ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ვაჩიბერაძე "შახტართან" კონტრაქტზე ყოყმანობს

AutoSharing Option
უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლექსანდრ ჰოლოვკო გუნდს მალე შეკრებს და ელიტრაუნდისთვის მზადებას შეუდგება. მის სიაშია დონეცკის "შახტარის" 19-წლამდელთა ლიდერი ბექა ვაჩიბერაძეც, რომელზეც რამდენჯერმე დავწერეთ.

ვაჩიბერაძე ელიტრაუნდის პირველ მატჩს გამოტოვებს. საქმე ისაა, რომ მან შესარჩევ ეტაპზე, სადაც სამივე შეხვედრა ჩაატარა, 2 ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

ელიტრაუნდამდე კი უკრაინა ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს ორჯერ (28 და 30 აპრილს) შეხვდება. ამ ეტაპისთვის მზადება გიორგი დევდარიანის გუნდმაც დაიწყო და 25 თებერვალს გასვლაზე იტალიასთან საკონტროლო შეხვედრაც გამართა. მატჩი 1:1 დასრულდა...

თუმცა ჩვენ დავუბრუნდეთ ვაჩიბერაძეს.
18 წლის ქართველს ელიტრაუნდამდე დიდი ბრძოლები არ მოაკლდება: 17 მარტს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხეფინალური მატჩები გაიმართება. ვაჩიბერაძე "ლივერპულთან" შეხვედრაზე ოცნებობდა, მაგრამ წილისყრამ "შახტარი" "ბენფიკასთან" დააწყვილა. ეს რაუნდი ერთმატჩიანია და მას "შახტარი" ლისაბონში გამართავს.

და აი, მთავარსაც მივუახლოვდით - ვაჩიბერაძეს, რომელსაც უკრაინულ მედიაში დონეცკელ 19-წლამდელთა "საუკეთესო და ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი" უწოდეს, კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება.

საინტერესო ისაა, რომ "შახტარი" მას უკვე პროფესიული კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობს.

ასეთი დონის კლუბში მოხვედრაზე მისი ასაკის ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი იოცნებებდა. ამიტომ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ვაჩიბერაძე ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. აქედან გამომდინარე, უკვე ძნელი სათქმელია, რომელ გუნდში ვიხილავთ ნიჭიერ ქართველს. დღევანდელი მდგომარეობით, მას დონეცკში დარჩენა აღარ სურს.

მიზეზი უცნობია. არის ინფორმაცია, რომ ვაჩიბერაძეს სოლიდური ევროპული კლუბები იწვევენ. ეს ამბავი კულუარულად დაგვიდასტურეს. მას ჰყავს მენეჯერი, რომელიც მალე იტყვის, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ახალგაზრდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"