"ცხუმი" ვალს იბრუნებს - როგორ იქცა ყოფილი მსჯავრდებული გუნდის ლიდერად

AutoSharing Option
ზუსტად ერთი წლის წინათ ყოფილ მსჯავრდებულს, 23 წლის შოთა აფშინაშვილს სოხუმის "ცხუმმა" კონტრაქტი გაუფორმა და მის სპორტულ კარიერაზე პასუხისმგებლობა აიღო...

შარშან, 29 იანვარს, რუსთავის მე-17 დაწესებულებას "ცხუმის" ფეხბურთელები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ვასაძემ სწორედ ამ მატჩზე აღმოაჩინა შოთა აფშინაშვილი, რომელიც სასჯელს 2011 წლიდან იხდიდა. ახალგაზრდა კაცმა თავი გამოიჩინა - კარგი თამაშის წყალობით, თამაში მსჯავრდებულებმა მოიგეს.

ცოტა ხანში, "ცხუმის" პრეზიდენტმა ალექსანდრე წულაიამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აფშინაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება სთხოვა, რათა საფეხბურთო კლუბში ჩაერიცხა,
კარიერულ წინსვლასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარებოდა...

საკითხი განიხილეს და აფშინაშვილი ვადამდე 4 თვით ადრე, 1-ელ მარტს პირობით გაათავისუფლეს. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო - ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინათ სასჯელს იხდიდა, ციხიდან პირდაპირ საფეხბურთო კლუბში მოხვდა. "ცხუმმა" ყველას აჩვენა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება რეალურად ზრუნვა ახალგაზრდის მომავალზე...

მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და დავინტერესდით, როგორ წარიმართა აფშინაშვილის ცხოვრება. "ცხუმის" პრეზიდენტის თქმით, შოთა ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდება:

"თავიდან, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა, ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო თვისებებს ავლენს. გათავისუფლებიდან ზუსტად ერთ წელიწადში, შოთა აფშინაშვილმა გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ლიდერ "თბილისი 2016"-თან დუბლი შეასრულა, მოგვაგებინა და პირველ ადგილზე გადაგვიყვანა.

ახლა ის ისეთ კარგ ფორმაშია, დარწმუნებული ვარ, მაღალი ლიგების გუნდები დაინტერესდებიან.

შეიძლება ითქვას, აფშინაშვილი "ცხუმს" ვალს უბრუნებს. მისი გამოშვებისას ვამბობდი, რომ გვსურდა, შოთა დიდ ფეხბურთს დაბრუნებოდა და ეჩვენებინა, რა შეეძლო. ვიმედოვნებდი, რომ გამოადგება გუნდსაც და საკუთარ თავსაც.

ბედნიერი ვარ, რომ მიეცა შანსი, ნორმალურ ცხოვრებასა და ოჯახს დაბრუნებოდა. ამ შესაძლებლობას ის ღირსეულად იყენებს", - ამბობს წულაია.

მისივე თქმით, "ცხუმს" ახალი მწვრთნელი ჰყავს - გიორგი ფეიქრიშვილი, რომელსაც თბილისის "შევარდენი 1906"-ის აღმასვლა უკავშირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
აქ არ შეიძლება უხამსი სიტყვები და რა თქმა უნდა სწორიცაა. მხოლოდ იმას ვეტყვი ზოგ ზოგიერთებს რომ ცხუმი იყო არის და იქნება ყოველი ქართველის დიდი სიყარული და ტკივილი. ცხუმი არის დიდი ქართველის გურამ გაბისკირიას შვილი, ცხუმი არის სოხუმის გუნდი და ქართველობას-განსაკუთრებით ფულიან ქართველობას ნამუს-სინდისი რომ ქონდეს თვალისჩინივით გაუფრთხილდებოდა და მოუვლიდა. მართალია ბევრია ქართველი რომელსაც სამწუხაროდ ეროვნულ თვითშეგნებას ვერ მოსთხოვ,მაგრამ რომ იძახი ვინ არის და საიდან მოვიდა ცხუმიო,თანაც ირონიით და ცინიზმით... არა ,გასაგებია რომ არ გცხვენია...გურამ გაბისკირია კი სოხუმის მერი და ცხუმის პრეზიდენტი იყო,რომელმაც მტრის წინაშე არ დაიჩოქა. გაანათლოს მისი წმინდა სული ღმერთმა...
MARADONA
12:02 06-07-2017
0
ნეტა იმათ თავებში და სულებში ჩამახედა ვინც ამ ფაქტს მასხრად იგდებს და და გულისამრევ კომენტარებს წერს
irakli Apkhaidze
13:19 28-05-2017
0

სიახლეები პოპულარული