მამუკა ფანცულაია: ...ასე ბევრი მწვრთნელი შეეშვება საყვარელ საქმეს

AutoSharing Option
მამუკა ფანცულაია 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი და 1985 წლის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახლავთ. 1990 წლის პირველი ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი იმავე წელს, 27 მაისს გამართული საქართველოსა და ლიტვის ნაკრებთა ისტორიული მატჩის მონაწილეცაა...

კარიერის დასრულების შემდეგ ფანცულაიამ მწვრთნელობა დაიწყო და 11 წლის განმავლობაში საფეხბურთო აკადემია "ოლიმპში" მუშაობდა. მაგრამ ახლა მწვრთნელობას შეეშვა.

"ოლიმპში" მისი დაარსების დღიდან ვმუშაობ. რომ იცოდეთ, სკოლაში ზუსტი სტატისტიკა გვქონდა - სულ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში ჩვენთან ნავარჯიშებმა 78-მა ფეხბურთელმა ით
ამაშა.

ამ სკოლაში დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ამ საქმეს წლებია ვაკეთებდი, იყო ათასგვარი დაპირებები. მაგრამ ბოლო წლებში იქაურობა გავერანდა, პირობები არ გვქონდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მწვრთნელობას თავი დავანებე - ამ გაჭირვებასა და მძიმე პირობებში მუშაობა აღარ შემეძლო. ეს თავის მოტყუება იქნებოდა და წამოვედი.

არ ვიცი, რას ვიზამ, მაგრამ მწვრთნელობას აღარ დავუბრუნდები. ასეთ დღეში ბევრი სკოლაა და უნდა მიეხედოს. სხვაგვარად, საყვარელ საქმეს ჩემსავით ბევრი მწვრთნელი შეეშვება", - ამბობს ფანცულაია.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ქართული ფეხბურთის კრიზისის მიზეზი მხოლოდ ფინანსური პრობლემები არ არის:

"ახლა ყველა ამბობს, რომ უფულობამ დაგვაქცია. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ინფრასტრუქტურის განადგურებაცაა. შესაძლოა, ჩვენს დროს ბევრი კეთილმოწყობილი სტადიონი არ იყო, მაგრამ, სადაც არ უნდა გაგეხედა, ფეხბურთს ყველგან ითამაშებდი, საფეხბურთო სკოლა და მინი-მოედნები ყველა უბანში იყო.

საშინელება მაშინ დაიწყო, როდესაც საფეხბურთო სკოლების განადგურება დაიწყეს: პირველად ვაკეში სტუდქალაქის სტადიონს მიადგნენ და იქ სახლები წამოჭიმეს. მერე კი ერთდროულად რამდენიმე ტრადიციული საფეხბურთო სკოლა დაშალეს: ოქროსუბანში ძველი 35-ე სკოლა, ისანში - "შევარდენი", "ზეემკაზე" - "მარაკანა", ავჭალაში - "სინათლე", დიღომში - "ლოკომოტივის" საწვრთნელი ბაზა, უფუნქციოდ დარჩა ტრიკოტაჟის ფაბრიკის მოედანი ნაძალადევში...

ფეხბურთის "მკვლელობა" კი დიდუბეში "ნორჩი დინამოელის" წართმევით დაასრულეს.

ამ ყველაფერს ემატებოდა ეზოებში პატარა სტადიონების მასობრივი აღება. ამის შედეგები მხოლოდ ახლა გამოჩნდა და უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა კლასი დაკარგეს. იმიტომ, რომ ეზოში ბავშვებს მოედნები აღარ აქვთ, ტექნიკას კი სწორედ იქ თამაშებით აუმჯობესებენ.

ეს არის დიდი ტრაგედია, რომ საბჭოეთში ყველაზე ტექნიკური მოთამაშეების გამზრდელ ქვეყანაში ფინტები თითქმის დაავიწყდათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ