როი კინის "ავტობიოგრაფია". I თავი [გაგრძელება]

AutoSharing Option
ახალგაზრდა მამაკაცთა უმრავლესობას ინგლისში პროფესიული კარიერის მოწყობის ოცნება აქვს. ამის მისაღწევად მხოლოდ კორკში წარმატებული თამაში არასაკმარისია.

ინგლისურ კლუბში მოსახვედრად პირველი ნაბიჯი ირლანდიის 15-წლამდელთა ნაკრებში თამაშია. თითქოს იქ მოხვედრა გარანტირებული ჰქონდათ დუბლინელ სკოლის მოსწავლეებს, მაგრამ "როკმაუნტის" წარმატება შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. მე, ალანმა, ლენმა, პოლმა და დამიენმა მოწვევა მივიღეთ 14-წლამდელთა ადგილობრივ და ეროვნულ ნაკრებებში.

სამწუხაროდ, მე ვერ მოვახერხე დასახული მიზნის მიღწევა. ამბობდნენ, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ვიღაცებს კი ჩემი ხასიათი არ მოსწონდათ. ირონია იმაშია, რომ მე მართლაც მქონდა "ხასიათი" და ტემპერამენტი სწორედ
იმის გამო, რომ პატარა ვიყავი.

როცა ბურთისთვის ბრძოლა იყო საჭირო, უკან არ ვიხევდი. რადგან დაბალი ვიყავი, მიზნად დავისახე, რაც შეიძლება ადრე მესწავლა ბურთის კარგად ართმევა. მოვიპოვე რეპუტაცია, რომელიც ძალიან მომწონდა - "მასთან" ხუმრობა არ შეიძლება". მსგავსი რეპუტაცია კარგ სამსახურს მიწევდა. ჯერ კიდევ არსებობდნენ ისეთები, რომლებსაც ჩემთან ბრძოლაში გამარჯვების იმედი ჰქონდათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთები სულ უფრო ცოტანი რჩებოდნენ.

ამასობაში, ჩავაგდე "საშუალედო გამოცდა". ძალიან მტკივნეული იყო. მართალია, სხვა შედეგს არც ველოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დავაღალატე საკუთარი თავი და მშობლები. შესაძლოა, ეს არ იყო სამყაროს აღსასრული, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ კითხვის ნიშანი დაუსვა ჩემს მომავალს. დრო, ენერგია და ფანტაზია, რომელიც გაკვეთილებსა და საშინაო დავალებებზე უნდა მიმემართა, მთლიანად ფეხბურთს ჩავაქსოვე.

დღეს ბავშვები უფრო გონიერები არიან, ყოველ შემთხვევაში, ასეთები უნდა იყვნენ. განათლება და ფეხბურთელის კარიერა სრულიად არ არის ურთიერთგამომრიცხავი თემები.

15-წლამდელთა ნაკრებში გამოჩენა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. თუ იქ მოხვდებოდი, ავტომატურად იპყრობდი ინგლისური კლუბის სკაუტების ყურადღებას. ეს იყო გადამწყვეტი სეზონი. ირლანდიის ნაკრებში გამოჩენა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე "საშუალედო გამოცდის" ჩაბარება. წინა სეზონში კორკის საგრაფოს 14-წლამდელთა ნაკრებში ვთამაშობდი, რომელმაც საგრაფოებს შორის ეროვნული თასი მოიგო. ქვეყნის ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივა სავსებით რეალური ჩანდა, ხოლო მის რიგებში თუნდაც ერთი მატჩის ჩატარება ინგლისურ კლუბში მიწვევის კარგი შანსი იყო.

ერთხელ სკოლის შემდეგ, საღამოს შინ დავბრუნდი, სადაც გაღიმებული მამა დამხვდა. მას ხელში ადგილობრივი გაზეთი "ივნინგ ექო" ეჭირა: "იქ მოხვდი, ბიჭუნა. დუბლინში გასინჯვაზე მიდიხარ".

გასინჯვაზე კარგი თამაში ვაჩვენე. როცა მატჩის დამთავრებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე შემცვალეს, გავიფიქრე - ეს იმის გამო მოხდა, რომ მათ, ვინც გუნდში მიმიწვია, საკმარისად იხილეს ჩემი შესაძლებლობები. კორკში დაბრუნებული მოუთმენლად ველოდი ახალ ამბავს - მიმიწვევდნენ თუ არა საბოლოო გასინჯვაზე? ახალი ამბავი ცუდი აღმოჩნდა. გამოძახებულთა სიაში დიდი ხანი ვეძებე კინის გვარი, მაგრამ ის იქ არ აღმოჩნდა. განადგურებული ვიყავი. ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემთვის. ჩემს ოცნებას პირდაპირ ცხვირწინ მიუხურეს კარი.

დედაჩემი ძალიან შეწუხებული იყო იმით, თუ როგორ მიდიოდა ჩემი ცხოვრება. გარკვეული ხანი დავკარგე დამახასიათებელი აქტიურობა და ბრძოლისუნარიანობა. კიდევ ერთი დარტყმა მივიღე, როცა პოლ მაკარტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემთვის "ბრაიტონში" გასინჯვა "გაჩარხა". დუბლინში მატარებლით უნდა წავსულიყავი, შემდეგ ლონდონში გადაფრენა მიწევდა, საიდანაც ისევ მატარებლით ბრაიტონში ჩავაღწევდი.

საღამოს, გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, პოლმა ისევ დარეკა და მითხრა, რომ შემოწმება ჩაიშალა. პოლის რეკომენდაციების შესწავლის შემდეგ "ბრაიტონის" ხელმძღვანელობამ უარი თქვა ჩემი მიწვევის იდეაზე. მათ გაუგიათ, რომ ძალიან დაბალი ვიყავი იმისთვის, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი.

სრულიად განადგურებული, უაზროდ ვატარებდი დღეებს. საწოლიდან დღის პირველ საათზე ვდგებოდი იმისთვის, რომ ახალი დღისგან პირველი სიხარული მიმეღო - მეყურებინა სერიალ "მეზობლების" მორიგი სერიისთვის, რომელიც 13 საათსა და 30 წუთზე იწყებოდა. ამის შემდეგ ჩემს ძაღლთან - ბენთან ერთად სასეირნოდ მივდიოდი. ის მაწანწალა ძაღლი იყო და ცხოვრებაში გაუმართლა, რადგან როი კინს გადაეყარა.

მანამდეც მყავდა ქუჩიდან აყვანილი ძაღლი. საერთოდ, მიყვარს ძაღლები. დღემდე ვაღმერთებ მათ. ადამიანებისგან განსხვავებით, ძაღლები არ ლაპარაკობენ ათასგვარ სისულელეს. ისინი არ გიღალატებენ და არ გაგიფუჭებენ ხასიათს. საპასუხოდ იმაზე მეტს გაიღებენ, ვიდრე თქვენ მათთვის გაიმეტეთ. "ბენი" და სხვა ძაღლები, რომლებიც შინ მიმყავდა, ერთგულები და მოსიყვარულეები იყვნენ და სასაცილოებიც. თითოეულს თავისებური ხასიათი ჰქონდა.

ჩემთვის მათი ყველაზე ჯადოსნური თვისება იყო ის, რომ მათთვის აბსოლუტურად სულ ერთია - "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი ხარ თუ უმუშევარი.

ბენთან ერთად გასეირნება დღის საუკეთესო მომენტი იყო ჩემთვის. ჯერ ისევ მიყვარდა ფეხბურთი და ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი ძველებური ენთუზიაზმით იმ შეგრძნების მიუხედავად, რომ საკუთარი შანსი ხელიდან გავუშვი, რომელიც შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო ცხოვრებაში.

მე არ ვიღებდი უმუშევრის დახმარებას ერთი მიზეზის გამო: 18 წლის არ ვიყავი. ფული პრობლემა იყო. დედაჩემსა და მამაჩემს მაშინ არ ჰქონდათ საკმარისი შემოსავალი, მაგრამ მათი წყალობით თითქმის არაფერი მაკლდა. ხანდახან ძმებიც მეხმარებოდნენ. ნებისმიერ ფიზიკურ სამუშაოზე ვთანხმდებოდი, რაც კი ხელთ მომხვდებოდა. ყველაზე იოლი სამუშაო იყო ბლეკპულში "გელვინის" ბარში. ერთხელ დავწერე, რომ იქ კუნთების მასის გასაზრდელად მივედი და ამისთვის საწყობიდან ბარში ლუდის კასრებს დავათრევდი. სიმართლე კი ის იყო, რომ ეს სამუშაო ფულის გამო ავირჩიე - 3.5 ფუნტი საათში. თან შოკოლადს ვიპარავდი და პირი გამოტენილი მქონდა ამ ტკბილეულით. იქ სამი კვირა ვიმუშავე.

ყველაზე საშინელი სამუშაო, რომელსაც ხელი მოვკიდე, ერთ საქმოსანს ჰქონდა. მან დაგვიქირავა იმისთვის, რომ ჟანგი მოგვეშორებინა მეტალის ფურცლებისგან. სპეციალური ტანსაცმლის გარეშე ვმუშაობდით. ძალიან სახიფათო საქმე იყო, მაგრამ კარგად გვიხდიდნენ - 50 ფუნტს კვირაში. იქ სამი თვე გავძელი.

ამის შემდეგ კარტოფილის მოსავლის ასაღებად დავდიოდი. ყოველდღე ველოსიპედით 15 მილს გავდიოდი წინ და უკან. ეს იყო ჯოჯოხეთური სამუშაო და მისგან მემკვიდრეობით მერგო მტკივანი ზურგი, რომელიც დღემდე მაწუხებს.

(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როი კინის "ავტობიოგრაფია". I თავი [გაგრძელება]
როი კინის "ავტობიოგრაფია" - შესავალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული