"ჩელსი": რა იცის გუს ჰიდინკმა?

AutoSharing Option
გუს ჰიდინკი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 25 წლის ედენ აზარი, რომელსაც სეზონი ჩაუვარდა, ზაფხულში "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებს.

მოგეხსენებათ, ბელგიელ ფანტაზისტათი მადრიდის "რეალია" დაინტერესებული, პირადად ზინედინ ზიდანს აზარი ძალიან ესიმპათიურება.

ჰიდინკის სიტყვები "ჩელსის" ფანებს, ალბათ, გაახარებდა, რადგან მათ დიდ ნაწილს აზარის დარჩენა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ, ზაფხულიდან თავად ჰოლანდიელი სპეციალისტი აღარ იქნება "ლურჯებში" და ვინ იცის, რამდენად ზუსტად იცის მან აზარის ან სხვა ფეხბურთელის მომავლის შესახებ.

სამაგიეროდ, ჩვენ ვიცით დომინიკ სოლანკეს მომავალზე ის, რომ 18 წლის ფეხბურთელს "ჩელსიში" დარჩენა უნდა,
მიუხედავად იმისა, რომ იგი არცერთხელ არ მოხვედრილა ძირითადი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. სოლანკე, როგორც წესი, განათხოვრებულია ხოლმე.

ნიჭიერ თავდამსხმელს იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან, შანსი მიეცემა და იქნებ ეს სწორედ მომავალ სეზონში მოხდეს. ამას გუნდის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე გადაწყვეტს. სოლანკეს ჯამაგირი კვირაში 50 ათასი გირვანქა იქნება.

ამასობაში, საბოლოოდ დადასტურდა, რომ რადამელ ფალკაოს "ჩელსი" აღარ დააკავებს და არ დაიტოვებს. კოლუმბიელი "მონაკოს" დაუბრუნდება, მაგრამ სავარაუდოდ, არც მონეგასკების რიგებში იბურთავებს. მისი დამატება "რომას" სურს, მაგრამ იჯარის წესით. იქნებ 30 წლის კოლუმბიელმა იტალიაში მაინც აღიდგინოს ძველი ფორმა.

"ჩელსის" საკუთრებაში მყოფი ოლა აინა კი კარიერას, ალბათ, გლაზგოს "სელტიკში" გააგრძელებს. შოტლანდიურ კლუბს 19 წლის მარჯვენა მცველი მიკაელ ლუსტიგის პოტენციურ შემცვლელად ესახება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული