კოპა ამერიკა. B ჯგუფი: ბრაზილია, რომელიც ბრაზილიას არ ჰგავს

AutoSharing Option
* 32 წლის პაულო გერერო პერუს ნაკრების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 27 გოლით.
* ბრაზილია და ეკვადორი კოპა ამერიკაზე მე-14-ედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჯერჯერობით, ბრაზილიელებს ეკვადორელებთან თამაშში არ წაუგიათ.

და აი, პირველი სენსაცია სენტენარიოზე - "როუზ ბოულზე" ბრაზილიის ნაკრებმა არათუ ვერ მიაღწია საწადელს, არამედ, ეკვადორელთა მტკიცებით, წაგებას მსაჯის შეცდომების წყალობით დაუძვრა.

ნეიმარისა (ის თამაშს სტადიონზე ბრიტანელ მრბოლელ ლუის ჰემილტონთან და მომღერალ ჯასტინ ბიბერთან ერთად უყურებდა) და ლუის გუსტავოს გარეშე მოთამაშე ბრაზილიამ ვერაფერი გააწყო ეკვადორის ნაკრებთან - 0:0. მსაჯმა გააუქმა
მილერ ბოლანიოსის (უფრო კი ბრაზილიელთა გოლკიპერის ავტოგოლი) გოლი, რომელიც ძალიან ჰგავდა ნამდვილს. მართალია, პასადენაში გოლები ვერ ვიხილეთ, მაგრამ ამ ტურნირზე პირველი კარგი თამაში კი ვნახეთ, ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში.

აი, მეორე ტაიმში აქაც გული დაგვწყვიტეს გუნდებმა, თუ ბოლანიოსის გოლ-მოჩვენებას არ ჩავთვლით, ბევრი არც არაფერი მომხდარა - დუნგას ნაკრებმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა. კარგად გამოჩნდა, რომ ეს გუნდი შორს არის საუკეთესო ფორმისგან და ვერც ფავორიტია საიუბილეო კოპა ამერიკაზე.

დუნგა (ბრაზილია): "ჩვენ ძალიან გვინდოდა გამარჯვება და საამისოდ ყველაფერი გავაკეთეთ. გუნდის თამაში მომეწონა, ბრაზილია თავის ძლიერ მხარეებს კარგად იყენებდა. სურვილის მიუხედავად, გამარჯვების გოლი ვერ გავიტანეთ. ეკვადორი ძალიან მჭიდროდ გვეთამაშა, თავს პრესინგი მოგვახვია, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ საგოლე მომენტები მაინც შევქმენით. უნდა მოვუმატოთ და მეტოქის კარისკენ უფრო ხშირად ვურტყათ. რაც შეეხება გაუქმებულ გოლს, შორიდან ძნელი გასარჩევია, ბიჭებმა კი მითხრეს, რომ მსაჯმა ის სამართლიანად გააუქმა".

გუსტავო კინტეროსი (ეკვადორი): "ეპიზოდის გამეორება 25-ჯერ ვნახე. მაგიჟებს ლაინსმენის რეაქცია, ისე აწია ალამი და ისეთი დარწმუნებული იყო, არადა, ეპიზოდიდან 50 მეტრში იმყოფებოდა. ბურთმა პირითი ხაზი მთლიანად უნდა გადაკვეთოს, იქ კი ხაზი მხოლოდ 60%-ით თუ გადაკვეთა და თამაშის გაჩერება არ შეიძლებოდა. საქმე ალბათ ისაა, რომ ბრაზილიას ვეთამაშებოდით და არა სხვა გუნდს. ეს კი ძალიან მაცოფებს, მსაჯების შეცდომამ ჯიბიდან გამარჯვება ამოგვაცალა".

***
ჯგუფის მეორე მატჩში პერუს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი, ჰაიტი - 1:0. ჰაიტელებმა ერთი საათი გაძლეს, მაგრამ 61-ე წუთზე ხოსე პაულო გერერომ პერუს სამი ქულა მოუტანა და ჯგუფში გაალიდერა.

ეს გერეროს 27-ე გოლი იყო ნაკრებში და დღეიდან, ვეტერანი ქვეყნის ისტორიაში მთავარი ბომბარდირია, მან ტეოფილო კუბილიასს (26 გოლი) გაასწრო. კუბილიასმა პერუსთან ერთად 1975 წლის კოპა ამერიკა მოიგო და ის პერუს მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

***
მაისის ბოლოს გამართულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ - 1:0) მიღებული ტრავმის გამო, არგენტინელთა პირველ თამაშს დიდი ალბათობით, გამოტოვებს ლიონელ მესი.

ბოლო დღეებში "ბარსელონას" ფორვარდი გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობდა და მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადებოდა ჩილეს ნაკრებთან თამაშისთვის. შეგახსენებთ, რომ ჩილესა და არგენტინის ნაკრებთა მატჩი 7 ივნისს გაიმართება. ეს ჯგუფში პირველი ტურის შეხვედრაა და აგრეთვე, შარშანდელი კოპას ფინალის გამეორება.

ასევე, ტრავმის გამო გამოტოვა წუხელ გვიან ღამით, ურუგვაელთა ფორვარდმა ლუის სუარესმა მექსიკასთან დაპირისპირება. ლუისმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩში მიიღო.

4 ივნისი
ბრაზილია-ეკვადორი 0:0
ბრაზილია (4-1-4-1): ალისონი - დ. ალვეში, მარკინიოსი, ჟილი, ფილიპე ლუიში - კაზემირო - ვილიანი (76. ლუკასი), ელიასი (86. ლიმა), აუგუსტო, კოუტინიო - ჟონასი (62. გაბრიელი)
ეკვადორი (4-2-3-1): დრეერი - პარედესი, მინა, აჩილიერი, ვ. აიოვი - ნობოა, გრუესო - ა. ვალენსია, ბოლანიოსი (91. გაიბორი), მონტერო (81. ფ. მარტინესი) - ე. ვალენსია (81. ხ. აიოვი)
გაფრთხილება: კაზემირო, ელიასი, ჟილი - პარედესი, ე. ვალენსია, ხ. აიოვი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-6 (2-1); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 53 158

ჰაიტი-პერუ 0:1
გოლი: 0:1 გერერო (61)
ჰაიტი (4-3-3): პლასიდე - გორო, ჟენევუა, ჟერომი, ჯაგი - მარსელინი, ლაფრანსი, ილარი (40. ალეკსანდრე) - ლუი, ნაზონი (71. ბელფორი), გუერიე
პერუ (4-2-3-1): გალესე - რევორედო, რამოსი, როდრიგესი, ტრაუკო - ტაპია, ვილჩესი - ობერგი (83. პოლო), კუევა (75. იოტუნი), ფლორესი (91. და სილვა) - გერერო
გაფრთხილება: ალეკსანდრე, მარსელინი - როდრიგესი, გერერო, იოტუნი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 5-10 (1-5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 190

თ მ ფ წ ბ ქ
1. პერუ 1 1 0 0 1-0 3
2. ეკვადორი 1 0 1 0 0-0 1
3. ბრაზილია 1 0 1 0 0-0 1
4. ჰაიტი 1 0 0 1 0-1 0

II ტური
8 ივნისი
ბრაზილია-ჰაიტი 03:30
ეკვადორი-პერუ 06:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული