პრემიერლიგა. XV ტურის ფაქტები: პასი სესკამდე

AutoSharing Option
* "სტოკს" 407 წუთია, გოლი არ გაუშვია. ამ ხნის განმავლობაში მინდორზე იყო ტრავმამოშუშებული რაიან შოუკროსი.

* პრემიერლიგაში სტოკელებმა "სიტის" კარში ერთზე მეტი გოლი პირველად გაიტანეს. ამავდროულად, "ბრიტანიაზე" გუნდს "სიტისთან" მხოლოდ ერთი წაგება აქვს - 2 მოგება და 5 ფრე.

* "ქალაქელებს" სამი საგარეო მატჩია, გოლი არ გაუტანიათ. ასეთი რამ მათ 2009 წლის აპრილის მერე არ დამართნიათ.

* 59 მატჩია, "სიტის" არ მოუგია შეხვედრა, რომელშიც 2-ბურთიანი ჩამორჩენით იყვნენ - 3 ფრე, 56 წაგება. ბოლოს ასეთი შეხვედრის მოგება გუნდმა 2005 წლის თებერვალში
შეძლო "ნორვიჩთან" (3:2).

* მარკო არნაუტოვიჩი ბოლო 7 შეხვედრაში 7 გოლში მონაწილეობდა - 3 გატანა, 4 გაატანინა.

* მესუთ იოზილმა პრემიერლიგის უკანასკნელ 13 მატჩში 14 გოლი შექმნა - 2 თავად შეაგდო, 12-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა. ამაზე კარგი შედეგი "მეთოფეთა" ბანაკში ბოლოს სესკ ფაბრეგასს ჰქონდა (13) 2009/10 წლების სეზონში.

* ამ სეზონში ყველაზე მეტი ავტოგოლი, ჯერჯერობით, "არსენალს" აქვს გატანილი - 3.
* არსენ ვენგერის გუნდს უკვე 4 მატჩია, კარი მშრალად არ შეუნახავს.

* ოლივიე ჟირუმ მორიგი თავური გოლი გაიტანა და 2012 წლის ზაფხულიდან (ანუ, როდესაც ჟირუ ლონდონში გადაბარგდა) დღემდე, ამდენი ბურთი პრემიერლიგაში თავით არავის გაუტანია.

* სემ ელარდაისმა ზედიზედ მე-8 თამაში წააგო "მეთოფეებთან".

* "წითელ ეშმაკებს" ამ სეზონში უკვე 9 გოლგაუშვებელი მატჩი აქვთ ჩატარებული. ეს მიმდინარე პრემიერლიგის საუკეთესო შედეგია. წინა სეზონში ჯამში სულ 11 "შათაუთი" ჰქონდათ.

* რიად მაჰრეზი გახდა პირველი ალჟირელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა. მან ამ სეზონში უკვე 16 გოლში მიიღო მონაწილეობა - 10 გოლი, 6 პასი. ეს ჯეიმი ვარდისთან ერთად საუკეთესო შედეგია, ამ უკანასკნელს 14 გატანილი აქვს და 2 - საგოლე პასი.

* "მელიების" მაისურით პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი აქამდე მხოლოდ იან მარშალსა და სტენ კოლიმორს ჰქონდათ შესრულებული.

* კლაუდიო რანიერის გუნდი ერთადერთია, რომელმაც 15-ივე მატჩში მინიმუმ 1 გოლი გაიტანა.

* ოდიონ იგალო ასევე ინარჩუნებს რეკორდსმენობას 2015 წელს ინგლისის პირველ 4 დივიზიონში გატანილი გოლების რაოდენობით. მის აქტივში 25 ბურთია.

* "ტოტენჰემს" 14 ტურია არ წაუგია (6 მოგება, 8 ფრე). ეს "დეზების" საუკეთესო სერიაა 1985 წლის შემდგომ, როდესაც ასევე მიჯრით 14 თამაში არ დათმეს.

* სანამ შეცვლაზე 2 წუთის გასული გლენ მარეი "ჩელსის" გაუტანდა და "ბორნმუთს" "სტემფორდ ბრიჯზე" 3 ქულას მოუტანდა, "ლურჯებს" 388 წუთი არ გაეშვათ.

* აქამდე 15 ტურის მერე არცერთ მოქმედ ჩემპიონს არ მოუგია უფრო ცოტა (4) და არ წაუგია უფრო მეტი (8) თამაში, ვიდრე ახლა - "ჩელსის".

* ჯორჯინიო ვეინალდუმს შვიდივე გოლი "სენტ ჯეიმს პარკზე" აქვს გატანილი.

* მარტინ შკრტელმა პრემიერლიგაში თავისი მე-7 ავტოგოლი გაიტანა და ყოფილ თანაკლუბელს, ჯეიმი კარაგერს დაეწია. მათზე წინ მხოლოდ ამ მხრივ ლეგენდარული რიჩარდ დანია 10 ავტოგოლით.

* ფაბრისიო კოლოჩინიმ პრემიერლიგაში თავისი მე-200 შეხვედრა ჩაატარა. მხოლოდ ერთ არგენტინელს აქვს უფრო მეტი - კარლოს ტევესს (202).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული