ალექსანდრე ამისულაშვილი: ყველაზე ადვილი სხვაზე გადაბრალებაა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 15 სექტემბერს ალბასეტეში, ესპანეთთან გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდს მძიმე თამაში ელის და ცხადია, მწვრთნელი ზედმიწევნით დაცვით ვარიანტს აირჩევს.

საქმეს ისიც ართულებს, რომ ქეცბაიას განკარგულებაში არ იქნება ნაკრების დაცვის ბურჯი, 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი. რუსული "კრილია სოვეტოვის" მცველი ტრავმირებულია.

ამისულაშვილი ცოტა ხნით თბილისში იყო ჩამოსული და ისევ რუსეთში დაბრუნდა. მანამდე კი მას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე გკითხავთ. რა სირთულის ტრავმა გაქვთ?
- ერთი თვეა, რაც საზარდული მაწუხებს. რუსეთის ჩემპიონატის ბოლო
შეხვედრებში კი ხან ხელოვნურ მოედანზე მომიწია თამაში, ხან კი ძალიან უხეშ გრუნტზე და ტრავმაც გამირთულდა. ბოლო მატჩი რომ ვითამაშე მოსკოვის "ლოკომოტივთან", საზარდულის ტკივილმა იმატა და ექიმმა მითხრა, პაუზა აუცილებელიაო.

მოკლედ, ჯერ უნდა დავისვენო და მერე გამოჩნდება, რა სირთულისაა ტრავმა.

- ესპანეთის ნაკრებთან რომ ვერ შეძლებთ თამაშს, ამის შესახებ ელაპარაკეთ ქეცბაიას?
- პირადად ქეცბაიასთან არ მილაპარაკია, ჩემი ტრავმის შესახებ ის საქმის კურსში ჩააყენეს.

- ზოგ გულშემატკივარს ეჭვი უჩნდება - ფეხბურთელი კლუბში თამაშობს, მერე კი ამბობს, რომ ტრავმის გამო ნაკრებში ვერ ითამაშებს...
- ფეხბურთი ისეთი სპორტია, რომ ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. ჯერ მართლა არ ვიცი, რამდენ ხანს გამიგრძელდება პაუზა - შესაძლოა, ათი დღე იყოს, შესაძლოა ერთი თვე, არც ისაა გამორიცხული, რომ ოპერაცია დამჭირდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება მკურნალობა.

- ამ შესარჩევში საქართველოს ნაკრებისგან ბევრს, ალბათ, არავინ ელოდა, თუმცა თბილისში ფინეთთან წაგებამ ყველას გული დაგვწყვიტა. ნუთუ შეუძლებელი იყო ამ გუნდთან უკეთესი შედეგის მიღწევა?
- ზოგადად, უკეთესი შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება...

- ქეცბაიამ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა - არასაკმარისმა ფიზიკურმა კონდიციებმაც იმოქმედა ჩვენი გუნდის თამაშზეო. მაინც რა იყო ფინეთთან მარცხის მიზეზი?
- ჯანზე მართლა ვერ ვიყავით, თუმცა ალბათ უფრო ფსიქოლოგიურ მომენტთან გვაქვს საქმე. საფრანგეთთან რომც წაგვეგო, დიდად არ დაგვძრახავდნენ, ფინეთთან კი მხოლოდ გამარჯვება გვაძლევდა ხელს. საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ მოსვლია ასეთი რამ.

- და რისი ბრალია ეს? გუნდს არ ჰყავს ლიდერი?
- ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიის ბრალია. საქართველოს ამ ნაკრების ყველა ფეხბურთელი ისეთ უცხოურ გუნდში თამაშობს, თავის ჩემპიონატში საშუალო საფეხურზე რომ არის და გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გააჩნია. ფაქტია, ჩვენი ნაკრების არც ერთი წევრი არ თამაშობს გრანდში.

იყო დრო, როცა საქართველოს ნაკრების ზოგი ფეხბურთელი სხვა ქვეყნის გრანდკლუბებში თამაშობდა, თუმცა ნაკრები მაშინაც ვერ იგებდა გადამწყვეტ შეხვედრებს. რასაც ვიმსახურებთ, იმ შედეგს ვიღებთ.

ჩვენთან ჯერ შედეგი უნდათ და მერე ყველაფერი, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე.

- ფინეთთან მატჩის შემდეგ ქეცბაიამ ისიც თქვა, ნაკრების ბევრ ფეხბურთელს კლუბში მწირი სათამაშო პრაქტიკა აქვსო, ანუ ისევ ფეხბურთელებისკენ იშვერენ ხელს. ადრე გვითხარით - რომ ამბობენ, საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელები არ ჰყავს, ჩვენ ფეხბურთელები ვართ თუ პარიკმახერებიო?! ახლა რას იტყოდით იმავე საკითხზე?
- არ მსურს ამ თემაზე ლაპარაკი. ყველამ დაუშვა რაღაც შეცდომა, ფინეთს რომ ვერ მოვუგეთ და ჯგუფში მესამე ადგილზე ვერ გავედით. ყველაზე ადვილი სხვაზე გადაბრალებაა.

- გადაბრალება, ცუდი შედეგი, კინკლაობა და კონფლიქტები - რაიმე პოზიტივს ხედავთ საქართველოს ამ ნაკრებში?
- კინკლაობა შიდა სამზარეულოს არ უნდა გასცდეს და არ არის სწორი, როცა ეს გაზეთის თუ ტელევიზიის საშუალებით ხდება. მე ასე არ მოვიქცევი. რაც შეეხება პოზიტივს, მთავარი შედეგია, რაც არ გვაქვს.

გულშემატკივარი ითხოვს შედეგს და, სამწუხაროდ, ამას ვერ ხედავს. მოედანზე ჩვენ გავდივართ და ჩვენზე უფრო ალბათ არავის უნდა, რომ მოვიგოთ, მაგრამ ამას იშვიათად ვახერხებთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთელებს თავი დაანებეთ, რაც არი ეგაა ქართული ფეხბურთი და ...
პუმა
00:18 11-10-2013
0
ნუ გჩვევიათ ეს ალტრუისტული პატრიოტიზმი რა. გამოვიდნენ აქ დიდი მამულიშვილები. ფეხბურთი ეს არის ბიზნესი და არა პატრიოტული სპორტი.
giorgi
20:27 10-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული