ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

გიორგი დევდარიანის პრობლემები ელიტრაუნდის დაწყებამდე

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდისთვის მზადება უკვე დაიწყო.

მაგრამ უმძიმეს ჯგუფში (მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი არიან) სათამაშოდ ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გიორგი დევდარიანის გუნდი არასრული შემადგენლობითა და არც ისე სასურველ მდგომარეობაში შეიკრიბა.

დევდარიანმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათგან ელიტრაუნდზე კი 18 საუკეთესო ითამაშებს. ნაკრების დამრიგებლის პრობლემა ისაა, რომ მეკარე ბექა ქურდაძე ახალგაზრდულ ნაკრებს სან მარინოში გაჰყვება, სადაც 3 ივნისს ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს.

თავიდან ცნობილი იყო, რომ "ემპოლის" თავდამსხმელი რომან ჭანტურია დროულად უნდა ჩამოსულიყო,
მაგრამ ცნობილი გახდა, რომ იტალიელები შეკრებაზე მას მხოლოდ 26 მაისს უშვებენ, ანუ თამაშამდე 3 დღით ადრე, 19-წლამდელთა ელიტრაუნდი კი 29 მაისს იწყება და 3 ივნისს სრულდება.

ერთი დღით გვიან გამოცხადდებიან 19-წლამდელთა ის ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს თასის ფინალში გასული გუნდების ღირსებას დაიცავენ: "სამტრედიაში" გიორგი თევზაძე და ილია კერძევაძე თამაშობენ, თბილისის "დინამოში" კი - ოთარ კიტეიშვილი. ისინი დევდარიანის განკარგულებაში 26 მაისის თასის ფინალის შემდეგ, ანუ 27 მაისს იქნებიან.

წარმოიდგინეთ, ფინალის მეორე დღეს ეს ფეხბურთელები დაისვენებენ, ნაკრებთან ერთად კი მხოლოდ ერთხელ, 28 მაისს ივარჯიშებენ, ხოლო 29-ში უკვე ესპანეთთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით.

მოასწრებენ კი ძალების აღდგენას ეს ფეხბურთელები და სრული დატვირთვით თამაშს? კლუბების ინტერესების უგულებელყოფაც არ გამოდის, მაგრამ ნაკრების მწვრთნელსაც სადარდებელი გასჩენია - 4 საკვანძო მოთამაშის დაგვიანებით, სათამაშო სქემების აწყობასა და გუნდის შეთამაშებას რამდენად მოახერხებს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"