სიონი-მერანი 1:0 - აპაპი და მედინა

AutoSharing Option
ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ბოლნისის "სიონმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, თუმცა ლადო ბურდულის გუნდს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოუწევს.

გორში ნომინალური მასპინძლის როლში მყოფმა ბოლნისელებმა "მერანთან" "პირველ ნომრად" იასპარეზეს. მაღალ ტემპი არ ყოფილა, ბურთის ნელი გორება და ურთიერთდაზვერვა, მეტოქის შეცდომაზე გამოჭერა მეტადრე დებიუტში შეიმჩნეოდა.

ბურთს, ძირითადად, "სიონი" აკონტროლებდა და შეტევაშიც ხშირად გადადიოდა, მაგრამ ბოლნისელები მოწინააღმდეგის კართან ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ. ამაში მათ ხელს "მერანის" კარგად ორგანიზებული უკანა ხაზი უშლიდათ, რომელთაც შუახაზელებიც აქტიურად ეხმარებოდნენ.

სტუმრები ჩასაფრებულნი იყვნენ, რათა მოწინააღმდეგე
სწრაფ კონტრშეტევაზე გამოეჭირათ და ხეირი ენახათ. სწორედ ამ ვითარებაში, საბა ლომია გაექცა "სიონის" მცველებს და დარტყმაც მოახერხა, მაგრამ ახლო მანძილიდან ბათიაშვილს ვერ აჯობა.

გატანა ბოლნისელ დათა სიჭინავასაც შეეძლო, როცა 29-ე წუთზე წინ გამოსულ გიორგი ბეგიაშვილს თავზე გადაუგდო ბურთი, ოღონდ, ეგ იყო, რომ დაუცველ კარში ვეღარ შეაგორა. თუმცა მარტვილელები მაინც ვერ გადაურჩნენ გოლს - ალექსანდრე გოგობერიშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული "სტანდარტულისას" ვიეირა მედინამ მცველებს დაასწრო და თავით ეფექტურად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში - 1:0.

"სიონის" პორტუგალიელი ლეგიონერი, შესაძლოა, ხშირად შესამჩნევი არ ყოფილა ამ მატჩში, მაგრამ ის მეორე ტაიმშიც ახლოს იყო გოლთან და, სხვათა შორის, ამ შემთხვევაშიც თავური დარტყმით აწუხებდა მოწინააღმდეგის გოლკიპერს.

შესვენებისას "მერანის" მთავარმა მწვრთნელმა შალვა ღონღაძემ ორმაგ ცვლილებას მიმართა. მარტვილელები უფრო გააქტიურდნენ და ერთ ეპიზოდში "სიონი" აშკარა გოლსაც გადაურჩა - ნოდარ კიკნაველიძის მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან შესრულებული შესანიშნავი დარტყმა ბოლნისელთა კარის ძელმა "ცხრიანთან" აისხლიტა.

მერე ფეხბურთელებმა ტემპს მოუმატეს და ხიფათი მეტ-ნაკლებად ორივე კართან შეიქმნა. "სიონსაც" შეეძლო ხელსაყრელი ეპიზოდით ანგარიშის გაზრდა (ვიეირა მედინა) და მარტვილელებსაც ჰქონდათ უკანასკნელ წუთზე ქულის მოპოვების შანსი (ლომია), თუმცა სხვაობა აღარ შეცვლილა და მალტელი არბიტრის, აპაპის საფინალო სასტვენმა პორტუგალიელი მედინას გოლით "სიონის" გამარჯვება დააფიქსირა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
18.04. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
სიონი-მერანი 1:0
გოლი: 1:0 ვიეირა მედინა (33)
სიონი (4-5-1): ბათიაშვილი - ფოფხაძე (64. გაფრინდაშვილი), სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, ცნობილაძე - ლობჯანიძე, ცხადაია, სიჭინავა (61. ჭანკოტაძე), საჯაია (80. ჭიკაიძე), გოგობერიშვილი - ვიეირა მედინა.
სათადარიგოები: მერლანი, ჯინჭარაშვილი, უგულავა, ენდრიუ არაუსო.
მწვრთნელი: ლადო ბურდული
მერანი (4-5-1): ბეგაშვილი - მელიავა, ციცხვაია, ორბელაძე (46. ქაჯაია), კიკნაველიძე - შულაია, ქიქავა, წყაროზია (56. წურწუმია), ჯღამია, ლომია - ფიფია (46. ციცხვაია).
სათადარიგოები: მამალაძე, ფონიავა, გეგეჭკორი, კუშნირი.
მწვრთნელი: შალვა ღონღაძე
გაფრთხილება: ცხადაია (12), მოსემღვდლიშვილი (57), ლომია (62), ბათიაშვილი (90)
არბიტრი: მ. აპაპი (მალტა).

ბომბარდირები
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXV) ტური
24 აპრილი, პარასკევი
დილა-შუქურა
ტორპედო-ჩიხურა
ვიტ ჯორჯია-სიონი
ცხინვალი-დინამო (თბ)
კოლხეთი-მეტალურგი
ზუგდიდი-სამტრედია

25 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-გურია
მერანი-ზესტაფონი

28 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული