ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მოგების შემდეგ ქუჩაში გასვლა მიხარია

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი თემურ ბარქაია ხალისიანი და საინტერესო მოსაუბრეა.

ახალგაზრდა მენეჯერი გვიყვება, თუ როგორ მოახერხა უმაღლესი ლიგის ყველაზე ღარიბმა კლუბმა "წითელ ჯგუფში" მეორე ადგილზე დაწინაურება...

მენეჯმენტის კოლხური გაკვეთილები
- "კოლხეთი" საქართველოში უნიკალური გუნდია, რადგან ჩვენი რესურსი მაქსიმალურად სწორად გავთვალეთ და გამოვიყენეთ. სეზონის დაწყებამდე თურქეთში შეკრება გვეწყებოდა, როცა იქ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.

გავრისკეთ და წავედით, რადგან ნაყოფიერი შეკრება კარგი სეზონის წინაპირობაა. თანაც, ბევრი გუნდი ჩადის და კარგი სპარინგების გამართვა, ლეგიონერების დამატება გვსურდა. იქ გახდნენ "კოლხეთის" წევრები რამალდინოვი, ოზარკივი და ივანკო. ამ
უკანასკნელმა თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ მერე იმედები აღარ გაამართლა და ახლახან დავემშვიდობეთ.

თურქეთში აფრიკელ თავდამსხმელსაც ველოდებოდით, მაგრამ მისი დამატება ვერ მოვახერხეთ.

თუ გახსოვთ, თურქეთში ბაქოს "ინტერს" მოვუგეთ და ეს სენსაციად ჩაითვალა. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ სეზონმა აჩვენა, რომ "კოლხეთი" რეალურად გაძლიერდა და რომ თითოეული თეთრი სწორად დაიხარჯა.

შემთხვევით გუნდი ლიდერებში ვერ მოხვდება. სიამაყით ვიტყვი, რომ ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო სტაფი და მოთამაშეები ერთი გუნდია, ყველა თავის საქმეს აკეთებს და ბოლომდე იხარჯება და ამ გუნდურმა სულისკვეთებამ შედეგი მოგვიტანა.

"სიონთან" ბოლო შეხვედრა ავიღოთ: ბევრი ტრავმირებული გვყავდა და იძულებულები გავხდით, 19-წლამდელების გუნდიდან 5 ფეხბურთელი დაგვემატებინა, ბევრმა კი თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა.

- რეალურად, ევროპის ლიგის საგზურისთვის საბრძოლველად რამდენი ქულა გყოფნით?
- ქულა საკმარისი იქნება. ეგაა, გოგონაიას, ბოლქვაძის, კარობკასა და გედენიძეს გარდა, "სამტრედიასთან" შოთა კერძევაძეც ვერ ითამაშებს, რომელიც ამ გუნდიდან ვინათხოვრეთ. მაგრამ უიმედოდ არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი გუნდის მჯერა და იმედია, თავს არც დარჩენილ სამ ტურში შევირცხვენთ.

შეხვედრა "ლესტერის" პრეზიდენტთან
- "კოლხეთის" აღმასვლას ფოთში რა რეაქცია მოჰყვა?
- ფაქტებს გეტყვით: "სიონს" ქობულეთში ვუმასპინძლეთ, რადგან რაგბის სტადიონზე თამაშს ვეღარ ვახერხებთ - ქალაქმა გულშემატკივრებისთვის 2 ავტობუსი გამოყო. მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და 5 სამარშრუტო ტაქსი პირადად დავიქირავე. სხვა ქალაქში საკუთარი გუნდის თამაშზე ამდენი მაყურებელი ბევრ გუნდს დაყვება? მოგების შემდეგ ქუჩაში გასვლა მიხარია, ფოთი პატარა ქალაქია და წარმატების ამბავი უცებ ვრცელდება.

საერთოდ, არა მხოლოდ ფოთში, ყველგან ისეთი რეაქცია აქვთ - "კოლხეთი" რომ მეორე ადგილზეა, არ სჯერათ.

- სეზონის დაწყებამდე ეს ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, თავად თუ დაიჯერებდით?
- არც ვკამათობ: უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ველოდით. რა დასამალია, ჩვენ ოთხეულში მოხვედრის ვარიანტსაც განვიხილავდით და გადათამაშებაზეც ვფიქრობდით.

- იასონ კვირკველია (ფილმ "პირველი მერცხალის" გმირი - რედ) თქვენით იამაყებდა?
- აბა?! თუ იმ ქვეყნადაც არის ფეხბურთი, იასონ კვირკველია ჩვენს სადღეგრძელოს ბორის პაიაჭაძესთან ერთად შესვამს. გადამეტებული არ მინდა გამოვიდეს - ჩვენ ლეგენდობამდე ძალიან შორს ვართ. მაგრამ "კოლხეთი" ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. ეს ლეგენდა დღესაც გრძელდება და მის სახელს თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.

ერთხელ ვიხუმრე, რომ ქართული "ლესტერი" ვართ-მეთქი. ცოტა ხანში ჩემთან მეგობარი მოვიდა, რომელსაც დაურეკეს და გაეხუმრა - არ მცალია, "ლესტერის" პრეზიდენტს ვხვდებიო. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხუმრობაა, იქამდე ჩვენ ბევრი გვიკლია. მაგრამ სერიოზულად იმას ვიტყვი, რომ აქამდე თითქმის ყველა დაპირება შევასრულე. მაგრამ ვოცნებობ, რომ "კოლხეთმა" პირველი ტიტული ჩემს ხელში მოიპოვოს და "ფაზისის" რეკონსტრუქცია დასრულდეს, ასეთი აღმასვლით კი დამატებითი სტიმული მივცეთ პოტენციურ სპონსორებს, რომლებთანაც მოლაპარაკება დავიწყეთ.

წინადადება ფედერაციას
- ბოლო ორ შეხვედრაში 3 მოთამაშე გაგიგდეს. გადამწყვეტ მატჩებში ეს ძალიან დიდი იყო?
- მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან შეცდომა ყველა ადამიანს მოსდის. მთავარია, ეს განზრახ არ გააკეთოს. ამიტომ მათთან პრეტენზია არ მქონია, ფეხბურთელებს კი კლუბი დაელაპარაკებათ.

ფეხბურთი აზარტული თამაშია და მირჩევნია, გუნდში ემოციური კაცები გვყავდეს, ვიდრე მსახიობები. მაგრამ მათ საქციელს ემოციები ვერ გაამართლებს. სხვათა შორის, ამ დღეებში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შევხვდები და რამდენიმე საკითხზე ჩემს შეხედულებას გავაცნობ. დანარჩენს პირადად მათთან დავაკონკრეტებ და ვფიქრობ, დაინტერესდებიან.

- თქვენი აზრით, გარდამავალი ჩემპიონატის ფორმულამ გაამართლა?
- რა თქმა უნდა! იმიტომ, რომ ყველა ქულას ფასი დაედო, ყველა შეხვედრა ფინალის ტოლფასია და ჩემპიონატი დაძაბულია. რეალურად, დონე სხვაგვარად ვერც გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, გათამაშება გაცილებით საინტერესო მომავალი წლიდან გვექნება, როდესაც 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადავალთ, ხოლო I ლიგა იქნება საუკეთესო, რაც აქამდე ჩატარებულა. ამას ახალი ფორმატი და პრემიალურების სისტემა განაპირობებს.

დონე ერთ დღეში ვერ გაიზრდება, მაგრამ კლუბები და ფედერაცია ერთად თუ ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, გავა რამდენიმე წელი და ჩემპიონატი გაცილებით მიმზიდველი გახდება.

მინისტრის სიტყვა
- წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი შემადგენლობით ევროთასებზე გახვედით. ღირსეული გამოსვლა ხომ გაგიჭირდებათ?
- გაგვიჭირდება, მაგრამ ახალი ჩემპიონატისთვის არსებული ბირთვის შენარჩუნებაც გვსურს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაც. იმიტომ ვმუშაობთ, რომ ახალი სეზონიდან "კოლხეთი" იყოს არა აღმოჩენა, არამედ თავიდანვე ევროპის ლიგისთვის რომ იბრძოლოს. ამიტომ, გაცილებით ძლიერი გუნდიც ჩამოყალიბდება.

- ჩემპიონატში სამდღიან სატრანსფერო "ფანჯარაში" ვინმეს დამატებას აპირებთ?
- დიდი სურვილი გვაქვს, ერთი ფეხბურთელი დავიმატოთ. მაგრამ ჯერ ამაზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.

- "კოლხეთი" კარგად კი იქცევა, მაგრამ ჯერ "აუზში წყალს არ უსხამენ" - საინტერესოა, კლუბს "ფაზისის" რეკონსტრუქცია როდის ეღირსება?
- ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბაიამ "კოლხეთის" ხელმძღვანელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი შეგვახვედრა.

მას 3 საათის განმავლობაში სტადიონისა და გუნდის პრობლემებზე ველაპარაკებოდით და ბევრი უცნობი ფაქტი გავაცანით. გვითხრა, რომ 2017 წლის ბოლოს დასავლეთ ტრიბუნა აშენდება და მოედანი მოწესრიგდება. ჩვენი სურვილია, საკუთარ სტადიონზე მომავალი წლის შემოდგომიდან მაინც ვითამაშოთ.

შეურაცხმყოფელია, პირველი ქართული გუნდი საკუთარ სტადიონზე რომ ვერ თამაშობს. მეორე საკითხი "კოლხეთის" საფეხბურთო სკოლაა: მისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 400 ათას ლარის გამოყოფას შეგვპირდნენ. მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელებს უნდა შევხვდე და 300 ათასის დამატება ვთხოვო - ამ თანხით თანამედროვე, ნახევრადსინთეტიკური საფარის დაგება გვსურს, რაც პოსტსაბჭოეთში მხოლოდ "ლუჟნიკებშია".

ესაა საუკეთესო საფარი, რომელიც რამდენიმე წელი საუკეთესო მდგომარეობაში იქნება, წელიწადში 50 მატჩსა და ყოველდღიურად 8-საათიან დატვირთვას უძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბატონო თემურ ბრიქია, მაინტერსებს ახლა რა განწყობაზე ხართ, დღეს ღობე-ღობე და თავდაწეული სიარული ხომ არ აპირებთ მას მერე რაც ამოდენა ინტევრიუ დადევით "ლესტერის პრეზიდენტო" ?
ხომ გწერდით, რომ ფრთების დაჭრა ადვილია მეთქი, ახლა მაინც მიხვდით რომ ეს საზღაურია იმისა რომ მწვრთნელის დამსახურებები თავის თავზე მიიწერეთ და ამოდენა ინტერვიუში ერთი წესიერი და ღირსეული ფრაზაც კი არ თქვით მწვრთნელებზე და გელა სანაიაზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რომ ამ უცნაური კონტიგენტისაგან ფეხბრუთელბი დაყენებინა, მაგრამ ეს ასე ადვილი არაა, დისციპლინა სრულიად ცუდია, ნახეთ თქვენი ფეხბურთელები როგორ ფსიქიანი და ნერვიულები არიან,რეებს შვებიან მოედანზე, თუ ესეც კიდევ მწვრთნელის ბრალი იქნება ახლა? - ბოლო ორ შეხვედრაში 3 მოთამაშე გაგიგდეს - ეს არაფერზე მეტყველებს?
დღევანდელი წაგება 6-1 სამტრედიასთან 7-0-ს ძლივს გადარჩენილი საბურთალოსაგან, სრული სამხილია იმისა რომ სწორედ თქვენ ხართ სუსტი და არა სანაია ან ვინმე მწვრთნელებიდან.
იბრიქავეთ ახლა ბატონო ბარქაია და იყავით.
მე მწამს კოლხეთი გადარჩება გავარდნას და ამაშიც მწვრთნელს და ზოგიერთ ფეხბურთელებს უმადლოდეთ, ზოგიერთები კი სასწრაფოდ გააგდეთ გუნდიდან, ნერვები იმკურნალონ სჯობს.
Jango
19:01 29-10-2016
0
კლუბი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილისათვის იბრძვის და საკუთარი სტადიონი არა აქვს, რაზე საუბრობთ საერთოდ!!!! ჭკვიანი ხალხი, ჯერ იფრასტრუქტურებს ქმნიან და მერე იბრძვიან ადგილებისათვის. და საერთოდ, საქართველოში კეთდება რაიმე გეგმისა და ჭკვიანური ტვინის კარნახით? ეს არასოდეს არ ყოფილა და არც იქნება. დავაი ხვალ 41 შემოხაზეთ და ყველაფერი "ოკ" იქნება.
zviadi
17:16 29-10-2016
0

სიახლეები პოპულარული