კვირის 1000 წვრილმანი: ჯერ შედეგი, მერე ყველაფერი

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰოლანდიასთან 0:6 წააგო. მოულოდნელი შედეგი გამოვიდა, რადგან ჩვენს 21-წლამდელებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს.

მატჩის პერიპეტიებიც ისე მიეწყო, რომ ყველაფერი ჩვენი გუნდის საწინააღმდეგოდ მოხდა - უხეში შეცდომები დაცვაში, სათამაშო დისციპლინის მორღვევა, კურიოზული გოლი...

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნის. ის ორჯერ იყო ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცი და ორივეჯერ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა, რადგან ის ზოგიერთზე გაცილებით თავმოყვარე კაცია.

ასეთები 0:6-ს სხვაზე მეტად განიცდიან. მწვრთნელობა სტრესია და როცა ამ ხელობას ირჩევ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

მახსოვს, როცა ჩივაძემ პირველად
ჩაიბარა საქართველოს ეროვნული ნაკრები, ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა - ჟურნალისტებს გთხოვთ, გულს ნუ ატკენთ ჩივაძესო.

ახალკაცის სიტყვას დიდი ფასი ჰქონდა, ის უმეტეს შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და იმიტომ. ეროვნულ ნაკრებში ჩივაძის დანიშვნაც მისი გადაწყვეტილება იყო და თუ რამდენად გაამართლა, ამაზე ახლაც კამათობენ.

როგორც უნდა იყოს, მწვრთნელი ჩივაძე უარყოფით ასოციაციებს არ იწვევს, ალბათ იმიტომ, რომ ჩივაძე, პირველ რიგში, ატმოსფეროს მწვრთნელია.

ახლა კი 0:6 - ჩივაძე ერთხელაც აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში, თუმცა მორიგი მატჩი შორს არ არის. ქართველი 21-წლამდელები 14 ოქტომბერს შოტლანდიას ხვდებიან და სწრაფი რეაბილიტაციის შანსიც ეძლევათ.

ჰოლანდიასთან შეხვედრაში, ჩაფლავების გარდა, ისიც დავინახეთ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს ის რესურსი, რითიც ბევრად უკეთ თამაშიც შეუძლია.

გიორგი ჭანტურია ძალიან საინტერესო ფეხბურთელი რომ არის, ჰოლანდიასთანაც დაამტკიცა.

ფლანგზე მოდრიბლინგე ფეხბურთელი განსაკუთრებულად ფასობს. ჰოლანდიას ძალიან კარგი ახალგაზრდები კი ჰყავს, თუმცა ჭანტურიას დარი გარემარბი არ მოეპოვება.

გარემარბს კი ბევრი შეუძლია, თუ თავის ფლანგზე ისეთი მცველიც ჰყავს, შეტევაში თამაში რომ იცის - ასეთ დროს მოწინააღმდეგის დაცვის დანგრევას წინ ბევრი არაფერი უდგას.

მეტს ველოდით ჯანო ანანიძისგან, თუნდაც იმიტომ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მას ბევრჯერ გამოუჩენია თავი. გუნდის საძირკველი კი მეკარე და დაცვაა. ჰოლანდიამ ამაში გამოიჭირა ჩივაძის გუნდი...

რაც მოხდა, უკვე ჩავლილი ამბავია და ამავე დროს - ჭკუის სასწავლებელიც. ახლახან, "ლელომ" ალექსანდრე ამისულაშვილს რომ ჩამოართვა ინტერვიუ, ეროვნული ნაკრების მცველმა გვითხრა - ჩვენთან ჯერ შედეგი უნდათ და მერე ყველაფერი, მაგრამ ასე არ ხდებაო...


ჰოლანდიასთან 0:6-ს მერე ვერც ფეხბურთელებს გავამართლებთ და ვერც მწვრთნელს, მაგრამ ასეთი მარცხი რომ ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის გამოძახილიცაა, საკამათო არ უნდა იყოს.

* * *

ერთი მატჩიც და ეროვნული ნაკრები შესარჩევს დაასრულებს. თემურ ქეცბაიას გუნდი დანაკლისით ხვდება 15 ოქტომბერს - ესპანეთთან შეხლას დისკვალიფიცირებულები და ტრავმირებულები დააკლდებიან, და კიდევ ანანიძე, ვინც ოჯახური პრობლემების გამო ვერ დაეხმარება ნაკრებს.

ასევე იხილეთ: დღეს ჩემი ოჯახი განსაცდელშია! - ჯანო ანანიძე ნაკრებს ესპანეთში ვერ დაეხმარება

ესპანეთთან შეხვედრა ახალს ვერაფერს დაგვანახვებს. თემურ ქეცბაია გააგრძელებს თუ არა მუშაობას ნაკრებში, არც ეს არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ანგარიშით დასრულდება ალბასეტეს მატჩი.

ქართულ ფეხბურთს, ჩვენს ნაკრებს ცვლილებები სჭირდება და ეს მხოლოდ მწვრთნელის შეცვლას არ ნიშნავს - ნაკრებში, მწვრთნელის გარდა, ფეხბურთელის ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ გზით მიდის ყველა, ვისაც აქვს პრეტენზია იმაზე, რომ გუნდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-ჰოლანდია 0:6 - სწავლა მოსწავლეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაინტერესებს, ეს კაცი გიჟი ხომ არ არის რომ ამდენს გეხვეწებათ მისი მეთოდით ფეხბურთელების ვარჟიშზე... ეგება ვინმე(კალაზე და კიდევ სხვებიც უვარჟიშებია თურმე) გამოვიდეს , ან მომხრე, ან მოწინააღმდეგე...სანამ სადმე სხვაგან არ მიაღწევს შედეგს, მანამდე უნდა უკეთოთ იგნორირება?...გაგვაგებინეთ, რატომ არავინ აქცევს მას ყურადღებას?
murtalo
04:15 13-10-2013
0
ამბობთ ჭკუის სასწავლიაო - მერამდენედ?

ბურთთან რიცხვობრივ უპირატესობას გამარჯვებაც რომ მოჰყვება როდის უნდა მივხვდეთ?

დაივიწყეთ კლუბიდან ფიზიკურად მომზადებული რომ უნდა მოვიდნენ!

ფედერაციაში დევს პროექტი, სადაც დასაბუთებულია, რომ ნაკრების ფეხბურთელებს 2 დღეში შეგვიძლია მოვამატებინოთ ფიზიკური კონდიციებე.

აღდგენას რომ ვერ ვასწრებთ ესეც 30 წუთიანი ვარჯიშით შეგვიძლია მოვაგვაროთ!

არ მჯერა არ მიიღება. ვისაც სჯერა გაატარეთ!!!!
guja_kakhadze
19:04 12-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული