"სკუადრა აძურა" დაირაზმა, წინ კლასიკაა...

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება და სპორტული პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ჩეზარე პრანდელიმ უკვე დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებსაც მოახლოებულ პაექრობებში დაეყრდნობა და ეს სია ერთ-ერთ წინა ნომერში გაგაცანით.

სანამ თემას განვავრცობდეთ, აღვნიშნოთ, რომ 15 ნოემბერს "სკუადრა აძურა" მილანში გერმანიას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი ლონდონში ნიგერიას ეთამაშება.

ექსპერიმენტები დაცვაში
მოკლედ ვთქვათ შემადგენლობაზე და აღვნიშნოთ, რომ დაცვის ხაზში იტალიას ტრავმირებული ჯორჯო კიელინი აკლია. დიდი ხანია, დაშავებულია მატია დე შილიო და ნაკრებს ვერც ის ეხმარება. პრანდელიმ უარი თქვა ფედერიკო ბალცარეტის სამსახურზე,
რომელიც სომხეთთან შეხვედრისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოიძახა და როგორც ჩანს, მისი გარჯით უკმაყოფილო დარჩა.

განაცხადს მიღმაა დავიდე ასტორიც, რომელსაც ბოლო პერიოდში მეტწილად თადარიგში უწევდა ყოფნა. სამაგიეროდ, "სკუადრა აძურას" დომენიკო კრიშიტო დაუბრუნდა, განაპირა მცველი, რომელიც ბოლოს ეროვნულ გუნდში ევრო 2012-მდე გამოიძახეს. გახსოვთ, ალბათ, კრიშიტოს ევროფორუმზეც უნდა ეთამაშა, მაგრამ გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო არათუ გუნდიდან მოკვეთეს, კინაღამ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

შუა ხაზში მარკო ვერატის ვერ ვხედავთ, სხვა წამყვანი ფეხბურთელები კი სახეზე არიან. რაც შეეხება შეტევის ხაზს, პრანდელიმ ექვსი ფეხბურთელი იხმო და განაცხადა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ჯუზეპე როსის და მარიო ბალოტელის უპირებს გამწესებას...

თუმცა...
ჟუზეპე როსი სანაკრებო შეკრებაზე მაღალი ტემპერატურით გამოცხადდა და დიაგნოზიც მალევე დაისვა - გრიპი. "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ როსი ვერ ითამაშებს, თუმცა ჯუზეპე დარჩება შეკრებაზე და წესით, ნიგერიასთან მატჩისთვის მზად უნდა იყოს. ამ თემაზე ჩეზარე პრანდელიმ საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"ჯუზეპე როსის და მარიო ბალოტელის ტანდემის ხილვა მსურდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ბეპეს გერმანელებთან თამაში გამოირიცხა. სამწუხაროა, მაგრამ არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ვინ დაიკავებს როსის ადგილს? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. შესაძლოა, ტაქტიკა შევცვალო და გუნდი სამი შემტევით ვათამაშო".

იტალიელ ჟურნალისტთა ვარაუდით, პრანდელი სწორედ 4-3-3 სქემაზე გადააწყობს გუნდს, რადგან როსის შემცვლელი "აძურაში", უბრალოდ, არ არის. ლორენცო ინსინიე და ალესიო ჩერჩი მკვეთრად გამოხატული ფლანგის ფეხბურთელები არიან, ალბერტო ჯილარდინო და პაბლო ოსვალდო კი ბალოტელის სტილში უფრო თამაშობენ და ორი მძიმე ფორვარდის ძირითადში დაყენება მეტისმეტი იქნება.

სტეფან ელ შაარავი რომ მწყობრში იყოს, სხვა საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში, სენიორ ჩეზარე ჩარჩოშია მოქცეული.

ჯიჯი პირველია
ბოლო დროს იტალიურ სპორტულ პრესაში ხშირად საუბრობენ ჯანლუიჯი ბუფონის შეცდომებზე და აქა-იქ ისიც კი გაისმა, რომ "სკუადრა აძურაში" ნომერ პირველი გოლკიპერის საკითხი უნდა გადაიხედოს. გასულ უქმეებზე ბუფონმა "ნაპოლისთან" დიდებულად ითამაშა, მაგრამ იქამდე მართლაც დაუშვა შეცდომები, რამაც დაუდო კიდეც სათავე გავრცელებულ ხმებს. პრანდელის ამ თემაზეც დაუსვეს კითხვა:

"ფედერიკო მარკეტი და სალვატორე სირიგუ ბრწყინვალე მეკარეები არიან, მაგრამ ნომერი პირველი მაინც ჯანლუიჯი ბუფონია. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების კარს სწორედ ჯიჯი დაიცავს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ შეწყდება ამ თემაზე სპეკულაციები".

თამაშებსა და კანდიდატებზე...
ჩეზარე პრანდელის შემადგენლობაზეც ჩამოუგდეს სიტყვა და ჰკითხეს, შეარჩია თუ არა ის ბირთვი, რომელსაც ბრაზილიურ მუნდიალზე დაეყრდნობა: "ყველამ კარგად იცით, რომ ნაკრების ბირთვი გამოკვეთილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ფეხბურთელებისთვის კარი დაკეტილია. ამ დროისთვის 35 ფეხბურთელი მყავს მონიშნული და გამორიცხული არაა, ეს სია კიდევ უფრო გაიზარდოს.

თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნულ გუნდში ასპარეზობა უდიდესი სტიმულია, ამას ვგრძნობ და ეს მახარებს".


ბუნებრივია, პრანდელიმ გერმანიასა და ნიგერიასთან მატჩებზეც გააკეთა კომენტარი: "იტალია-გერმანია მსოფლიო ფეხბურთის კლასიკაა და ამ თამაშს ყველა მოუთმენლად ელოდება. დაძაბულობა და წნეხი მაღალია, თუმცა დიდი ფეხბურთი ამის გარეშე წარმოუდგენელია. გერმანელებს უძლიერესი გუნდი ჰყავთ და მათთან სპარინგი ძალიან წაგვადგება. თუმცა, შედეგსაც დიდი მნიშვნელობა აქვს - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ხომ მსოფლიო ფეხბურთის კლასიკაა".

დარჩება პრანდელი?
ამასობაში, ჟურნალისტებთან გასაუბრება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბეტემ განიზრახა და განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს, ჩეზარე პრანდელისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. საქმე იმაშია, რომ პრანდელიმ მუნდიალის შემდეგ ეროვნული გუნდიდან შესაძლო წასვლაზე გააკეთა განცხადება და ამით ათასგვარ ჭორს დაუდო სათავე. მოვუსმინოთ აბეტეს:

"პირადად ჩემი სურვილია, რომ ჩეზარე პრანდელიმ ფედერკალჩოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ვფიქრობ, "სკუადრა აძურასთვის" ჩეზარე იდეალური სპეციალისტია და სწორედ მასთან ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს. უახლოეს მომავალში მწვრთნელთან მოლაპარაკებას დავიწყებთ და ვეცდებით, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დავითანხმოთ. კარგი იქნება, თუ ეს მუნდიალის დაწყებამდე მოხდება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიის ნაკრები: კლასიკა კლოზეს გარეშე?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული