GRAZIE ROMA: ბედნიერი გარსია და გაბრაზებული პიოლი

AutoSharing Option
რომაულ დერბიში "რომამ" გაიმარჯვა (2:1), ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა, "ლაციო" კი მესამე ადგილზე დატოვა და თუ ბოლო ტურში "ბიანკოჩელესტე" ნეაპოლში დამარცხდა, სულაც მეოთხე ადგილზე დაეშვება და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გარეშე დარჩება.

მოკლედ, "ლაციოს" რთული დროება უდგას - ჯერ იტალიის თასის ფინალი წააგო, შემდეგ დერბი, რომელმაც მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც მოუკლა და თუ კიდევ ერთხელ დაუცდა ფეხი, სანუგეშოდ ევროპალიგის საგზური დარჩება. ასეთი პერსპექტივა სულაც არ ხიბლავს გუნდის მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის, რომელმაც მატჩის შემდეგ რუდი გარსია გააკრიტიკა:

"თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა და მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფორტუნამ ზურგი გვაქცია და მეტოქეს გაუღიმა. ორი მტკივნეული მარცხი განვიცადეთ, რისი მონელებაც რთულია, მაგრამ სრული მობილიზება და კონცენტრაცია გვმართებს.

წინ უმნიშვნელოვანესი მატჩია, ჩვენი მიზანი კი მესამე ადგილზე დარჩენა და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. რატომ არ ჩამოვართვი ხელი გარსიას? - თამაშის მსვლელობისას არასპორტულად იქცეოდა, რასაც მისგან არ მოველოდი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასე მოქცევა, იტალიელის გარდა, სხვასაც შეეძლო. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, თვითონ იცის, რა ხდებოდა და როგორ".

რუდი გარსია მუდმივად ეკამათებოდა მსაჯებს, ბილწსიტყვაობდა და ისეთი ემოციური იყო, როგორიც არასდროს, რაც როგორც ჩანს, სტეფანო პიოლის ძალიან არ მოეწონა. "ლაციოს" ბანაკში ფრანჩესკო ტოტიზეც განაწყენდნენ, რომელმაც მატჩის შემდეგ მაისური გადაიცვა წარწერით: GAME OVER ("თამაში დასრულებულია")...

სტეფანო პიოლისგან განსხვავებით, შესანიშნავ ხასიათზეა რუდი გარსია, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ვამაყობ შეგირდებით, რომლებმაც კარგად გაიაზრეს ამ თამაშის მნიშვნელობა და თავი არ დაუზოგავთ. ჩემპიონატი მეორე ადგილზე დავასრულეთ, რაც შესანიშნავი მიღწევაა. მართალია, ერთი ხანობა სკუდეტოსთვის ვიბრძოდით, მაგრამ "იუვენტუსთან" რეალური კონკურენციის გასაწევად ზაფხულში გაძლიერებაა საჭირო. მთავარია, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზებთ, რაც გულშემატკივრებს ასე ძალიან უნდოდათ". რაც შეეხება პიოლის ბრალდებას, ფრანგმა თავკაცმა ასე უპასუხა:

"მან არ იცის, როგორ მიიღოს ღირსეულად მარცხი, ღვარძლი ახრჩობს".

სხვათა შორის, დროის გასვლის შემდეგ გარსიამ განაცხადა, რომ პიოლის, როგორც მწვრთნელს, დიდ პატივს სცემს, ხოლო მათ შორის "მცირე უთანხმოება" შოუს ელემენტი იყო მხოლოდ.

"რომას" გამარჯვებით ძალიან გაიხარეს ნეაპოლელებმა და კერძოდ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომელმაც თავის "ტვიტერზე" შემდეგი წარწერა განათავსა: GRAZIE ROMA...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული