კოპა ამერიკის წინ. ბრაზილიის ნაკრები: კრიზისი თუ...

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრები - მილიონობით გულშემატკივარს ფეხბურთი სწორედ ამ ორი სიტყვის გამო უყვარს. ბრაზილიას ახლა საუკეთესო დროება არ უდგას.

სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ახლა რომ მორჩეს, ბრაზილია რუსულ მუნდიალზე ვერ ითამაშებს. რა თქმა უნდა, ციკლის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ბრაზილიელები აუცილებლად ეცდებიან სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრებში ყველაფერი წესრიგში ვერ არის.

მწვრთნელი
როგორც წესი, გუნდის წარუმატებლობა, პირველ რიგში, მწვრთნელს მოეკითხება ხოლმე. ბრაზილიის ნაკრებს ამჟამად იქაური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, დუნგა წვრთნის. ბრაზილიაში მას არ ემადლიერებიან.

თუნდაც, მსოფლიო
ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორი მატჩი ავიღოთ. პირველ შეხვედრაში ბრაზილიელებმა შინ მიიღეს ურუგვაი. შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა. არადა, მთელი ქვეყანა უპრინციპულეს მოწინააღმდეგესთან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას ელოდა.

ამას მოჰყვა საგარეო შეხვედრა პარაგვაისთან. მეტოქე აღმავლობას ნამდვილად ვერ განიცდის. აქედან გამომდინარე, თითოეულ ბრაზილიელში გამარჯვების რწმენა ცოცხლობდა. არაფერიც - ისევ 2:2.

ეს შეხვედრები იქნება თუ სხვა მატჩები, ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დუნგას ძირითადად ორ რამეს საყვედურობენ. პირველი - ბრაზილია ისეთ შემტევ ფეხბურთს ვერ თამაშობს, როგორსაც უნდა თამაშობდეს.

მეორე - მწვრთნელი ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა შემადგენლობის ძირითად ბირთვზე. ბრაზილიას ოდინდელივით უამრავი ვარსკვლავი აღარ ჰყავს, მაგრამ ჰყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი. დუნგას უჭირს არჩევანის გაკეთება, არადა, ეს მწვრთნელმა უნდა შეძლოს, შემადგენლობა დაასტაბილუროს.

ერთი კაცის გუნდი?
სახელებით ეს ასე არამც და არამც არ უნდა იყოს. ბრაზილიას ჰყავს ტიაგო სილვა, მარსელო, დანი ალვეში, დუგლას კოშტა, ვილიანი, მაგრამ ბევრი მას მაინც ერთი კაცის გუნდად მიიჩნევს. რაღა შეხსენება გჭირდებათ, ეს კაცი "ბარსელონას" სუპერვარსკვლავი ნეიმარია.

თუ ის თამაშობს, ბრაზილიელთა გარჯას კიდევ შეეხედება, თუ არა და საქმე ძალიან ცუდადაა. გასაგებია, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებისათვის შეუცვლელია, მაგრამ გუნდმა მის გარეშეც უნდა ისწავლოს თამაში.

სხვათა შორის, წინა მუნდიალზე ბრაზილიას რომ საშვილიშვილო სირცხვილი შეემთხვა გერმანიასთან, ბევრმა ეს სწორედ ნეიმარის არყოფნას დააბრალა. ამ სიტყვებში იყო სიმართლის მარცვალი.

თავად ნეიმარი ამას უარყოფს. ის მიიჩნევს, რომ მის გარდა, ბრაზილიას არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავს. "რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ბრაზილიის ნაკრები არის ერთი კაცის გუნდი.

ჯერ ერთი, როცა საქმე ბრაზილიის ნაკრებს ეხება, ეს არ შეიძლება ასე იყოს. მეორეც, პირადად მე გეუბნებით, რომ ეს ასე არ არის. მინდორზე ფეხბურთელი ყველაზე უკეთ ამჩნევს ყველაფერს", - აცხადებს "ბარსელონას" შემტევი.

შესაძლოა, უმცროსი ნეიმარი მართალიცაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ როცა ის მინდორზე არ არის, ბრაზილია იოლად გასაშიფრი გუნდი ხდება.

ვინ სად?
უყურებ თანამედროვე ბრაზილიის ნაკრებს და არ გტოვებს შეგრძნება, რომ რამდენიმე ფეხბურთელს სამწვრთნელო შტაბი ვერ იყენებს ისე, როგორც საჭიროა. ამის მაგალითები არსებობს.

რატომ ვერ აჩვენებს საკადრის თამაშს ბრაზილიის ნაკრებში მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერი, დუგლას კოშტა? მიუნხენურ კლუბში ის ფლანგზე თამაშობს, ბრაზილიის ნაკრებში კი რამდენჯერმე ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციების შესრულება მოუხდა.

თავი დავანებოთ ნეიმარს. ის ნაკრებში "თავისუფალი მხატვარია". ბრაზილიას, ბედის ირონიით, დღეს არ ჰყავს ვარსკვლავი ცენტრფორვარდი. დუნგამ რამდენჯერმე სხვა მოთამაშეებსაც შეუცვალა ამპლუა. ეს მათზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს.

გამოსავალი
ბრაზილიამ მარწუხები და ჩარჩოები უნდა მოიხსნას. უნდა ითამაშოს მეტად თავისუფლად. შემადგენლობა ძველებურად ვარსკვლავური აღარ არის, მაგრამ მას შეუძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ის აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიის ნაკრების გარეშე - ეს რაღაც ახალი და წარმოუდგენელია. ასეთი მუნდიალი არავის უნდა.

ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც უნდა დასრულდეს. ეგაა, დუნგას მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საკმარისია, მას კიდევ ერთხელ დაუცდეს ფეხი და დიდი ალბათობით, კარისკენ მიუთითებენ.

დუნგამ უკვე იცის, რამხელა იმედგაცრუებაა, როცა "სელესაოს" ტოვებ. ის ერთხელ უკვე წვრთნიდა ბრაზილიას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული