კოპა ამერიკა 2016 იწყება

AutoSharing Option
* 3 ივნისს კალიფორნიის ქალაქ სანტა კლარაში კოპა ამერიკის მორიგი გათამაშება აშშ-კოლუმბიის მატჩით იწყება.
* 16-გუნდიანი ტურნირი აშშ-ის 10 ქალაქში გაიმართება.
* ფინალი 26 ივნისს ნიუ ჯერსიში, "მეტლაიფ სტადიონზე" შედგება.

2016 წლის ივნისი სუპერსაფეხბურთო თვეა - ევროპისა და ამერიკის 40 საუკეთესო ნაკრები ორ ტურნირზე შეაქცევს საფეხბურთო საზოგადოებას - ევრო 2016-ზე და კოპა ამერიკა სენტენარიოზე. ერთ კვირაში ევროპის ჩემპიონატი იწყება, მანამდე კი ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატებია...

მსოფლიოს უძველესი საერთაშორისო ტურნირი ასი წლისაა. ამიტომაც იმართება რიგგარეშე, საიუბილეო კოპა ამერიკა განსხვავებული ფორმატით
- სამხრეთ ამერიკის (კონმებოლი) 10 ნაკრებს ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის (კონკაკაფი) 6 შეუერთდა და ტიტულსაც გაითამაშებს.

წლევანდელი კოპა ისტორიაში 45-ეა და ის პირველად იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

I ტურში შარშანდელი კოპა ამერიკის ფინალი მეორდება - არგენტინის ნაკრები ჩილეს წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ შარშან ჩილელებმა იმარჯვეს და ლეო მესი და კომპანია ხელცარიელი დატოვეს.

სანტიაგოს ფინალის შემდეგ ჩილეს ნაკრებში დიდი ცვლილებაა, გუნდი ხუან ანტონიო პიციმ ჩაიბარა. ჩილეს პირველი მეტოქე "ალბისელესტე" ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. არგენტინის ნაკრებმა კოპა 14-ჯერ მოიგო და თუ წლეულსაც იმარჯვებს, გაუტოლდება ტიტულებით კოპა ამერიკის რეკორდსმენ ურუგვაის ნაკრებს. არგენტინის ნაკრებს ჰყავს მესი და ჰყავს გონსალო იგუაინი, რომელმაც იტალიაში ამ სეზონში სენსაციურად ბევრი, 36 გოლი გაიტანა.

D ჯგუფში, არგენტინისა და ჩილეს ნაკრებთა გარდა არიან: 1963 წლის კოპას გამარჯვებული ბოლივია და ტურნირის დებიუტანტი პანამა. ბოლივიას მთავარი დამრტყმელი ძალა როდრიგო რამალიოა, რომელმაც "სტრონგესტის" რიგებში ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა, ხოლო პანამის ნაკრების (ლოს კანალეროსი) ტურნირზე მას მერე მოხვდა, რაც პლეი ოფში კუბა დაამარცხა. პანამელთა მთავარი ფორვარდი გაბრიელ ტორესია, რომელმაც ვენესუელის ლიგაში 22 გოლი გაიტანა.

A ჯგუფში ფავორიტები პარაგვაის და კოლუმბიის ნაკრებები არიან. მას მერე, რაც პარაგვაი მუნდიალს დააკლდა, გუნდი რამონ დიასმა ჩაიბარა, რომელიც ნაკრებისთვის ძველი დროის დაბრუნებას ლამობს. დიასმა შარშანდელ კოპაზე იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ამას პარაგვაის ნაკრებისგან ელოდნენ - პარაგვაი ნახევარფინალში გავიდა. რამონ დიასი უკვე ორი წელიწადია, წვრთნის ნაკრებს. ამიტომაც "ელ პელადოს" თავისი ბიჭების ეიმედება.

"ლოს კაფეტეროსი" კი არგენტინელ მწვრთნელ ხოსე ნესტორ პეკერმანთან ერთად, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. 2012 წლიდან მოყოლებული, პეკერმანი კოლუმბიას შემტევ ფეხბურთს ათამაშებს. ამ ჯგუფის კვარტეტის მორიგი ორი წევრი მასპინძელი აშშ და კოსტა რიკაა. ამერიკელთა საუკეთესო შედეგი 1995 წლის კოპაზე ნახევარფინალში გასვლაა, ახლა კი ტურნირის მასპინძლებს მეტის მიღწევა სურთ. "ლოს ტიკოსი" კი ყველას კარგად გვახსოვს ბრაზილიის მუნდიალიდან. კოსტა რიკის ნაკრები საინტერესო გუნდია, მაგრამ მას "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი არ ეყოლება, რომელმაც ტრავმა მიიღო.

B ჯგუფის ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია, რომელსაც ნეიმარის გარეშე მოუწევს თამაში. ამერიკა ბრაზილიელთათვის ფეხბედნიერია. სწორედ ამ ქვეყანაში მოიგო 1994 წლის მუნდიალი "სელესაომ". დუნგამ ბოლო წამს საყრდენი ლუის გუსტავო დაკარგა, რომელსაც კოპაზე "გრემიოს" 21 წლის ნახევარმცველი უოლესი შეცვლის.

ჯგუფში არიან ეკვადორი, პერუ და ჰაიტი.

C ჯგუფში ძველი მტრები, ურუგვაი და მექსიკა არიან. ურუგვაიმ ბოლოს კოპა 2011 წელს მოიგო, მაშინაც ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის ხელმძღვანელობით. ტაბარესი "ლოს ჩარუასს" უკვე 10 წელია, წვრთნის. რაც შეეხება, "ელ ტრის" - ეს იქნება ხუან კარლოს ოსორიოს ერაში პირველი ტესტი მექსიკის ნაკრებისთვის. ვნახოთ, რას იზამს კოლუმბიელი მწვრთნელი. ამავე ჯგუფში არიან იამაიკა და ვენესუელა.

I ტურის განრიგი
A ჯგუფი
4 ივნისი
აშშ-კოლუმბია 05:30
5 ივნისი
კოსტა რიკა-პარაგვაი 01:00

B ჯგუფი
5 ივნისი
ჰაიტი-პერუ 03:30
ბრაზილია-ეკვადორი 06:00

C ჯგუფი
6 ივნისი
იამაიკა-ვენესუელა 01:00
მექსიკა-ურუგვაი 04:00

D ჯგუფი
7 ივნისი
პანამა-ბოლივია 03:00
არგენტინა-ჩილე 06:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
პარაგვაი ფავორიტია ავტორო და თასს ალბად ჰაიტი აიღებს ხო? :D:D::D კაი პრაკტიკა არ იცით თამაშში და თეორიას მაინც გადახედეთ :D:) კოსტა რიკას ბგულშემატკივრობ, მესიმპატიურება:)
batumidan
11:26 04-06-2016
0
ყურება სად შეიძლება?
sabonis
16:00 03-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული