პორტრეტები: გაუხედნავი ბედაური

AutoSharing Option
თბილისი. "ავაზა". ადრე გაზაფხულის უსიამოვნო დილა - ცოტა ქარიანი. უმზეო. სუსხიანი...

რასაკვირველია, ფეხბურთზე ვსაუბრობთ. ან კი რაზე უნდა ისაუბრო, როცა "ავაზას" წიდიან მოედანზე დგახარ და მიშა მესხს ესაუბრები.

იშვიათად შემხვედრია უმცროსი მიშა მესხისთანა ნიჭიერი ადამიანი. ნიჭიერი კი არა - მრავალნიჭიერი (მრავალჭკვიანიო, გიგა ლორთქიფანიძემ თქვა ერთხელ და ეს "მრავალნიჭიერიც" იმ რიგიდანაა).

ფეხბურთს თამაშობდა და...

არ უნდა სხვა შეფასება და შემფასებელი - მამამისი, უფროსი მიხეილ მესხი ამბობდა, ჩემზე ნიჭიერიაო და უფროსი მიშა მესხი რომ თუნდაც მამაშვილობისთვის სიტყვას ჰაერზე არ ისროდა, ნახევარმა თბილისმა
მაინც იცის...

კინოში თამაშობდა და...

ე, ბატონო, "ნერგები" და ეგერ მიშა მესხი - პატარა, ათიოდე წლის მიშა მესხი.

და კიდევ ფეხბურთის ფედერაციის ის არჩევნები მახსოვს, პლეხანოვზე რომ ჩატარდა და მერაბ ჟორდანიამ პირველად გაიმარჯვა.

მაშინ იყო, სცენაზე ავიდა უმცროსი, მეორე მიშა მესხი და, სხვა რა ვთქვა, მართლა "მესხოვსკი" მოჭრა: "ჩამავალ მზეს ამომავალი ვარსკვლავი მირჩევნია, ამიტომაც ვუჭერ მხარს მერაბას, თორემ საშას ფასი ჩემსავით ბევრმა არ იცის, მაგის მაიკას ოფლის სუნით ვცნობო"...

თბილისში რომ იტყვიან, "ჩერეზ-ჩერეზო", ასე შუამავლების საშუალებით დავითანხმეთ ინტერვიუზე. "ავაზაზე" გვიმასპინძლა. თან მიშა მესხი-მესამე და მამამისის დიდი მეგობარი ავთო ხელაძე დაგვახვედრა და ჩვენი მხრიდან, ბატონი მურთაზ ხურცილავა დავისწარით, რომელიც, გარდა იმისა, რომ ცნობილია და ვარსკვლავი, ენაწყლიანობითაც არავის ჩამოუვარდება.

როგორც იტყვიან, იდგა წელი 1997...

"შემოდით, დასხედით... სკამები და სავარძლები, მადლობა ღმერთს, არ გვაკლია. გადავედი "დინამოში" და მერაბას ვთხოვე. მაგის მეტი რა აქვს. მოკლედ, ახლა სტუმრის აღარ მეშინია", - გვითხრა მიშამ და იმხანად 15 წლის ვაჟი გაგვაცნო:

"ფეხბურთს ესეც თამაშობს, მაგრამ ჩემზე ზარმაცია. თან ჩემსავით "ნაგლუშა". არ გამოვა ამისგან ფეხბურთელი, თან მსახიობობა უფრო მოსწონს".

მერე დიდხანს ვისაუბრეთ. უფრო სწორად, საუბრობდნენ ისინი - მიშა, ბატონი ავთო, კალისტრატოვიჩი, ჩვენ კი ვუსმენდით...
ლაპარაკობდნენ მესხზე, მეტრეველზე, გარინჩაზე, ზოგადად ფეხბურთზე, ურთიერთობებზე, იმაზე, თუ რა ცოტას ეხსნებოდა ურთიერთობაში უფროსი მესხი, როგორი მეგობრები ჰყავდა, რა მაგრად სვამდა და როგორი სპორტული, მოქნილი იყო ბოლომდე.

Sportall.Ge

"მე მაგრა მაფასებდა. ჩემზე ნიჭიერიაო, ამბობდა... ამას რომ სიზარმაცე არ დაღუპავდეს, უკეთეს ფეხბურთს ითამაშებსო. ვითამაშებდი კიდეც, მაგრამ ხასიათი... არა, მძიმე კი არა... როგორ ვთქვა, ხომ არიან ფეხბურთელები, რომელთაც მკაცრად რომ მოექცევი, უხდებათ. მე პირიქით ვიყავი..."

ამ სიტყვების მერე მურთაზ ხურცილავას გადახედა და ასე თქვა:

"კაცი, კაცი არ გამოჩნდა, ჩემთვის თავზე ხელი გადაესვა და ფეხბურთი ეთამაშებინა, ასე არ არის, კალისტრატოვიჩ?!"

სხვათა შორის, ერთი საინტერესო ეპიზოდი ვიცოდი მამა-შვილი მესხების შესახებ, მაგრამ ეს მაშინ, ბუნებრივია, არ გამიმხელია. ეს ამბავი წლებით ადრე ჩემმა მეზობელმა, მესხთან და ცაავასთან ერთად საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში მოთამაშე ზურაბ ბოხუამ გაიხსენა და, რასაკვირველია, დამამახსოვრდა.

"მიშა მაგარი ფეხბურთელიც იყო, მაგრამ დისციპლინა და წესრიგი მისთვის არ არსებობდა.

ან კი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა ერთი მეორეზე უარესები ვიყავით და იმიტომაა, მეათედი ვერ ვაჩვენეთ, რისი შესაძლებლობაც გვქონდა.

თან ხომ გახსოვთ, რომელი თაობა იყო - ცოტა მოუშვეს მუხრუჭები და პლანი, წამალი, აღმა-დაღმა ხეტიალი ადრე რომ დიდ უბედურებად მიაჩნდათ, იმ დროს ცხოვრების წესად, ყოველდღიურობად იქცა.

უფროსი მიშა მესხი ხშირად გვაკითხავდა. შეკრების დროს შვილს მაგრად აკონტროლებდა და მკაცრადაც ექცეოდა. მახსოვს, ლოგინი ამოუტრიალა და ბალიშის ქვეშ მარიხუანა უპოვა... აუუუ... ძალიან, ძალიან გაბრაზდა და იმხელა ბიჭი, 16 წლისანი ვიყავით, სულ "შლოპანცებით" ცემა - ლოგინზე პირქვე დააწვინა და საჯდომზე მოსცხო.

რას უშველიდა, მანაც და ჩვენც "სხვა" ცხოვრების გემო უკვე ვიცოდით..."

კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ მერეც. ახლა უკვე ჩვენ ვეკითხებოდით. მონოლოგი იყო და დიალოგი გახდა. ან ინტერვიუ - რა მნიშვნელობა აქვს.

ჰყვებოდა ნოდარ ახალკაცზე, რამაზ ჩხიკვაძეზე, "ნერგებზე", შეყვარებულზე, ჯუმბერ პატიაშვილზე, "ზაპოროჟეცზე", რომლითაც "დინამოს" ბაზაზე მივიდა, "სპარტაკზე", ძაღლებზე, სულ ბოლოს ხმადაბლა თქვა:

"რამდენიმე ხნის წინ გარაჟში ძველი ბუცი ვნახე... მამაჩემის ნაქონი. გავწმინდეთ და ჩემს მამიდაშვილს ვიტრინაში უდევს. ხო აზრზე ხართ, მიშა მესხის ნაქონი ბუცი. გარაჟში ეგდო".

ასე, გვიან მოდის ხოლმე სენტიმენტები. სანამ ვიღაც ან რაღაც ახლოა, თითქოს ფასი არ ადევს. მიდის, ქრება და ხვდები, რამხელა სიცარიელე რჩება. რამდენი შანსი გაუშვი. როგორ მოიქცეოდი...

"პირველი, რაც მამაჩემისა ვერ გავწიე, შრომის, საკუთარ თავზე მუშაობის ოფსილა იყო. მახსოვს, ლიმონათის ბოთლი დადგა, ბუცის ძირი, "შიპი" რა, ამოჰკრა და "პრობკა" ახადა... გახსნა... თან ისე, ბოთლი არც შეყანყალებულა. ასეთები ეგრევე, ექსპრომტად, პირველივე ცდაზე არ მოდის. შრომა სჭირდება, დიდი შრომა და საერთოდ, ფეხბურთში ჰაერზე არაფერი მოსულა. ვინც ეს გაიგო, იმან ითამაშა".

"მესხოვსკიო" და, თვალებში ღიმილი ჩაუდგა. შეეტყო კაცს, სხვანაირი, უფრო ამაყი, უფრო მსუბუქი გახდა. რატომ არა, რო...

"მოძრაობაში მარტო მე და მამაჩემმა გავაკეთეთ. და კიდევ შოთიმ... ოღონდ, შოთიმ მოძრაობაში არა - ადგილზე. ეგ არის და ეგ - სულ სამმა გავაკეთეთ "მესხოვსკი" და მივიდნენ, სცადონ... თამაშში სცადონ... რავარი გასაკეთებელია".

და ყველაზე მთავარი:

"იმიტომ კი არ დავაჯახებდი ხოლმე, ვისაც გინდა, მიშა მესხის შვილი რომ ვიყავი... არა, ხასიათი მქონდა ეგეთი. შიში, რიდი, ავტორიტეტი არა, ის... აი, ფარსადანოვიჩთანაც რომ ვერ მოვითმინე და ვუთხარი, მაშინ მორჩა ჩემი ფეხბურთი".

ამას რომ ლაპარაკობდა, არც ერთს არ გვიყურებდა - არც ჟურნალისტებს, არც მამის მეგობარს, არც კალისტრატოვიჩს და არც შვილს. ვითომ ფანჯარაში, სინამდვილეში სადღაც სივრცეში იმზირებოდა. გული წყდებოდა აშკარად. მერე "სტანდარდი", გერეტსი გაიხსენა და ისევ მსუბუქი, ღიმილიანი გახდა:

"შემიშვა, ჩემი თამაში იყო. კარიდან შორს ამოდიოდნენ, სივრცე მქონდა და მოვქოქე... ისეთი გავუკეთე, გერეტსი ტრიბუნაზე ასრიალდა. არც მანამდე, არც მერე ეგ კაცი ტრიბუნაზე აესრიალებინოთ, არ მინახავს. ვინმეს გახსოვთ? არ გახსოვთ! იმიტომ, რომ არ ყოფილა".

მე რასაც ვიცნობდი და რაც გავიგე, ზოგადად ეგეთი კაცი იყო - ხასიათისა. თავისი ფეხბურთივით აფეთქებებითა და გამოუცნობი რამე-რუმეებით. და სულ კაი საყურებელი - აზრი, სიტყვა, საქციელი სულ მისეული იყო, სულ თავისებური...

ახლა ხშირად იწერება ხოლმე პოსტსაბჭოური ფაქტების შესახებ. იხსენებენ კიეველები, სპარტაკელები, მინსკელები... სულ ბოლოს, "შახტიორის" გრაჩოვი ხომ გახსოვთ, პატარა, მუშა, მახრასავით რომ დაძვრებოდა მეტოქე გუნდების მცველებს შორის... მისი ინტერვიუ ვნახე. სვამდნენ კიდეც, ერთობოდნენ კიდეც, ჩხუბობდნენ კიდეც, მაგრამ ფეხბურთსაც ჰყოფნიდნენ...

ჰოდა, იმ გრაჩოვმა თქვა, ბესკოვმა "სპარტაკში" რომ მიმიყვანა და ფრთაზე გავინავარდე, ვიღაცა მოვატყუე, ვიღაცას გავასწარი, გავრილოვი მოვიდა და ასე მითხრა: "ვიტია, კაი ბიჭი კი ხარ, მაგრამ ეს "სპარტაკია", არ არის საჭირო ამდენი წვალება, მიდი წინ, ბურთს ჩვენ ამოგიტანთ "კედლებით", მოკლე პასებით, შენი და როდიონოვის საქმე იქ, საჯარიმოსთან იწყება, გოლები გაიტანეთო"...

იმასაც წერს, "სპარტაკში" ყოფნისას, 6 თვე "კვადრატიდან" ვერ გამოვედი, სულ წრეში ვიყავი, ისეთი ძალით აძლევდნენ იმ მოკლე პასებს ერთმანეთს, იშვიათი ტექნიკა უნდა გქონოდა, ბურთი დაგემორჩილებინაო...

ასეთი იყო ბესკოვი, მისი ფილოსოფია, მისი "სპარტაკი" და ახლა ის გავიხსენოთ, როგორ უმტკივნეულოდ, უპრობლემოდ შეერწყა ამ გუნდს უმცროსი მიშა?!

ან კი რა უნდა გასჭირვებოდა, ფეხბურთელები რომ წაიტრაბახებენ ხოლმე, ტვინი ფეხებშიც არ ჰქონდა?

"იქ ჩემპიონობისთვის მივედი. ბესკოვმა იცოდა ჩემი ფასი და მეც დავამტკიცე. საკუთარ თავს დავუმტკიცე უფრო..."

ეს კარგად მახსოვს და რაღაცნაირად სიმბოლურია. საკუთარ თავს დაუმტკიცა მიშა მესხმა - რაკიღა საკუთარ თავზე დიდი მტერი არც ჰყოლია.

ეგ არის მისი კარიერის, ფეხბურთელობის და ზოგადად ცხოვრების თავი-ბოლო...

კონსტანტინე გოგიშვილი
ყოველკვირეული ჟურნალი LELO WEEK
მკითხველის კომენტარები / 4 /
არა, პროფესიულ ფეხბურთში მისი ადგილი არ იყო და ამიტომაც ვერ გაცდა ნიჭს, ეგ კი არ ყოფნის. კაიფმა და იქეთურ-აქეთურმა ბევრს არ მისცა გასაქანი. მიშა2-ს თამაში (მომენტები) კარგად მახსოვს. 15-20 წუთის მეტს ვერ დარბოდა, დაკარგულ ბურთს ბოლომდე არ მისდევდა და თუ ძალა არ ეყოფოდა, ჯარიმდებოდა. ბურთთან ცეკვა კი მართლა იცოდა, ცირკში შეეძლო გამოსულიყო.
giga
14:10 23-02-2014
0
ჯიგარი...
zviad
20:32 22-02-2014
0

სიახლეები პოპულარული