რატომ ვერ ვითამაშეთ დიდ ტურნირებზე? ინტერვიუ გიორგი ქინქლაძესთან

AutoSharing Option
დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის გიორგი ქინქლაძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მას არ უყვარს ინტერვიუები, მაგრამ ამჯერად აშკარად გაგვიმართლა.

გთავაზობთ გიორგი ქინქლაძის ინტერვიუს, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის...

- პირველი კითხვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეხება. არ ვიცით თქვენი აზრი ბოლო ორ თამაშზე. საინტერესოა ირლანდიასა და უელსთან მატჩების თქვენეული შეფასება...
- რა თქმა უნდა, შეფასება არის დადებითი. ირლანდიასთანაც და უელსთანაც საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ჩემი აზრით, 4 ქულა უნდა აგვეღო ამ ორ თამაშში, მაგრამ რას ვიზამთ...
ეს ფეხბურთია - ყოველთვის ვერ იღებ იმას, რასაც იმსახურებ.

- იმ ორ შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ვაკო გვილიას. მისმა თამაშმა ქართული საფეხბურთო თემი ძალიან კმაყოფილი დატოვა. თქვენ?
- სხვათა შორის, იმ წამსვე ვიკითხე, დაწვრილებით მითხარით, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი... ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. აშკარად კარგი საყრდენი ნახევარმცველია.

- არსებობს აზრი, რომ დღევანდელი ნაკრების ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილია. ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას?
- თორნიკეს პირადად ვიცნობ. ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან ნიჭიერი... ასეთ ფეხბურთელებს სჭირდებათ თავისუფლება. თუმცა დღეს ისე აღარ არის, რომ მოედანზე ვინმე თავისუფალი იყოს შავი სამუშაოსგან. ვლაპარაკობ შედარებით თავისუფლებაზე.

- ვლადიმირ ვაისის მუშაობას როგორ აფასებთ?
- რასაც ვუყურებ, საქართველოს ნაკრები კარგად თამაშობს. ახლა მთავარია, პროგრესი გაგრძელდეს. ასე ორი-სამი თამაშით ძნელია მწვრთნელის შეფასება, დროა კიდევ საჭირო...

- როგორ უყურებთ საქართველოს ნაკრების პერსპექტივას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- ჩვენ ისე ვითამაშეთ ირლანდიასა და უელსთან, სრული საფუძველი გვაქვს, მათ წინააღმდეგ თბილისში ქულები დავგეგმოთ. მოლდოვას ორივე თამაში რომ უნდა მოვუგოთ, მგონი, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვნახოთ...

- პრობლემა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს აწუხებს - დრომ "ათი ნომრები" ჩაყლაპა...
- დღეს მართლაც აღარ არიან გამოკვეთილი "ათიანები". რა გაეწყობა, ასე მოიტანა დრომ. ყველაფერი იცვლება და იცვლება ფეხბურთიც. შეიძლება, 10 ნომერი გეცვას და ფლანგზე თამაშობდე...

- ამასწინათ, "მანჩესტერ სიტის" ქომაგებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. ინგლისში ჯილდოს მისაღებად და ფანებთან ერთხელაც შესახვედრად როდის უნდა ჩახვიდეთ?
- მომავალ წელს. "სიტი" "იუნაიტედს" რომ შეხვდება, იმ მატჩს უნდა დავესწრო. ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცი ამ დროისთვის.

- დღეს ხშირად გვესმის, ფეხბურთელები არ გვყავსო...
- გვყავს, როგორ არ გვყავს?! თანაც, ნიჭიერი ბიჭები გვყავს. ეგაა, ჩვენს დროს მეტი კონკურენცია იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაშინ გაცილებით მეტი თამაშობდა ფეხბურთს. ხარისხიც უკეთესი იყო... ალბათ. არავის გულდასაწყვეტად არ ვამბობ ამას...

- საქართველოს ძლიერი ნაკრები ძლიერი ჩემპიონატის გარეშე რთული წარმოსადგენია. ოპონენტები კი ამბობენ, რომ არც უელსს, ირლანდიასა და ხორვატიას აქვთ სუპერჩემპიონატები...
- ირლანდიასა და უელსს მართლაც არ აქვთ ძლიერი ლიგები, მაგრამ იქ გამოჩნდება თუ არა კარგი ფეხბურთელი, ეგრევე ინგლისში მიდის პრემიერლიგაში ან ჩემპიონშიფში სათამაშოდ. ზოგი ესპანეთში თამაშობს, ზოგიც სხვა წამყვან ევროპულ ქვეყნებში... ჩვენები კი ძირითადად რუსეთსა და უკრაინაში თამაშობენ. ჩვენს ჩემპიონატს რაც შეეხება, იქ მოთამაშე ფეხბურთელებიც დამეთანხმებიან, ალბათ, რომ დონემ აუცილებლად უნდა აიწიოს. ევროპულსაც რომ დავანებოთ თავი, ის დონეც არ არის, რაც ადრე იყო.

- თქვენს დროს რა განაპირობებდა უფრო მაღალ დონეს? მაშინაც ბევრი სირთულე იყო, კარგად გვახსოვს ომის პირობებშიც ტარდებოდა ჩემპიონატი...
- კონკურენცია იყო მეტი. ვერ ითამაშებდი ერთ თამაშს? მაშინ, მზად უნდა ყოფილიყავი იმისთვის, რომ მწვრთნელი შენ მაგივრად ვინმე სხვას დააყენებდა ძირითადში...

- ძალიან გვინდა, პრემიერლიგაში ისევ ვიხილოთ ქართველი ფეხბურთელი...
- მეც ძალიან მინდა და იმედიც მაქვს. ოღონდ, არ არის ეს იოლი საქმე. აღარ არის საკმარისი, რომ ნაკრებში მატჩების 75 პროცენტი გქონდეს ნათამაშები. თავად ქვეყანასაც, რომელსაც წარმოადგენ, შესაფერისი ადგილიც უნდა ეჭიროს ფიფას რეიტინგში.

- ხანდახან მაინც თუ ახერხებთ ფეხბურთის თამაშს?
- ხშირად ვერა. ჩემს წლინახევრის ბიჭუნას ვაბურთავებ. უფროსმა ვერ გამიმართლა იმედები, ვერ ითამაშა ფეხბურთი (იცინის). ლუკას ეტყობა, რომ შეუძლია. ვნახოთ... მე ძალიან მინდა, რომ ფეხბურთი ითამაშოს...

- დღეს საქართველოში ძირითადად კომპიუტერთან სხედან ბავშვები. ეს პრობლემა არ არის?
- რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. შეიძლება, უფრო მძაფრად დგას ჩვენში და ეს მტკივნეულია.

- ეზოს ფეხბურთს ძალიან უჭირს საქართველოში...
- ეზოდან არ მოვდივართ ყველა? ეზოში ძალიან ბევრს სწავლობ ისეთს, რასაც სხვაგან ვერ ისწავლი. შეიძლება, ეზოს ფეხბურთელმა ისეთი რაღაცები აკეთოს, შანსი არ მისცეს პროფესიონალ ფეხბურთელს.

- დღეს თუ არიან ინდივიდუალისტები საქართველოში?
- როგორ არ არიან?! თუნდაც, საქართველოს ნაკრები ავიღოთ - ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი...

ერთი კი უნდა ვთქვა: ჩვენ თუ გვინდა, რომ ნაკრებმა სისტემატურად მაღალ დონეზე ითამაშოს, ეს ბიჭები თავიანთ კლუბებში ლიდერები უნდა იყვნენ. სხვანაირად გაგვიჭირდება.

- კითხვა, რომელიც ყველას გვაწუხებს: რატომ ვერ ითამაშა თქვენმა თაობამ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე?
- ამ კითხვის პასუხი რომ ვიცოდე... ჩემი თაობიდან ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ვერ გეტყვით ზუსტ მიზეზს. მეც ბევრი მიფიქრია ამაზე და ვერ მიპოვია ზუსტი მიზეზი. მაინც მგონია, რომ ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ მიზეზი.

- რას იტყვით დღევანდელ "მანჩესტერ სიტიზე"?
- გუნდი გეგმაზომიერად პროგრესირებს. აგერ, გვარდიოლა მიიყვანეს მწვრთნელად, ვისაც მე ულაპარაკოდ შევიყვანდი თანამედროვე მსოფლიოს მწვრთნელთა საუკეთესო სამეულში. "ბარსელონასავით" ათამაშებს "სიტის", ოღონდ, ჯერ არ ჰყავს იმხელა შემსრულებლები.

- დანარჩენი ორი ვინ არის ამ სამეულში?
- ერთი ფერგიუსონია, მეორე - ზიდანი. ჩემთვის ასეა.

- ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ, ვის მიიჩნევთ მათ შორის საუკეთესო ფეხბურთელად?
- მართლა ბევრი მაგარი ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია. ასე ვერ გამოვარჩევ...

- ზოგადად, ვინ არის ყველაზე დიდი?
- მარადონა. ჯერ ასეა, მაგრამ მგონია, რომ მესი გადაუსწრებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქინქლადზე მაგლიტია ყველასი, გინდ რა ტექნიკური იყო და გინდ მეორე მხრიდან ავიგოტ, ზარმაცობდა და მაინც ლამზ ფეხბურტს ტამსშობდა, გმერტმა მოგვცეს მაგნაირი ტალანტები
simartle
20:50 12-11-2016
0
სოსო,ჯიგარი ხარ... მარა,გიო ქინქლაძეს მეც ჯარში ცავიკვანდი და იქვე დავტოვებდი სპეცნაზის პროგრამასტან ერთად... რაც დააკლო ფეხბურთელობისას,ახლა საჯარიმო იქნებოდა მისთვის... ეს ხუმრობით და სერიოზულად კი,მაგისთვის გავიმეტებდი კი არა და,20 ცლის უკან ქინქლაძის პლაკატი რო გავაკარი ჩემს ოთახში,ეხლაც ისევე იქ კიდია . . .
preben elkiaer larsen
18:42 12-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული