საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: რომ არ შემოაღამდეთ

AutoSharing Option
დღეს, 5 მაისს გასამართი მატჩებით საქართველოს თასის ფინალისტები გაირკვევიან და იმის მიუხედავად, რომ ორივე წყვილს თავისი ფავორიტი ჰყავს, სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე, სიურპრიზებსაც ნუ გამოვრიცხავთ...

მიუხედავად იმისა, რომ მაისია და ამ თვეში საქართველოში ოფიციალური მატჩები 17 საათზე (ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით) უნდა დაიწყოს, აქ გათვალისწინებულია შესაძლო დამატებითი დროისა თუ პენალტების სერიის ალბათობა და რომ არ შემოაღამდეთ, ორივე საპასუხო ნახევარფინალი 16 საათზეა დანიშნული...

05.05. ივანწმინდა. 16:00
ჩიხურა-დინამო (თბ)
პირველი მატჩი 0:3
ურთიერთშეხვედრები თასზე:
10: +1 =3 -6, 6:20
დისკვალიფიკაცია: ნიკოლოზ გელაშვილი,
ოთარ კაკაბაძე, ბექა მიქელთაძე (სამივე - "დინამო")
დროის მოკლე პერიოდში ეს გუნდები მესამედ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს: თასის პირველ ნახევარფინალში "დინამომ" ისეთი ანგარიშით გაიმარჯვა, ძნელი წარმოსადგენია, ასეთი უპირატესობა რომ გაფლანგოს.

ჩემპიონატში კი სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა "ჩიხურამ" 1:0 მოუგო თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, ოღონდ ისიც ვთქვათ, რომ იმ მატჩში "დინამომ" არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა. მეორე მხრივ, ეს ფაქტი გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო: დინამოელთა მთავარ მწვრთნელ იურაი იარაბეკს ხომ ნამდვილად აქვს იმის ფუფუნება, რომ თასისა თუ ჩემპიონატის მატჩებში ძირითადი შემადგენლობის როტაციას თამამად და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ მიმართოს.

ანუ ამ ბოლო დროს "დინამოს" სასტარტო შემადგენლობის გამოცნობა, ფაქტობრივად, გამორიცხულია...

05.05. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 16:00
სიონი-ვიტ ჯორჯია
პირველი მატჩი: 2:2
ურთიერთშეხვედრები თასზე:
3: +0 =2 _1, 5-6
დისკვალიფიკაცია: ზურაბ ღირდალაძე ("ვიტ ჯორჯია")

ისევე, როგორც "ჩიხურა", ორივე ფრონტზე აგრძელებს ასპარეზობას "სიონიც". თუმცა, ბოლნისელთა გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ ორი მარცხით საქმე გაირთულა (თან კალენდარიც ბევრად რთული ჰქონდა) და ახლა თასზე წარმატებით გამოსვლაღა რჩება ევროტურნირებზე მოხვედრის გარანტიად.

ოღონდ ამისთვის "სიონს" ჯერ ფინალში გასვლა სჭირდება (სადაც 2003 წლის მერე არ ყოფილა), მერე კი... თასის მოპოვებაც! არადა, ბოლნისურ კლუბს თასი არასდროს მოუგია, აი, "ვიტ ჯორჯიამ" კი 2010 წელს დააჭაშნიკა ეს საპატიო ჯილდო.

იმის მიუხედავად, რომ "სიონი" და "ვიტ ჯორჯია" დღესდღეობით სხვადასხვა ლიგაში ასპარეზობენ, ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არც პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ ჰყოლია და არც ახლა ჰყავს.

რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი შანსი "სიონს" აქვს (მეტოქისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელებით რომ არის დაკომპლექტებული), მაგრამ მცხეთაში გამართულმა პირველმა მატჩმაც დაადასტურა, რომ ახალგაზრდა "ვეტერინარები" უბრძოლველად არაფერს დათმობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული