ფეხბურთი

უცხოური ფეხბურთი

ევრო 2016. დარჩა 42 დღე: მოქმედი ჩემპიონების ბანაკიდან

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ნათქვამია, ტიტულის მოგება უფრო იოლია, ვიდრე შენარჩუნებაო. "ფურია როხამ" ერთხელ უკვე დაიცვა: 2008 წლის შემდეგ გუნდში ლუის არაგონესის ნაცვლად ვისენტე დელ ბოსკე მივიდა და 2012 წელიც ტრიუმფით აღნიშნა. თუმცა, 2014 წლის მუნდიალზე ესპანელებს დიდი ჩავარდნა ჰქონდათ და სწორედ ევრო 2016 გასცემს პასუხს შეკითხვაზე: ჩავარდნა დროებითი იყო თუ იბერიული დიდი გუნდი უკვე წარსულია.

- შეაგროვე "უძლეველი არმადა"

დაბრუნდება ფერნანდო ტორესი?
ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს სჩადის ესპანური "ატლეტიკო". მან ჯერ "ბარსელონა" გამოთიშა ასპარეზობას, შემდეგ "ბაიერნს" მოუგო 1:0. დიეგო სიმეონეს
გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ფერნანდო ტორესია, სწორედ ის ტორესი, 2008 წელს ევროპირველობის ფინალურ მატჩში გადამწყვეტი გოლი რომ გაიტანა.

ბოლო დროს დელ ბოსკე ტორესს აღარ ენდობოდა, ესპანეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი მის გარეშე ჩაატარა. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ფერნანდო ტორესის ეფექტურმა გარჯამ დაბადა მორიგი შეკითხვა: დააბრუნებს თუ არა მას ნაკრებში ვისენტე დელ ბოსკე?

- ფერნანდო ტორესი ნაკრებში? - კითხვითვე პასუხობს მთავარი მწვრთნელი, - გუნდის კარი არავისთვის მიმიხურია. ყოველთვის ვცდილობ, ნაკრები საუკეთესოებით დავაკომპლექტო. თამაშის შანსი ყველას აქვს, გარდა იმისა, ვინც საკუთარი ინიციატივით წავიდა ნაკრებიდან.

შეგახსენებთ, რომ წინა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი სწორედ ტორესი გახდა. მასთან ერთად კიდევ ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა 3 გოლი.

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ სამ მატჩს ჩაატარებს. 29 მაისს შვეიცარიულ სენტ გალენში ბოსნიას დაუპირისპირდება, 1-ელ ივნისს ავსტრიულ ზალცბურგში სამხრეთ კორეას შეხვდება, ხოლო გენერალური რეპეტიციისთვის 7 ივნისს ესპანეთში დაბრუნდება და საქართველოს ნაკრებთან ისპარინგებს.

მორიენტესი: მთავარი შემტევი მორატაა
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი თვლის, რომ ევროპის ჩემპიონატზე "ფურია როხას" მთავარი დამრტყმელი ძალა ალვარო მორატა უნდა იყოს.

- დღეს მორატა მთავარი კანდიდატია ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის შეტევაში. იგი საჯარიმოშიც მშვენივრად თამაშობს, კარგი დრიბლინგიც აქვს. სრულყოფილი ფორვარდი და გოლეადორია. მორატას გამოყენება მოედნის სიღრმეშიც შეიძლება, ძალიან სწრაფია და მეტოქეთა მოტყუებაც ეხერხება. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ადურისი, რომელსაც შესანიშნავი სეზონი აქვს. კარგი მონაცემებით ხასიათდება ალკასერი. რაც შეეხება დიეგო კოშტას, ასეთი ხასიათისა და ამბიციების ფეხბურთელი გუნდში აუცილებლად უნდა იყოს.

ბოსკე "ბარსას" გავარდნას დადებითად შეხვდა
რამდენად უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ დადებითად შეაფასა "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში "ატლეტიკომ" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა კატალონიელები. აი, რას ამბობს დელ ბოსკე:

- "ბარსას" ფეხბურთელები დიდი ხანია მიეჩვივნენ სამ ფრონტზე ბრძოლას, მაგრამ მახარებს, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ მათ დასვენების მეტი საშუალება ექნებათ. ეს ნაკრებისთვის კარგია. ასევე სასიამოვნოა, რომ ბარსელონელები დროულად გამოცხადდებიან სანაკრებო შეკრებაზე.

65 წლის სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგაზე თანამემამულეთა გამოსვლას პოზიტიურად აფასებს:

- ესპანური გუნდები ევროპის საკლუბო ტურნირებზე ყოველთვის ბოლომდე, ტიტულებისთვის იბრძვიან. ეს ჩვენი ფეხბურთის დიდი წარმატებაა, რაც კიდევ უფრო ძლიერი ნაკრების საფუძველია.

კასილიასი თუ დე ხეა?
თუ "ფურია როხაში" ფერნანდო ტორესის დაბრუნება-არდაბრუნების საკითხს კითხვის ნიშანი უზის, გადაწყვეტილია, რომ საფრანგეთში მეკარეები იკერ კასილიასი და დავიდ დე ხეა წავლენ. თუმცა ყველაზე დიდი თავსატეხი სწორედ ისაა, რომელი იქნება ძირითადი მეკარე - გამოცდილი კასილიასი თუ ახალგაზრდა დე ხეა.

სიტუაციაში უკეთ გაგვარკვევდა მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე, თავად რომ ყოფილიყო გარკვეული:

- იტალიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში იკერ კასილიასი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ევრო 2016-ზეც სათადარიგო იქნება. ასე ვიტყოდი: დღეს, გადაწყვეტილება მიღებული რომ მქონდეს, მაინც არ გავახმოვანებდი. საამისოდ ჯერ ადრეა.

შეგახსენებთ, რომ იტალიასთან საკონტროლო შეხვედრაში კარში დე ხეა იდგა, რუმინეთთან - იკერ კასილიასი.

ფავორიტი საფრანგეთია
ზემოთ გავეცანით ვისენტე დელ ბოსკეს მოსაზრებას ფერნანდო ტორესზე, იკერ კასილიასზე, ჩემპიონთა ლიგაზე... ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს, ვის მიიჩნევს იგი ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად.

- შეჯიბრებაში ბევრი ძლიერი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, - მშვიდად ამბობს ულვაშიანი მწვრთნელი, - თუ მაინცდამაინც ერთი გუნდის ამორჩევას დამაძალებთ, საფრანგეთს დავასახელებ. რატომ? იმიტომ, რომ დიდი უპირატესობა აქვს - შინ თამაშობს. ჩემპიონობის მოპოვება ასევე შეუძლიათ იტალიას, ბელგიას, ინგლისს, გერმანიას, პორტუგალიას, ესპანეთს... მოკლედ, რომელი გუნდიც უკეთეს ფორმაში იქნება, ის მოიგებს. წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე 16-ის ნაცვლად უკვე 24 გუნდი მონაწილეობს და კიდევ უფრო რთულია პროგნოზების გაკეთება.

შეაგროვეთ ესპანეთი
"პალიტრა L" საშუალებას გაძლევთ, კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ ესპანეთისა და ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ყველა ნაკრებზე. საამისოდ უნდა შეიძინოთ სტიკერების ალბომი და შეავსოთ იგი ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებით.

ევროისტორია: პირველი მატჩი
რომელი იყო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ფინალურ სტადიაზე პირველი მატჩი? კითხვას სხვაგვარი ფორმულირება სჭირდება, რადგან 1960 წელს საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი მატჩი დაიწყო ერთდროულად: საფრანგეთი-იუგოსლავია და სსრკ-ჩეხოსლოვაკია. შეხვედრების არბიტრებმა დაწყების ნიშნად რომ ჩასტვინეს, იქაური დროით 20:30 საათი იყო.

ისტორიაში პირველი გოლი იუგოსლავმა მილან გალიჩმა ფრანგი მეკარე ჟორჟ ლამის კარში გაიტანა. სხვათა შორის, ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო აღმოჩნდა - მასში 9 გოლი გავიდა. საოცარი სანახავი იქნებოდა მეორე ტაიმი, რომლის ყოველ 7.5 წუთში თითო გოლი ფიქსირდებოდა. იუგოსლავიის ნაკრები ფრანგებთან 2:4-ს აგებდა, თუმცა მატჩის ბოლოს სამი გოლის გატანა მოახერხა და 5:4 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ დრაჟენ ერკოვიჩმა დუბლი ერთწუთიან მონაკვეთში შეასრულა. ამავე მატჩში დუბლით გამოირჩა ფრანგი ფრანსუა ეტი.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი-იუგოსლავიის დაპირისპირებაში ორი დუბლი დაფიქსირდა, ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი დუბლის ავტორად რუსი ვალენტინ ივანოვი შევიდა, რომელმაც პარალელურ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიას მეორე გოლი 58-ე წუთზე გაუტანა. ფრანგმა ეტმა კი დუბლი 62-ე წუთზე გაიფორმა.

სსრკ-ჩეხოსლოვაკიის დაპირისპირებაში ევროების ისტორიაში პირველი პენალტი დაინიშნა. თუმცა იოზეფ ვოიტმა ლევ იაშინის კარი ვერ დალაშქრა. მატჩი სსრ კავშირის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 3:0. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გივი ჩოხელმა, სლავა მეტრეველმა და მიხეილ მესხმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ