენოთ. ყველაზე მაღალი წევრი 205 სმ სიმაღლისაა...

- ბექა ბურჯანაძეს რა პოზიციაზე გაამწესებთ?
- ისევე, როგორც შარშან, მძიმე ფორვარდად დაგვჭირდება. ბექას შეუძლია თამაში როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრზე. დანარჩენს უშუალოდ შეხვედრები გვიჩვენებს.

მოთამაშე პოზიცია სიმაღლე გუნდი (2012-13)
ოთარ ფხაკაძე უკანახაზელი 183 ვერმონტი, NCAA, აშშ
რევაზ როგავა უკანახაზელი 185 შსს-აკადემია
ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 190 ოლიმპი
ირაკლი მიქელაძე უკანახაზელი 180 ოლიმპი
ნიკა რამიშვილი უკანახაზელი 180 ბათუმი
ლევან გრძელიძე უკანახაზელი 190 ქუთაისი
გიორგი ორმოცაძე ფორვარდი 193 დინამო
კახა ჯინჭარაძე ფორვარდი 193 სოხუმი
გიორგი ცირეკიძე ფორვარდი, ცენტრი 202 ოლიმპი
ლერი კვანტალიანი ფორვარდი 203 შსს-აკადემია
შოთა გელაზონია ცენტრი 205 დინამო
თემურ ფხაკაძე ცენტრი 201 ოლიმპი
ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 202 კახასოლი, ესპანეთი

სამწვრთნელო შტაბი
დავით უსტიაშვილი მთავარი მწვრთნელი
არჩილ ჟღენტი მწვრთნელის ასისტენტი
გელა წულაძე გუნდის უფროსი
შალვა ონიანი მენეჯერი
ზურაბ იოსელიანი ექიმი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული