"ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი", "სიტი", ვინ იქნება შემდეგი?

AutoSharing Option
ევროპულ ფეხბურთში დღითიდღე იზრდება ჩინური ინვესტიცია. დღევანდელი ჩვენი წერილი იმ გუნდებზეა, რომლებიც ჩინური მილიონებით იწონებენ თავს. მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით...

ატლეტიკო
2015 წლის იანვარში "ატლეტიკოს" აქციების 20 პროცენტი ჩინურმა კომპანიამ, "ვანდა გრუპმა" იყიდა. მთელ ჩინეთში ეს კომპანია 98 ბიზნესცენტრს ფლობს. მის მფლობელობაშია ასევე 60 სასტუმრო, 78 სავაჭრო ცენტრი. კომპანიის ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ვან ცზიანლინმა "ატლეტიკოს" აქციებში 45 მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლები გადაიხადა.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით ჩინეთში უნდა გაიხსნას "ატლეტიკოს" სამი სკოლა, გუნდმა კი ყოველწლიურად უნდა დაგეგმოს აზიური ტურნე. მხარეებმა ერთობლივად უნდა
დააბანდონ 34 მილიონი დოლარი მადრიდის საფეხბურთო ცენტრში, სადაც ჩინელი ჭაბუკები ისწავლიან.

ესპანიოლი
პირველად ესპანური ფეხბურთის 115 წლიან ისტორიაში "ესპანიოლი" უცხოელი ინვესტორის ხელში გადავიდა. ჩინელმა მილიონერმა, ჩენ იაშენმა 2016 წლის იანვარში კლუბის აქციების 54 პროცენტი იყიდა. ეს ჩინელი ბიზნესმენი სათამაშოებისა და პლასტმასის ნაკეთობების დამამზადებელ მსხვილ კომპანიას, "რასტარ გრუპს" მეთაურობს.

ჩინელი კლუბში 14-დან 18 მილიონ ევრომდე აბანდებს.
ჩენ იაშენის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კლუბის ვალების გასტუმრებაა. თანხა ძალიან სერიოზულია - 191 მილიონი ევრო.

გრანადა
2009 წელს "გრანადა" პოცოების ცნობილმა ოჯახმა იყიდა. ამ ზაფხულს ესპანური კლუბის საკონტროლო პაკეტი ჩინელმა მილიარდერმა, ჩიან ლიჟანგმა იყიდა, ვინც "ლინკ ინტერნეიშენალ სპორტ ლიმიტიდის" ხელმძღვანელია. ის კლუბში 37 მილიონ ევროს დააბანდებს.

ინტერი
მსხვილი ჩინური სავაჭრო ქსელი, "სანინგ კომერს გრუპი" იტალიური გრანდის აქციების 68,55 პროცენტს ფლობს. ეს "სიამოვნება" მას 270 მილიონი ევრო დაუჯდა. კლუბის დირექტორთა საბჭოში კი უკვე შევიდა ხუთი ჩინელი ფუნქციონერი. ამ გარიგების შედეგად "ნერაძური" საბოლოოდ დატოვა გუნდის ოდინდელმა მფლობელმა, მასიმო მორატიმ. ბიზნესმენ ერიკ ტოჰირის სააქციო წილი კი მხოლოდ 31 პროცენტს უტოლდება.

მილანი
"ინტერის" შემდეგ ჩინელი ინვესტორი გამოუჩნდა მის ყველაზე დიდ მტერს, "მილანს". საბოლოოდ, სილვიო ბერლუსკონი მაინც შეელია "მილანს" ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. ჩინურმა "იუარეპ სპორტს ინვესტმენტ მენეჯმენტმა" 740 მილიონი გადაიხადა და ვალების დასაფარად 220 მილიონი გამოყო. ამასთან, ისინი დაპირდნენ ბერლუსკონის, რომ აუცილებლად დააბრუნებენ "მილანს" ევროპის საუკეთესო გუნდებს. მთლიანობასი, ჩინელებმა იტალიურ გრანდში 198 მილიონი ევრო უნდა დააბანდონ. მილანელთა ახალი მთავარი მეპატრონე ჩინელი ბიზნესმენი ჰან ლია.

ნიცა
ფრანგულ კლუბში ჩინურ - ამერიკული კომპანია, "ნიუ სიტი" კაპიტალი" მივიდა. ზუსტად უცნობია, რა თანხას დააბანდებენ ახალი მეპატრონეები გუნდში, მაგრამ ხელმძღვანელები, ჩენ ლი და ალექს ჟენგი ირწმუნებიან, რომ თანხა პატარა არ იქნება. "ნიცა" ჯერ ოფიციალურად არ გადასულა ახალი მეპატრონეების ხელში. გარიგება 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. "ნიცას" პრეზიდენტს, ჟან პიერ რივიერს აქციების მხოლოდ 20 პროცენტი დარჩა.

სოშო
კომპანია "პეჟო" ფრანგულ კლუბს მხოლოდ 7 მილიონ ევროდ შეელია. გუნდი ჩინურმა კომპანია "ლადუსმა" შეიძინა, რომელიც ერთ-ერთი პირველია ჩინურ ელექტრობაზარზე. ამჟამად "სოსო" საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს.

ლიონი
ჩინურმა "აი დი ჯი" კაპიტალმა ამ ზაფხულს კლუბის აქციების 20 პროცენტი შეიძინა. კლუბის მეპატრონეს კვლავ მიშელ ოლა დარჩა. ეს კია, რომ ჩინელებმა კლუბში 100 მილიონი ევრო დააბანდეს. "ლიონს" ჩინეთის, ჰონ კონგისა" და მაკაოს ბაზრის დაპყრობა სურს.

ასტონ ვილა
ამ ზაფხულს "ასტონ ვილა" ჩინურმა კომპანიამ, "რეკონ გრუპმა" იყიდა. მისი მფლობელია ცზიან სიატუნი. ჩინელები ჩემპიონშიპში დაქვეითებულ კლუბში 89,95 მილიონი ევროს დაბანდებას აპირებს. ჩინურ ფირმას არაერთ სეგმენტში აქვს წარმატებული ბიზნესი. ახალი ინვესტორის მიზანი "ასტონ ვილას" პრემიერლიგაში დაბრუნებაა.

ვულვზი
ტრადიციულ ინგლისურ კლუბში ჩინური კომპანია "ფოსუნი" მივიდა. ჩინელები სოლიდური ინვესტიციით მივიდნენ "ნისლიან ალბიონზე". მათ გუნდის კეთილდღეობისათვის 53,4 მილიონი ევრო გაიღეს. ჩინურმა კომპანიამ მჭიდრო კავშირი დაიჭირა ცნობილ პორტუგალიელ აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან.

მანჩესტერ სიტი
2015 წლის დეკემბერში ჩინური კომპანია "ჩინა მედია კაპიტალ ჰოლდინგსი" "მანჩესტერ სიტის" აქციების 13 პროცენტი შეიძინა და ამ საქმეს 314,3 მილიონი ევრო დაახარჯა. ეს თანხა მეტია იმაზე, ვიდრე 8 წლის წინ "აბუ დაბი გრუპმა" გაიღო მთლიანად კლუბის შესაძენად. გარიგებას ჩინელებსა და ინგლისელებს შორის წერტილი მას შემდეგ დაესვა, რაც ინგლისს ჩინეთის პრეზიდენტი, სი ცზიანპინი ეწვია.

ვესტ ბრომვიჩი
კლუბის მთავარი აქციონერია ჩინური კომპანია "იუნი გუკაი სპორტსი". ამ კომპანიის ხელმძღვანელია გუოჩან ლაი. ეს კომპანია "ვესტ ბრომის" აქციების 88 პროცენტს ფლობს. ახალმა მეპატრონემ გუნდში დაახლოებით 178 მილიონ ფუნტს დააბანდებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული