შვაინის შავი დღეები - ჯერ "იუნაიტედის" დუბლებში, შემდეგ კი ნაკრებს ჩამოშორდა

AutoSharing Option
ხშირად ხდება ასე: ადამიანის ცხოვრებაში უსიამოვნო მოვლენათა გალა ერთმანეთს წაეწყობა და ასე გრძელდება კარგა ხანს. 31 წლის ბასტიან შვაინშტაიგერი ამას წინათ ჩოგბურთელ ლამაზმანზე, ანა ივანოვიჩზე დაქორწინდა.

პირად ცხოვრებაში მოსული დიდი ბედნიერება ცოტა ხანში სპორტულ ასპარეზზე მომხდარმა ორმა მტკივნეულმა მოვლენამ დაჩრდილა ბასტიანისათვის.

ადრე ხომ არ არის?
31 წლის ასაკში გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ეროვნული გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ბასტიანი დღეს, 1-ელ აგვისტოს გახდება 32 წლის. ეს არ არის ახალგაზრდული ასაკი, მაგრამ ბევრს მოეჩვენა, რომ გერმანელმა ლეგენდამ მაინც ადრე დაასრულა სანაკრებო კარიერა.

პირველად შვაინშტაიგერმა "ბუნდესმანშაფტის" შემადგენლობაში 2004 წელს ითამაშა. სულ შვაინშტაიგერმა 120 შეხვედრაში ჩაიცვა ქვეყნის პირველი გუნდის მაისურა და ნახევარმცველისათვის შესაშური შედეგიანობაც დააფიქსირა. მის ანგარიშზე 24 გოლია.

ბასტიანს ერთპიროვნულად არ მიუღია ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება. ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც იგი ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებს გაესაუბრა. როგორც ჩანს, ამბიციურმა ფეხბურთელმა იოახიმ ლიოვის გუნდში თავისი საკადრისი ადგილი ვეღარ დაინახა.

გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი, 2008 წელს მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი, 2006 და 2010 წლებში კი მუნდიალის ბრინჯაოს მედალი ირგუნა.

"შვაინისათვის" ეროვნულ გუნდში ბოლო აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი, რომელიც "ბუნდესმანშაფტმა" საფრანგეთთან 0:2 დათმო.

ნოიერი შეცვლისო
გერმანიის ნაკრებისათვის შვაინშტაიგერი არ იყო რიგითი ფეხბურთელი. ის გუნდის კაპიტანი გახლდათ და, რა თქმა უნდა, გერმანიას სჭირდება ახალი კაპიტანი. კანდიდატი სამია, თუმცა ყველა ერთხმად მიიჩნევს, რომ ეს პატივი მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯს, მანუელ ნოიერს ერგება.

"ბილდის" ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების კაპიტნობის შანსი, ნოიერის გარდა, კიდევ ორ ფეხბურთელს აქვს. ისინი არიან "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი და "იუვენტუსის" საყრდენი ნახევარმცველი სამი ხედირა.

ნოიერი აშკარა ფავორიტია. ჯერ ერთი, სწორედ ის კაპიტნობდა გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მაშინ, როცა შვაინშტაიგერი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მეორეც, ნოიერი გერმანელია. ხედირა ტუნისური წარმოშობისაა, ბოატენგი კი განური ფესვებისაა.

ქვა აღმართში მიეწია...
გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 31 წლის ასაკში შვაინშტაიგერი ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანა.

ეს პირდაპირი მინიშნება იყო ჟოზე მოურინიოსაგან, რომ შვაინშტაიგერი გუნდიდან უნდა წავიდეს. მართალია, გერმანელის გარდა, პორტუგალიელმა მწვრთნელმა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დააქვეითა (ფოსუ-მბენსა, მაკნეირი, ბლეკეტი, ბორტვიკ-ჯექსონი, პერეირა და იანუზაი), მაგრამ გერმანელის წონის ამათში არავინაა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგებული შვაინშტაიგერი ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც ის წლების განმავლობაში გვთავაზობდა "ბაიერნში", თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად ამაში "დამნაშავე" ტრავმებიცაა.

რუმენიგეს მოწოდება და გიოტცეს მადლობა
შვაინშტაიგერთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა მიუნხენის "ბაიერნის" შეფმა კარლ ჰაინც რუმენიგემ.

"შვაინშტაიგერი უნდა დარჩეს "მანჩესტერ იუნაიტედში". ჩემი აზრით, მას ყველანაირი პირობა აქვს იმისათვის, რომ იბრძოლოს ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად. ვფიქრობ, ამის შანსი მას აუცილებლად ექნება".

"შვაინი" ასე გაამხნევა მარიო გიოტცემ: "ის დიდი ფეხბურთელია. მადლობა მას ყოველივე იმისათვის, რაც გერმანული ფეხბურთისათვის გააკეთა".

ბოლო ინფორმაციით, შვაინშტაიგერს მილანის "ინტერი" და გელზენკირხენის "შალკე" ეპატიჟება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეფემბერგიც იყო რა,კარგათ მახსოვს მისი ფეხბურთი,დიდი არაფერი. შვაინი კი ლეგენდა ნაღდად არ არი,კარგი ფეგბურთელია,მეტი არაფერი
oliveri
15:21 17-08-2016
0
ვა, მიულერი მიატოვა?
თილ ლინდერმანნ
20:06 01-08-2016
0

სიახლეები პოპულარული