მესუთ იოზილი: უდიდესი WOW დენის ბერგკამპის შემდეგ

AutoSharing Option
დენის ბერგკამპი XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ფეხბურთელად იყო აღიარებული.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის გულშემატკივრობდით, "არამფრინავი ჰოლანდიელის" განსაკუთრებულობა ყველასთვის თვალშისაცემი იყო. ის ყოველთვის შედიოდა იმ მოთამაშეთა კატეგორიაში, ვინც შეუძლებელია, რომ გეჯავრებოდეს. "ინტერში" გატარებული ორი წლის შემდეგ, 1995-ში დენისმა "არსენალს" მიაშურა, სადაც მალე მას არსენ ვენგერიც შეუერთდა. მათი თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგა.

ბერგკამპმა "ჰაიბერიზე" 11 დაუვიწყარი წელიწადი გაატარა და როგორც თავად აცხადებს, ოდესმე "მეთოფეთა" ბანაკში აუცილებლად დაბრუნდება. 44 წლის მწვრთნელი ამჟამად "აიაქსში" ფრანკ დე ბურის თანაშემწედ მუშაობს.
მასთან ინტერვიუ "ტელეგრაფმა" შემოგვთავაზა. მასალას მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- "არსენალში" ყოფნა ყოველთვის მსიამოვნებდა. მეტიც, იქ ერთი ცუდი დღეც კი არ გამიტარებია. ლონდონი არასდროს დამვიწყებია და იქ დაბრუნება ჩემი სამომავლო გეგმების ნაწილია. ამ ეტაპზე რაიმეს დაგეგმვა მიჭირს. ვიცი, რომ ამსტერდამში მინიმუმ სამი წელიწადი კიდევ დავრჩები. აი, მერე კი უკვე ვერაფერს გეტყვით.

ვერ წარმომიდგენია, რომ სამწვრთნელო კარიერის ბოლომდე "აიაქსიში" ვიქნები, ვერც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვხედავ ჩემს თავს. ვიცი, რომ "არსენალში" დაბრუნება ჩემს ძველ თანაგუნდელებსაც სურთ, ზუსტად ისე, როგორც ეს სტივ ბოულდმა გააკეთა. მაგალითად - პატრიკ ვიეირას, ტიერი ანრისა და ტონი ადამსს.

კაცი, რომელიც "არსენალს" აკლდა
იოზილმა ეფექტურად დაიწყო ლონდონური კარიერა. მის სტილს უკვე ხშირად ადარებენ ჩემსას. ზოგადად, შედარებები ძალიან არ მიყვარს, რადგან მიმაჩნია, რომ ყოველი ფეხბურთელი ინდივიდუალურია. მეორე მხრივ, ისიც მესმის, რატომ ავლებენ პარალელებს ჩვენ შორის. დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. მესუთი ნამდვილად ნიჭიერია.

მას არაჩვეულებრივად გამოსდის ბურთის კონტროლი, ეფექტური საგოლე გადაცემები, პოზიციის შერჩევა ყოველ ცალკეულ ეპიზოდში. თანაც, ის უკვე ძალიან გამოცდილია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება სწორედ მესუთი იქცეს მოთამაშედ, რომელიც გუნდს წლების განმავლობაში ყველაზე მეტად აკლდა; ნახევარმცველად, რომელიც თავდამსხმელებს აიძულებს, უფრო ეფექტურები გახდნენ და ვინც თავადაც არაერთ გოლს გაიტანს.

იოზილმა ზუსტად იცის, როდის და სად დახვდეს ბურთს, რათა საკუთარ თავს მეტი დრო დაუტოვოს გადაწყვეტილების მისაღებად. სწორედ ეს არის სხვაობა ფეხბურთელებსა და დიდ ფეხბურთელებს შორის. მისი ინტელექტიდან და ტექნიკიდან გამომდინარე, ყოველ ჯერზე, როცა ბურთს იღებს, გუნდისთვის რაღაც სასარგებლოს აკეთებს.

"ვესტ ბრომვიჩთან" ჟირუსთვის
გაკეთებული პასის შემდეგ, რასაც უილშირის გოლი მოჰყვა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იოზილმა წინასწარ გათვალა მომდევნო სვლა. ბურთი ისე გაგზავნა, რომ ოლივიეს კომბინაციაში ჩართულ მესამე ფეხბურთელზე თამაშის გაგრძელების გარდა, სხვა შანსი არც ჰქონია. დიახ, მესუთმა პასის მომენტში უკვე იცოდა, რაც მოხდებოდა. ეს ის თვისებაა, რომელიც მე მასში ყველაზე მეტად მომწონს.

სხვა ფეხბურთელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ის ერთადერთია, რომელიც გუნდს რადიკალურად ცვლის. სხვები, შესაძლოა, უბრალოდ კარგები იყვნენ ნახევარდაცვაში, მაგრამ "არსენალს" სჭირდება ტოპ-კლასის ფეხბურთელი, რათა ძლიერი იყოს მოედნის თითოეულ მონაკვეთზე.

მისი გამოჩენა დიდი შეღავათია სხვებისთვის. ისინი ნელ-ნელა ეგუებიან იოზილს და უკვე იწყებენ ისეთ ზონებში გადაადგილებას, სადაც სხვა დროს არ წავიდოდნენ, რადგან ვერ წარმოიდგენდნენ, რომ იქ ბურთს მიიღებდნენ. მესუთს მადრიდში ერთადერთი პრობლემა ჰქონდა: "რეალში" გვერდით დიდი სახელები თამაშობდნენ, ის კი თავის თავს ლიდერებში ვერ მოიაზრებდა, არადა, აშკარად მეტს იმსახურებდა.

"არსენალი" ჩემი სახლია
ინგლისურმა ფეხბურთმა თავის დროზე ჩემი საფეხბურთო დნმ შეცვალა. მან უკეთეს ფეხბურთელად მაქცია. "არსენალში" 11 წელი გავატარე და დღემდე მახსოვს ფეხბურთელები, კლუბის უბრალო პერსონალი და გულშემატკივარი. ჰოლანდიაში როცა "ჩემს გუნდზე" მეკითხებიან, ყოველთვის "არსენალს" გულისხმობენ.

ბოლო პერიოდში ვენგერის მიმართ ზოგიერთი გულშემატკივრის დამოკიდებულებამ ლამის შოკში ჩამაგდო. არსენი კარგი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ის პირველია, ვისაც გუნდის წარმატებები ყველაზე მეტად უხარია. ცხადია, "ბოსს" უნდა ტიტულების მოგება, რადგან ეს მისი ხასიათიდან მოდის. ვფიქრობ, "არსენალის" წარუმატებელ წლებს უფრო მეტი მიზეზი აქვს, ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ.

ახალი სიმაღლე
ამ წლების განმავლობაში "არსენალი" ფინანსურად წელში გამართულ კლუბად იქცა. მგონი, ყველანი ვგრძნობთ, რომ დადგა დრო, განვითარების ხაზი შეიცვალოს. რაღაც ეტაპზე შეიძლება კლუბში ფიქრობდნენ კიდეც, მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა და ფულის შოვნა, პარალელურად კი ტიტულებისთვის ბრძოლაცო. ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. შესაბამისი ნიშნები ნამდვილად არსებობს. ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია ახალ დონეზე ასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"არსენალი" დენის ბერგკამპს ძეგლს დაუდგამს
მკითხველის კომენტარები / 4 /
მერე ეგ უკვე რეალის უტვინოს პოლიტიკის ბრალია და არა იოზილის. ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია ეხლანდელ თაობაში
emre
22:47 10-10-2013
0
ის ფეხბურთელი, რომელსაც ძირითადში მოხვედრა-ვერმოხვედრის პრობლემა შეექმნება და მაგისათვის შეიცვლის კლუბს, ვერ ჩაითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. იოზილი რეალიდან ფაქტიურად გამოაძევა ისკომ, რომელიც თავის ნაკრებშიც კი ვერ ხვდება. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.
შაკო
17:47 10-10-2013
0

სიახლეები პოპულარული