ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძემ მოსკოვის "სპარტაკიდან" ქართველი ჩამოიყვანა

AutoSharing Option
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურაში" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიწვია.

მათგან ბევრის ყურადღებას მიიქცევს ირაკლი ჭეჟია. საინტერესოა, რომ ირაკლი გალში აფხაზეთის ომის დაწყებამდე სამი თვით ადრე, 1992 წლის 22 მაისს დაიბადა. ომის შემდეგ მისი ოჯახი რუსეთში გადასახლდა და ირაკლიც ფეხბურთელად მოსკოვში ჩამოყალიბდა.

საფეხბურთო კარიერა მან 2009 წელს, მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო. მან რუსების "სახალხო გუნდის" დუბლებში ითამაშა, მაგრამ ძირითადში გადაყვანას რომ ვერ ეღირსა, 2012 წელს ძერჟინსკის "ხიმკიში" გადავიდა.

2013/14 წლების სეზონის მეორე ნახევარში ჭეჟია "კალუგას" შეუერთდა, 2014/15-ში კი - პრემიერლიგაში აღზევებულ ტულის "არსენალს",
შემდეგ გადავიდა სომხეთის "ულისეში", ბოლოს კი რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ არმავირის "ტორპედოში" გამოდიოდა.

და კიდევ ერთი - 2010 წელს ირაკლი მოსკოვის "სპარტაკის" შემადგენლობაში რუსეთის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

"ჩვენ ხუთეულისთვის ბრძოლა გვსურს და ტყუილად ეგონათ, რომ სატრანსფერო პერიოდში არაფერს ვაკეთებდით. გარდამავალი ჩემპიონატისთვის ბევრი საინტერესო მოთამაშე მოვიყვანეთ. ერთი მათგანი ჭეჟიაა. მიმაჩნია, რომ ირაკლის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და მჯერა, ის "შუქურას" აუცილებლად გააძლიერებს", - ამბობს ჩელებაძე.

საინტერესოა, რომ ჭეჟიას მსგავსად, მოსკოვის "სპარტაკში" მეკარე აზამატ ჯიოევსაც უთამაშია. ქობულეთელთა დირექტორის თქმით, ის ახლა საუკეთესო ფორმაშია და დარწმუნებულია, რომ ჯიოევი საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო მეკარეა.

ქობულეთელებმა საკმაოდ კარგი და გამზადებული ცენტრალურ მცველთა დუეტი დაიმატეს ქუთაისის "ტორპედოდან" - ბაქარ მირცხულავა და ქუთაისელთა ყოფილი კაპიტანი გურამ ადამაძე. ეგ არის, რომ ადამაძე ტრავმირებული იყო და მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა. ახლა ცდილობს, რომ მზადება სწრაფად გაიაროს. ჩელებაძის თქმით, ადამაძე განაცხადში, სავარაუდოდ, ორი ტურის შემდეგ მოხვდება.

ქობულეთელებმა წინა ტურში სამი მოთამაშის - ლევან კუტალიას, ლაშა ომანიძისა და გიგა მამულაშვილის განაცხადში შეყვანა ვერ მოახერხეს, მაგრამ ახლა ეს საკითხი მოგვარდა.

კუტალიას წინა სეზონიდან წითელი ბარათი გამოჰყვა და მისი უთამაშებლობის მიზეზი ეს იყო. ბოსნიური კლუბებისა და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ბოლოს პირველი ლიგის "ოდიში 1919"-ში თამაშობდა და წესით, ქობულეთური გუნდი უნდა გააძლიეროს.

ჩელებაძეს ეიმედება სწრაფი ლაშა ომანიძის, რომელსაც რუსეთსა და ესტონეთში უთამაშია.

ბევრისთვის უცნობია გიგა მამულაშვილი - მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი 24 წლის თავდამსხმელი მოლდოვის ნაციონალური დივიზიის ბინადარ "ტირასპოლში" ირიცხებოდა. 2011-12 წლებში რუსეთის მეორე ლიგის კლუბ სმოლენსკის "დნეპრში" გამოდიოდა, ხოლო 2013-16 წლებში, იმავე ლიგაში, ტვერის "ვოლგას" ლიდერი გახდათ.

სხვათა შორის, ამ გუნდში მისი პარტნიორი ასევე ფორვარდი და ასევე უცნობი ქართველი ნოდარ ქავთარაძე იყო. და ერთი საინტერესო დეტალიც: 2012/13 წლებში მამულაშვილი რუსეთის ფუტსალის ჩემპიონატში მოსკოვის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცარმატებები ირაკლი...
zugdidi
18:38 12-08-2016
0

სიახლეები პოპულარული