ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ავიყვანოთო!.. რა დაუჯდა "სპარტაკს" ჯანო ანანიძე?

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რუსულ სპორტულ მედიაში ლამის ტოპ-თემად იქცა და ჩვენც ყოველდღიურად გაცნობთ, რაც იქაურ პრესაში იწერება.

"სპორტ ექსპრესი", ამჯერად, ჯანო ანანიძის ყოფილ მენეჯერს, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილ შემტევს, რევაზ ჩელებაძეს გაესაუბრა.

ვიდრე ინტერვიუზე გადავალთ, შეგახსენებთ, ანანიძემ შესანიშნავად დაიწყო სეზონი: ულამაზესი გოლი გაიტანა ევროპალიგაზე, რასაც რუსეთის პრემიერლიგის პირველივე ტურში დუბლიც მიაყოლა. შემთხვევითი არ არის, რომ ჯანო ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა...

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ!
[VIDEO]

- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

ახლა კი გავეცნოთ რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ინტერვიუს რევაზ ჩელებაძესთან...

- ორ მატჩში სამი გოლი! გაგიკვირდათ, ჯანომ ასე კარგად რომ დაიწყო სეზონი?
- გასაკვირი არაფერია. ანანიძე 16 წლის იყო, როცა მოსკოვის "სპარტაკში" მივიყვანე. მან ჯერ კიდევ მაშინ გააკვირვა ყველა. ახლა ჯანომ საქმეს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. რაც მთავარია, მწვრთნელიც მის გვერდითაა. შემიძლია გითხრათ, რომ ჯანო ვუნდერკინდი იყო ბავშვობიდან.

- რით გააკვირვა სპეციალისტები გასინჯვაზე მყოფმა ანანიძემ?
- მაშინ 16 წლის იყო. სელექცია ებარა სმოლენცოვს. ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ ანანიძეს ეთამაშა ერთი ტაიმი დუბლებში. მხოლოდ 15 წუთზე დაგვთანხმდა. ჯანოს ანგარიშზე იყო ორი გოლი და ორიც საგოლე პასი. სმოლენცოვი მოვიდა ჩვენთან და გვითხრა - მთავარია, თქვენ ფასი არ აუწიოთ და ჩათვალეთ, რომ მოვილაპარაკეთო. არადა, ბევრი იცინოდა, როცა პატარა ბიჭი დაინახეს...

- მაშინვე გააფორმა ჯანომ კონტრაქტი "სპარტაკთან"?
- ეს მეორე დღეს მოხდა. "სპარტაკის" მაშინდელი მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი უყურებდა ამ თამაშს და პირდაპირ თქვა - ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ავიყვანოთო... მეორე დღესვე გაფორმდა ხელშეკრულება.

- რა თანხა დაუჯდა "სპარტაკს" ჯანო? საიდუმლო თუ არ არის...
- არ არის საიდუმლო: 300 000 დოლარი.

- ეს არცთუ ისე ბევრია...
- კი, მაგრამ მაშინ მათ თქვეს, რომ ბავშვში ამდენი ფული ჯერ არ გადაუხდიათ.

- ჯანო 16 წლის მივიდა "სპარტაკში", თუმცა 23 წლისაზე ვერ იტყვი, რომ გუნდის ლიდერია...
- მას ჭკუა არასოდეს აკლდა. ეგაა, ხელს ყოველთვის ტრავმები უშლიდა. ის ვერ ახერხებდა ფიზიკურად სულ მზადყოფნაში ყოფილიყო. ახლა მას ჯანი მოემატა და მინდორზე მისი ჯობნა ძალიან რთულია.

- რა არის მისი პლუსი?
- შესანიშნავად ხედავს მინდორს, ძალიან სწრაფად აზროვნებს, მოქნილია... ერთადერთი, რაც მას არ ჰყოფნის, ეს არის ძალა. თუ ამ მხრივ მოუმატებს, მაშინ ის ძალიან სერიოზული ფეხბურთელი იქნება.

- მას ტრენაჟორები არ უყვარს?
- შეიძლება, ეს ასეა, მაგრამ ის უკვე ვარჯიშობს ტრენაჟორებზე და შედეგიც სახეზეა.

- რომელი მეტსახელია მისთვის ზედგამოჭრილი - "პატარა პირლო" თუ "ქართველი მესი"?
- პირლო ჯობია. მესი საერთოდ არავის არ უნდა შეადარო. ის ხომ სულ სხვა პლანეტიდანაა. პირლო უმაღლესი დონის ოსტატია, მაგრამ ის მაინც ადამიანია... თუ ჯანო ბევრს იმუშავებს საკუთარ თავზე, მაშინ ის ვარსკვლავი გახდება.

- შრომისმოყვარეობასთან დაკავშირებით მას პრობლემები აქვს?
- ის არ არის ზარმაცი. შეიძლება, ბუნებრივი მონაცემები არ უწყობს ხელს. მას ძალა უნდა მოემატოს, მინდორზე მეტად რომ გამოჩნდეს. თუ მომძლავრდა, დიდ ფეხბურთს ითამაშებს, თუ არა და, ისევ ამ დონეზე დარჩება. ტანის აგებულებით ჯანო ჩამოჰგავს ნედვედს. ეგაა, ფიზიკურად უნდა გაიზარდოს. ტექნიკით და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფით კი, შეიძლება მასზე წინაც დგას.

- რომელია მისი ოპტიმალური პოზიცია?
- ის ყოველთვის გამთამაშებლად თამაშობდა. მისთვის ოპტიმალური პოზიციაა მარცხენა ნახევარმცველის ადგილი. კახა ცხადაძე მას საყრდენ ნახევარმცველად აყენებდა, მაგრამ ახლანდელივით ვერ თამაშობდა. მას შეუძლია, გოლი გაიტანოს ან საგოლე პასი გააკეთოს. ის შეტევასთან ყოველთვის ახლოს უნდა იყოს. არ გამოვრიცხავ, ჯანო ალენიჩევს საკუთარ თავს აგონებდეს.

- ახლაც მისი მენეჯერი ხართ?
- არა... მისი მენეჯერი გახდა მამა, რომელიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ ჯანო უკვე თავად აგვარებდა თავის საქმეს. მე დღეს ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი გახლავართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
და ვიდრე ჩელებაძე ეყოლება მენეჯერი ვერსადაც ვერ წავა სპარტაკს იქეთ...
ოთო
17:55 05-08-2016
0
ზაზა არის 100%-იანი, და მარტო ჯანო კი არა ყველას ეხება ეგ...
Walkabout
11:36 05-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული