გერმანიის ნაკრები: ლიოვს მოსკოვში ტრიუმფი შეუკვეთეს

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა გამოაცხადა, რომ გერმანიის ნაკრების სათავეში იოახიმ ლიოვი რჩება. მისი ამოცანა 2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში გაიმართება, 2014 წელს მოპოვებული ტიტულის შენარჩუნება იქნება.

ლიოვმა ბუნდესგუნდი ბრაზილიაში ორი წლის წინათ გააჩემპიონა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გერმანიის ნაკრები ევრო 2016-ის ნახევარფინალში მასპინძელ საფრანგეთთან დამარცხდა, ლიოვის პოზიცია შეირყა და მედიაში მის სავარაუდო შემცვლელებზე ალაპარაკდნენ. მაგრამ გერმანიის საფეხბურთო კავშირმა დაადასტურა, რომ 56 წლის სპეციალისტი ნაკრებში რჩება და ამით სპეკულაციები სათავეშივე მოკლა.

აღსანიშნავია, რომ ლიოვის გერმანიის ნაკრებში დანიშვნიდან ზუსტად ათი წელი გავიდა.

"ევროპის
ჩემპიონატზე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი გვყავდა და ამ გუნდს კიდევ მეტი პოტენციალი გააჩნია. კვლავ ისევე ვარ მონდომებული, როგორც ადრე და ჩვენი მიზანი 2018 წელს რუსეთში წარმატებული გამოსვლაა", - განაცხადა ლიოვმა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა კი განაცხადა, რომ კავშირს მხოლოდ ლიოვი სურდა ნაკრების მესაჭედ:

"ჩვენ მხოლოდ რამდენიმე დღე შევიცადეთ, რომ მწვრთნელს კარგად აეწონ-დაეწონა ყველაფერი, სული მოეთქვა. მიუხედავად ამისა, არასოდეს შეგვპარვია ეჭვი, თუ ვინ გვინდოდა ნაკრების თავკაცად. ჩვენთვის ყოველთვის იოგია საუკეთესო მწვრთნელი ბუნდესგუნდისთვის. ახლა ნაკრების მიზანი რუსეთში ტიტულის შენარჩუნებაა. ახლა დარწმუნებულნი ვართ, რომ გერმანული ფეხბურთი კვლავ საიმედო ხელშია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გერმანიის ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირს 4 სექტემბერს ოსლოში იწყებს, ნორვეგიის ნაკრებთან სტუმრობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Moskovshi tass saqartvelo axmartavs
ლევან
13:45 13-07-2016
0

სიახლეები პოპულარული