გიორგი მერებაშვილი: მეც და გიორგი ლორიაც ოფი-ს ზაფხულში დავტოვებთ

AutoSharing Option
ბერძნული ოფი-ს ქართველი ლეგიონერები, გიორგი მერებაშვილი და გიორგი ლორია ფინანსურად შეჭირვებულ კლუბს ზაფხულში დატოვებენ. ამის თაობაზე კრეტას კლუბის ხელმძღვანელობასა და ქართველ ფეხბურთელებს შორის პრინციპული შეთანხმება უკვე შედგა.

"უკვე შეგიძლიათ, დაწეროთ, რომ დიდი ალბათობით, მეც და გიორგი ლორიაც სეზონს ოფი-ში ჩავამთავრებთ, ზაფხულში კი კლუბს დავტოვებთ", - გვითხრა მერებაშვილმა, რომელსაც 22 იანვარს მატჩის შემდეგ შევეხმიანეთ.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის თასის გათამაშების პირველ მერვედფინალურ მატჩში ოფი-მ გასვლაზე 4:0 მოუგო "პანთრაკიკოსს" და პრაქტიკულად, დაიბევა მეოთხედფინალში თამაშის უფლება. ოფი-ს შემადგენლობაში ორივე ჩვენებურმა ითამაშა. მერებაშვილმა 28-ე წუთზე
გოლიც გაიტანა.
მერებაშვილისა და ლორიას გადაბირება რამდენიმე სოლიდურ კლუბს სურს. მათ შორის არიან წამყვანი ბერძნული გუნდებიც. ორივე ჩვენებურს ოფი-სთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა სეზონი მორჩება თუ არა, ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდება.

ქართველები ახლავე წავიდოდნენ კუნძულიდან, მაგრამ ფიფას წესებით, მათ სეზონში მესამე გუნდში გადასვლის უფლება არ აქვთ და მომავალი სეზონის დაწყებამდე უქმობა მოუწევდათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული