სავარაუდო ტრანსფერი: ალექსი 50 მილიონი ღირს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ბოსობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს პირით გაახმოვანა ის, რომ ალექს ტეიშეირა 40-50 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაიყიდება. 25 წლის ბრაზილიელმა, რომელიც უკრაინულმა გუნდმა 2010 წელს "ვასკო და გამადან" მიიყვანა, ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ საქმიანი წინადადებები "ჩელსისგან", "იუვენტუსისა" და "პარი სენ-ჟერმენისგან" მიიღო.

"ტეიშეირას ფასი ამჟამად 40 მილიონზე მეტია. ვფიქრობ, სეზონის ბოლოსკენ ის უკვე 50 მილიონი ეღირება, თუ ასევე გააგრძელებს მუშაობასა და თამაშს. იგი სხვებისთვის უფრო მიმზიდველ და პოპულარულ ჩემპიონატში რომ გამოდიოდეს, მის შესაძლო ტრანსფერზე ისეთივე აჟიოტაჟი იქნებოდა,
როგორიც ანხელ დი მარიას შემთხვევაში იყო" - თქვა რუმინელმა მწვრთნელმა.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ დონეცკელთა არაერთი ბრაზილიელიდან კიდევ ერთი, კერძოდ, ფრედი შარშია. ჩილეში გამართული კოპა ამერიკის დროს იგი დოპინგ-ტესტზე დაიბარეს და გაირკვა, რომ 22 წლის ფეხბურთელს აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს.

ამის გამო სამხრეთ ამერიკის კონფედერაციამ ფრედს ერთწლიანი საფეხბურთო დისკვალიფიკაცია მისცა. ფრედი თავის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რადგან ამ გაურკვევლობას ნათელი მოეფინოს. თუმცა აპელაცის მერე მას შესაძლოა, სასჯელი დაუმძიმონ, ისევე, როგორც საერთოდ მოუხსნან ან 6 თვემდე შეუმცირონ.

სასჯელის ათვლის წერტილი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე 26 ივნისით თარიღდება. თუ ფიფა ამ სასჯელს განაზოგადებს და ის სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთაც გავრცელდება, ფრედს საფეხბურთო აქტივობის უფლება "შახტარის" მაისურითაც არ ექნება.

უკრაინის ჩემპიონატის ზამთრის შესვენების ხანგრძლივობას თუ გავითვალისწინებთ, ამ შემთხვევაში იგი თავის კლუბს 4 თვე ვერ დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული