ნაბიჯი წინ: ინტერვიუ მარკო ვან გინკელთან

AutoSharing Option
შაბათს "ჩელსის" ოფიციალურმა ვებგვერდმა "სტემფორდ ბრიჯზე" 20 წლის ჰოლანდიელი ტალანტის, მარკო ვან გინკელის ტრანსფერი დაადასტურა.

"ვიტესიდან" უნიჭიერესი შუახაზელის გადაბირება ლონდონელებს 8,3 მილიონი ევრო დაუჯდათ. ფეხბურთელმა "ჩელსის" ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. როგორია პირველი შთაბეჭდილება?
- ყველაფერი მშვენიერია. ბედნიერი ვარ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელებთან ერთად ასეთ ძლიერ კლუბში უნდა ვითამაშო. ჩემს ახალ თანაგუნდელებზე ბევრი რამ მსმენია, მაგრამ მათთან გაცნობას მაინც მოუთმენლად ველოდები.

- გულშემატკივრისთვის საკუთარ თავზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ჩემი მოქმედების არეალი საჯარიმოდან
საჯარიმომდეა. შემიძლია სწრაფად და დაუღალავად სირბილი. კარგად ვთამაშობ დაცვაში. ერთი სიტყვით, მგონია, რომ გუნდური მოთამაშე ვარ.

- ჰოლანდიაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაგასახელეს...
- დიახ, კარგი სეზონი გამომივიდა, რისი წყალობითაც დავიმსახურე პრიზი, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ცხრილში საბოლოოდ მე-4 ადგილი დავიკავეთ, ეს კი "ვიტესისთვის" დიდი მიღწევა იყო. დიდი ხნის წინ ჩავიფიქრე კარიერაში კიდევ ერთი ნაბიჯით დაწინაურება. "ჩელსი" ამისთვის საუკეთესო ვარიანტია.

- ჟოზე მოურინიოს თუ ელაპარაკეთ?
- დიახ, მწვრთნელს უკვე ვესაუბრე. მან თბილი სიტყვები არ დაიშურა ჩემთვის. როცა ასეთი დონის სპეციალისტი გაქებს, მართლა შეიძლება, ამის მერე თავი უფრო ამაყად იგრძნო. მასთან მუშაობით ბედნიერი ვიქნები.

- თქვენი პირადი მიზანი რა იქნება?
- მინდა, რაც შეიძლება ბევრი ვისწავლო და განვვითარდე. მინდა, უფრო ხშირად ვითამაშო, ვიდრე სკამზე ვიჯდე. ამის დიდი იმედი მაქვს. ვისურვებდი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ ვქცეულიყავი.

- პირველ საწვრთნელ დღეს მოუთმენლად ელოდებით?
- დიახ, ველოდები და მინდა ვთქვა, რომ სულაც არ მეშინია. ისეთი ფეხბურთელების გვერდით ვარჯიში, როგორებიც არიან ლემპარდი და ტერი, ძალიან ბევრს ნიშნავს. "ვიტესში" გატარებული 3 წლის შემდეგ "ჩელსიში" გადასვლა სერიოზული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, უზარმაზარ გამოცდილებას მივიღებ.

- იწყება უმნიშვნელოვანესი წელიწადი, რომლის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი გელით...
- ბრაზილიაში წასვლა ბევრს უნდა, მაგრამ, როგორც ლუი ვან გაალმა თქვა, ამისთვის უმაღლეს დონეზე თამაშია საჭირო. პრემიერლიგა ერედივიზიეზე ბევრად უფრო ძლიერი ჩემპიონატია. შესაბამისად, ბევრად უფრო მეტი რამ უნდა ვისწავლო და დავიხვეწო. აქ სწორედ ამ მიზნით მოვედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოფიციალურად: "ჩელსიმ" მარკო ვან გინკელი იყიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული