ჩ/ლ. 1/4-ფინალი: მბაპე და "მონაკო" ისევ ვერავინ გააჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
* "მონაკო" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ზედიზედ 4 მატჩში სულ მცირე, 3 გოლი გაიტანა თამაშში.

* კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელია, ვინც მერვედფინალისა და მეოთხედფინალის ოთხივე მატჩში შეძლო გოლის გატანა.

ამ წყვილში შანსები უფრო თანაბრად ფასდებოდა, თუმცა ნაწილი ფავორიტად დორტმუნდის "ბორუსიას" მიიჩნევდა - რეალობა სხვაგვარი გამოდგა, რადგან "მონაკომ" ორივე შეხვედრაში დაჯაბნა მეტოქე და ნახევარფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.

მონაკოელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელიც ლაღ, შემტევ და სანახაობრივ თამაშს აჩვენებს. ერთ რამედ ღირს შეტევაში მბაპეს და ფალკაოს თამაშის ყურება,
რომლებმაც მართლაც ბრწყინვალე ტანდემი შექმნეს. თამაში 3 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მბაპემ ხელსაყრელ პოზიციაზე მიიღო ბურთი და ძლიერი დარტყმით დირტმუნდელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ახალგაზრდა ფორვარდი საოცარ ფორმაშია და პრაქტიკულად, ყველა საგოლე შანსს იყენებს. მეორე გოლი პირველი ტაიმის შუაწელს გავიდა და ნათელი გახდა, რომ "მონაკო" გამარჯვებას ხელიდან აღარ გაუშვებდა - თავური დარტყმით, თავის სტილში, გოლი რადამელ ფალკაომ შეაგდო.

მარკო როისმა გაქვითა ერთი ბურთი, როდესაც ფლანგიდან გაკეთებული პასის შემდეგ ბურთი ბადეში გაახვია, თუმცა ვერ დავიჩემებთ, რომ ამან თამაში გაამწვავა - ნახევარფინალში გასასვლელად გერმანელებს კიდევ სჭირდებოდათ გოლები და ნათელი იყო, რომ "ბორუსია" ამ გოლების გამტანი არ იყო. სამაგიეროდ, შეაგდო "მონაკომ" და ამჯერად, შეცვლაზე შესულმა ვალერი ჟერმენმა გამოიჩინა თავი.

აღსანიშნავია, რომ ჟერმენი ერთი წუთის შესულიც არ იყო მინდორზე, რიდესაც თავი გამოიჩინა. ასე სწრაფად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შეცვლაზე შესულ ფეხბურთელს გოლი ჯერ არ გაეტანა - მასპინძლებმა ფლანგიდან შეუტიეს, ჟერმენი კი საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა და შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა - 3:1.

ისტორია თითქოს, მეორდება - ჩვენ გვახსოვს "მონაკო", რომელიც შემტევი, ლაღი და სანახაობრივი თამაშით 2004 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ეს "მონაკო" ჰგავს იმ "მონაკოს" და ეს გუნდიც ჯიქურ მიიწევს ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალისკენ. ვნახოთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მონაკო-დორტმუნდი 3:1 (3:2)
გოლები: 1:0 მბაპე (3), 2:0 ფალკაო (17), 2:1 როისი (48), 3:1 ჟერმენი (81)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ტურე, გლიკი, იემერსონი, მენდი - ბერნარდო სილვა, ჟოაო მოუტინიო, ტ. ბაკაიოკო, ლემარი - ფალკაო (68. დირარი), მბაპე (81. ჟერმაინი)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, გინტერი - დურმი (27. დემბელე), ვაიგლი, შაჰინი (46. შმელცერი), გერეირო (72. პულიშიჩი) - როისი, კაგავა - ობამეაინგი
მაყურებელი: 18 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული