უცნობი ისტორიები: ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია აღმზრდელის თვალით

AutoSharing Option
თემურ ფოცხვერიას ქართული საფეხბურთო თემის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. სხვადასხვა დროს, საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში მის აღზრდილ არაერთ ფეხბურთელს უთამაშია.

Sportall.Ge

ცნობილ მწვრთნელს საინტერესო ისტორიების გახსენება ვთხოვეთ მის ორ აღზრდილზე - ვაკო ყაზაიშვილსა და გიორგი ჭანტურიაზე...

ვაკო ყველაფერს თანდათან აღწევს
"სამწვრთნელო კარიერა "ვაკე 91-ში" დავიწყე, მერე იყო "ოლიმპი"... ბედნიერი ვარ, რომ სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემს ექვს აღზრდილს უთამაშია. ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა "ოლიმპში". ამ სკოლის დამფუძნებლები იყვნენ თემურ უგულავა, მამუკა გუგეშაშვილი და ნიკო დოლიძე...

მაშინ მე დამწყები მწვრთნელი ვიყავი,
არავინ მიცნობდა. ძირითადად ახლობელ-მეგობრების ბავშვები შევკრიბე. მერე და მერე ყველა დავარწმუნეთ ჩვენს შესაძლებლობებში. დიდი მადლობა ამ სკოლის ხელმძღვანელობას - ჩვენ მათ ყველა პირობა შეგვიქმნეს პროგრესისთვის...

მერე "ოლიმპი" გაიყიდა და დამფუძნებლებთან შეთანხმებით გადავედით "საბურთალოში". სხვათა შორის, "ოლიმპის" აღზრდილია თორნიკე ოქრიაშვილიც. ეგაა, მე არ ვიყავი მისი უშუალო მწვრთნელი. ის მამუკა ფანცულაიასთან გაიზარდა.

...ალბათ გაინტერესებთ, როგორ ვიპოვეთ ბახმაროში ვაკო ყაზაიშვილი. ჩემმა მეგობარმა წაიყვანა გუნდი იქ შეკრებაზე და გავყევი მეც. ვაკო იქ ისვენებდა. ერთ დღესაც უბნის ბიჭებთან ერთად თამაშობდა ფეხბურთს. აშკარად გამორჩეული იყო. შევხედე და იმ წამსვე მივხვდი, 93-იანი რომ იყო. იმდენად მქონდა თვალი მიჩვეული ამ ასაკის ბავშვებზე, ეგრევე ვცნობდი. ვკითხე, სად არიან შენი მშობლები-მეთქი. მე აქ სტუმრად ვარ, მეგობრის სახლში ვისვენებ, ჩემი მშობლები ოზურგეთში არიანო, მითხრა...

ერთი კვირა ველოდე ვაკოს მშობლებს. ამოვიდა მამა. ვუთხარი, თბილისში უნდა წამოხვიდეთ-მეთქი. ვიცი ვინც ხართ, თქვენი გუნდიც ვიცი, მაგრამ ვერაო, თბილისში თითქმის არავის ვიცნობ, გამარჯობა ხომ უნდა ვუთხრა ვინმეს, აქაურობას კი შეჩვეული ვარო...

როგორც იქნა, მაინც დავარწმუნე, რომ ბავშვს ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი და თბილისში უნდა წამოსულიყო. ასეც მოხდა. "ოლიმპში" ყველა პირობა იყო მაშინ პროგრესისთვის, თუნდაც - ინდივიდუალური ვარჯიშები, სპეციალური კლასები...

ვაკო უზომოდ თავმდაბალი ბავშვი იყო და ასეა ახლაც. ამასთან, არის თავმოყვარეც. ის ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენიშვნა არ დაიმსახუროს. ამას საშინლად განიცდის.

მას აქვს ერთი თვისება - ყველაფერს თანდათან აღწევს. საქართველოს ნაკრებშიც ასე დაიმკვიდრა ადგილი - თავიდან გაუჭირდა გუნდში ფეხის მოკიდება, ახლა კი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

მჯერა, ასე იქნება "ლეგიაშიც". "ვიტესშიც" ხომ ასე იყო? "ლეგიაში" ვერ არის ახლა სიტუაცია მთლად დალაგებული. როგორც კი იქ ყველაფერი მოწესრიგდება, ვაკო აუცილებლად ბოლომდე გამოავლენს თავს, იქაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდება"...

თუ კარგად არ ისწავლიდა, შემადგენლობაში არ ვაყენებდი...
..."გიორგი ჭანტურიაც ბავშვობიდანვე აშკარად გამორჩეული იყო თავის თაობაში. მას შეეძლო, მარტოს გადაეწყვიტა ნებისმიერი მატჩის ბედი. გიორგი არის ფეხბურთელი, რომელსაც არაფრიდან შეუძლია გოლი შექმნას და ეს დიდი ფუფუნებაა ნებისმიერი გუნდისთვის...

მის ხასიათზე ჩემზე უკეთ ბევრმა არ იცის. კი, მას აქვს რთული ხასიათი, მაგრამ როცა განგება ამხელა ნიჭს აძლევს ადამიანს, ხშირად მას თან რთულ ხასიათსაც აყოლებს ხოლმე...

ჩემი დაკვირვებით, ნოდარ ახალკაცის "დინამომ" ეპოქალურ წარმატებას ამიტომაც მიაღწია: ახალკაცმა შეძლო და დადებითი კუთხით მიმართა დიდი ქართული ენერგია. ასე უნდა იყოს ჭანტურიას შემთხვევაშიც. ქართული ფეხბურთისთვის მისი დაკარგვა არ შეიძლება!..

მე სრული ნდობა მქონდა მისი მშობლებისგან. თუ კარგად არ ისწავლიდა, ვსჯიდი და არ ვაყენებდი შემადგენლობაში. მას აქვს ჯიგარი, ვერ იტანს წაგებას...

საქართველოს ნაკრებს ჰყავს ძალიან კომპეტენტური მწვრთნელი და, რა თქმა უნდა, მე მის საქმეში ჩარევას არავინ მეკითხება. უბრალოდ, მგონია, რომ ჭანტურიას ადგილი არ არის ფლანგზე. ის კარზეა დაგეშილი. შესაძლოა, არ არის ტიპური ფორვარდი, მაგრამ მან მოწინააღმდეგის კართან ახლოს, საჯარიმოში უნდა იტრიალოს.

...ხასიათზე მკითხეთ. ყველა ადამიანს ყველა საქმეში სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. ჭანტურიამ ერთი სეზონი ისე ჩაატარა, რომ ერთი წითელი ბარათიც კი არ მიუღია. ალბათ, სწორად მივუდექით საქმეს და იმიტომ.

ვფიქრობ, რომ გიორგი აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს ნაკრებს.

ვაისი
აქამდე ძიების პროცესში იყო. შესაძლოა, ესპანეთთან თამაშის შემდეგ მას მოეჩვენა, რომ დაცვითი ფეხბურთით შეიძლება დაიდოს შედეგი. ჩემი აზრით, მან უკვე გადააფასა ღირებულებები და ეს კარგად გამოჩნდა ავსტრიასთან მატჩის მეორე ტაიმიდან. ეს ძალიან კარგია. ჩვენ რაც არ უნდა "ჩავჯდეთ", დიდი ალბათობით, მაინც დავუშვებთ უკან ერთ შეცდომას და დავისჯებით...

არიან გუნდები, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში დგანან უკან და არ ცდებიან. მაგალითად, ასეთია საბერძნეთის ნაკრები. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ფეხბურთი. ჩვენი სტიქია შეტევაა. საგოლე შანსების ძიება. სწორედ ასეთი ფეხბურთისთვისაა დაბადებული ჭანტურია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაზე მაგარი ქართველი მწვრთნელი
kanisaresi
11:44 17-10-2016
0
წუხელ ურალი ზენიტის პირველი ტაიმი ვუყურე,არ ვიცი შემდეგ თამაში როგორ წავიდა,მაგრამ პირველი ტაიმის მიხედვით,ჭანტურიას არც მე გამოვიძახებდი ნაკრებში.თითქმის ყოველ ჯერზე ჭანტურია ატყუებდაერთ ვიზავის,ხშირად ორსაც,მაგრამ რა შედეგი ნულია,სამჯერ დაარტყა კარში,არა ცაში და ვერც ზუსტ პასებს აკეთებდა.ჭანტურიას ბარსელონას სკოლა აქვს გავლილი და მიკვირს ეს კომპონენტები ასე დასახვეწი რომ აქვს,ან იქნებ საქმე თვითონ მასშია და არ მოსწონს პასით თამაში,არ ვიცი,მაგრამ ის კი ცხადია,რომ ძალიან ბევრი შეუძლია დაარ ეპატიება ნიჭის და დროის ასე ფლანგვა.კაცმა ბარსელონა მიატოვა დაერთი წელი ჰოლანდიაში იჯდა თამაშის უფლების გარეშე,შემდეგ გერმანია და ახლა რუსეთი,ამაზე ოცნებობდა გიორგი?
თუ რაღაცა არ შეცვალა,ვერც მანდ გაჩერდება დიდხანს და მერე ალბათ ფინეთი ან რაღაც ასეთი ქვეყანა.თუ ვინმე მისი ახლობელი ხართ,დაელაპარაკეთ, სცადეთ,თორემ დრო გადის და ორ წელიწადში მასზეც ისე ვილაპარაკებთ როგორც დაღუპულ ნიჭზე.
გიორგის ფლანგზე თამაშს რატომ სთხოვენ,ჩემთვის გასაგებია,მას შეუძლია ფლანგზე ორი სამი კაცის გვერდის ავლა და ჩაწოდება,მაგრამ მას ეს ჩაწოდება ზუსტი არ გამოსდის და თანაცინსტიქტურად ცენტრისკენ შეიწევს ხოლმე,რადგან იქ გრძნობს თავს თავის სტიქიაში.მისი პირველი მწვრთნელი ამაში ცამდე მართალია,მაგრამ ნაკრებს ახლასამი კარგი ცენტრიდან შემტევი ნახევარ მცველი ჰყავს,აი ფლანგზე კი ჭანტურიას ტიპის ფეხბურთელი შეუცვლელი იქნება.უბრალოდ საჭიროა თვითონ გიორგიმ გააცნობიეროს ამის საჭიროება და აითვისოს ფლანგის სპეციფიკა,თავისი გასვლებით და ზუსტი ჩაწოდებებით.აი მაშინ მისი და ოქრიაშვილის დუეტი ურთიერთ ჩანაცვლებებით ნაბისმიერ ნაკრებს შეუქმნის დიდ პრობლემებს.
სოსო
11:00 17-10-2016
0

სიახლეები პოპულარული