კოპა ამერიკა. A ჯგუფი: ხამესი მოგებით და ტრავმით იწყებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
* ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ს ნაკრებმა სამხრეთ ამერიკულ გუნდთან 20-ჯერ გაუშვა მატჩში პირველი ბურთი. ამ თამაშებიდან ამერიკის ნაკრებმა მხოლოდ ერთი მოიგო, ხოლო 16 წააგო.
* კოსტა რიკელი იელცინ ტეხედა თამაშის მე-20 წამზე გააფრთხილეს.
* 29 წლის კრისტიან საპატამ პირველი გოლი გაიტანა კოპა ამერიკაზე, ეს ასევე მისი პირველი გოლი იყო ეროვნულ ნაკრებში.

კოპა ამერიკა სენტენარიო კალიფორნიაში ამერიკის ნაკრების მარცხით დაიწყო. A ჯგუფში ხოსე პეკერმანის კოლუმბია აშკარა ფავორიტია და ეს პირველივე ტურში გამოჩნდა.

იურგენ კლინსმანი ჯერ კიდევ ძიებაშია, როგორი სტილი მოარგოს
ამერიკის ნაკრებს და სანტა კლარაში, Levi's Stadium-ზე გახსნის მატჩის წაგების შემდეგ, გერმანელი პირველი ქულების ძიებაშიცაა. საიუბილეო კოპას მასპინძელმა გუნდმა ტურნირი მსოფლიო რეიტინგში მე-3 გუნდთან, წაგებით დაიწყო.

კოლუმბიელებს ფანტასტიკური სტარტი გამოუვიდათ, მე-8 წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს კრისტიან საპატა დაეპატრონა და მისი დარტყმულიც აუღებელი იყო, ტაიმის ბოლოსკენ ამერიკელმა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა და კოლუმბიელთა კაპიტანმა ხამეს როდრიგესმა პენალტი გაიტანა - 0:2. კოლუმბიელთა ორივე გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გავიდა, ასევე სტანდარტულს მოჰყვა მათი ყველაზე სახიფათო მომენტიც.

ამერიკელთა საუკეთესო მომენტები კლინტ დემპსიმ შექმნა, ჯერ მისი თავური კარის ხაზიდან სებასტიან პერესმა გამოიტანა, შემდეგ კი უკვე იმან იყოჩაღა კარის ხაზზე, ვისაც ეს წესით, ეკუთვნის - მეკარე დავიდ ოსპინამ.

კოლუმბიელებს სამი ქულა ძვირი დაუჯდათ, გუნდის ლიდერმა ხამეს როდრიგესმა მხარი დაიშავა და "რეალის" ვარსკვლავი შესაცვლელი გახდა.

ხოსე პეკერმანი (კოლუმბია): "გააგრძელებს თუ არა ხამესი ტურნირზე თამაშს? მინდა ვიყო ოპტიმისტი. ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია ნაკრებში. თავად თამაში ძალიან სურს, მაგრამ არ ვიჩქარებთ და ხამესის ჯანმრთელობას არ რისკის ქვეშ არ დავაყენებთ".

როგორც კოლუმბიის ნაკრების ექიმები ამბობენ, ხამესმა მსუბუქი ტრავმა მიიღო, მაგრამ მისი თამაში II ტურში, პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ თითქმის გამორიცხულია.

***
ჯგუფის მეორე მატჩი ორლანდოში გაიმართა და ამ შეხვედრაში კოსტა რიკისა და პარაგვაის ნაკრებებმა ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს - 0:0. ეს ის შედეგია, რომელიც მასპინძელთა ნაკრებს აწყობდა. თამაში კი ერთობ ცუდი სანახავი გამოდგა - წარმოიდგინეთ, მატჩში მეტი ბარათი აჩვენეს, ვიდრე საგოლე შანსი იყო.

ორლანდოს მცხუნვარე მზის ქვეშ ყველაზე სახიფათო მომენტები ხორხე ბენიტესისა და პაულო და სილვას აცილებული დარტყმები იყო.

ასევე გამოვყოფთ, მეორე ტაიმში ბრუნო ვალდესის დარტყმულს, რომელიც კოსტა რიკელთა გოლკიპერმა პემბერტონმა (რომელიც ბოლო წამს დაშავებული კეილორ ნავასის ნაცვლად თამაშობს. "რეალის" მეკარე საერთოდ ვეღარ წავიდა კოპა ამერიკაზე) მოიგერია. ამის მიუხედავად, კინაღამ კოსტა რიკამ იმარჯვა, 88-ე წუთზე კრისტიან ბოლანიოსი უმეთვალყურეოდ დატოვეს, მაგრამ მისი დარტყმული მოიგერიეს. ბოლო წუთზე კოსტარიკელი ვასტონი ნელსონ ვალდესს ეუხეშა, წითელი ბარათი მიიღო და ამერიკასთან მატჩს გამოტოვებს.

ესეც კიდევ ერთი კარგი ამბავია იურგენ კლინსმანის გუნდისთვის. როგორც ჩანს, ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის ბრძოლა ისეთივე ცხელი იქნება, როგორც ორლანდოური საღამო "კემპინგ სტედიუმზე".

3 ივნისი
აშშ-კოლუმბია 0:2
გოლები: 0:1 საპატა (8), 0:2 ხ. როდრიგესი (42-პენ)
აშშ (4-3-3): გუზანი - იედლინი, კამერონი, ბრუკსი, ჯონსონი - ბედოია (86. ზუსი), ბრედლი, ჯონსი (66. ნაგბე) - ზარდესი, დემპსი, ვუდი (66. პულიშიჩი)
კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, საპატა, მურილიო, ფ. დიასი - ს. პერესი (86. კ. სანჩესი), დ. ტორესი - კუადრადო, ხ. როდრიგესი (73. სელისი), კარდონა - ბაკა (88. მორენო)
გაფრთხილება: ბედოია -
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-13 (2-7); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 67 439

კოსტა რიკა-პარაგვაი 0:0
კოსტა რიკა (5-4-1): პემბერტონი - გამბოა, ვასტონი, აკოსტა, დუარტე, მატარიტა - კემპბელი (67. ვენეგასი), ბორხესი, ტეხედა (59. ასოფეიფა), რუისი (78. ბოლანიოსი) - ურენა
პარაგვაი (4-4-2): ვილიარი - ბ. ვალდესი, გ. გომესი, და სილვა, სამუდიო - დ. გონსალესი (89. იტურბე), ორტისი, პირისი, რომერო (70. ე. ბენიტესი) - ლესკანო, ხ. ბენიტესი (73. ნ. ვალდესი)
გაფრთხილება: ტეხედა, მატარიტა - ბენიტესი, ვალდესი, გონსალესი
გაძევება: ვასტონი (94)
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 17-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 6-8 (4-1); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 14 334

თ მ ფ წ ბ ქ
1. კოლუმბია 1 1 0 0 2-0 3
2. პარაგვაი 1 0 1 0 0-0 1
3. კოსტა რიკა 1 0 1 0 0-0 1
4. აშშ 1 0 0 1 0-2 0

II ტური
7 ივნისი
აშშ-კოსტა რიკა 04:00
კოლუმბია-პარაგვაი 06:50

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული