რა შეცვალა ჯენარო გატუზომ "მილანში"? - "მამაცი გულის" მამაცი გუნდი

AutoSharing Option
როდესაც ჯენარო გატუზო სათავეში "მილანს" ჩაუდგა, "როსონერის" ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ იფიქრებდა, რომ "მამაცი გული" "სან სიროზე" თავის სახელს კიდევ ერთხელ შესანიშნავად წარმოაჩენდა.

რინოსთვის ყველაფერი ცუდად იწყებოდა. სადებიუტო შეხვედრაში მისმა "მილანმა" პირველი ქულები "ბენევენტოს" აჩუქა. თანაც, ჯანლუიჯი დონარუმას კარი სულაც მისმა პირდაპირმა მოწინააღმდეგე ალბერტო ბრინიოლიმ აიღო.

ამის შემდეგ იყო მარცხი ევროპის ლიგაზე "რიეკასთან". პირველი გამარჯვება კი გატუზოს ჯაკომო ბონავენტურამ მოაპოვებინა. "ბოლონიას" მან დუბლი შეუსრულა, რითაც "როსონერის" მესაჭე უზომოდ ბედნიერ ადამიანად აქცია.

ყველაზე მტკივნეული დღე კი, ალბათ, გატუზოსთვის "ვერონაში" გამანადგურებელი
მარცხი, 0:3-ია. იმ შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა კიდეც, რომ გადადგომას გეგმავდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა, რომ უნდა დარჩენილიყო.

"მილანის" დაბრუნება 27 დეკემბრიდან დაიწყო. "დერბი დელა მადონინაში" მათ იტალიის თასზე მოსისხლე მტერი "ინტერი" დამატებით დროში დაამარცხეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ფაქტორი გადამწყვეტი ყოფილიყო? მას შემდეგ ხომ "როსონერის" არც ევროპულ და არც საშინაო ასპარეზზე მარცხი არ უგემია.

მივყვეთ თანმიმდევრობით... გატუზოს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება რომ არ გააჩნია, კარგად მოგეხსენებათ. იგი იყო შვეიცარიული "სიონის" მოთამაშე-მწვრთნელი, ასევე, "პალერმოს", "ოფისა" და "პიზას" დამრიგებელი. ბოლოს იგი "მილანის" პრიმავერას ედგა სათავეში.

რა შეცვალა რინომ "როსონერიში"? თავდაპირველად, მას ტაქტიკაც კი არ შეუცვლია. ის ენდობობა იმ შემადგენლობას, რომელსაც ვინჩენცო მონტელა ათამაშებდა. თუმცა ამის შემდეგ მან მცირე ცვლილებებს მიმართა.

მან სათადარიგოთა შორის გადაიყვანა ნიკოლა კალინიჩი, რომელიც აშკარად კრიტიკას ვერ უძლებდა და ძირითადში დააწინაურა პატრიკ კუტრონე, რომელიც წარმატების ერთ-ერთ გასაღებად იქცა.

ყველაფრის მარტო კალინიჩზე გადაბრალება უსამართლო იქნებოდა. ამიტომ სხვა ფაქტებსაც მოგახსენებთ. გატუზომ პოზიცია შეუცვალა ჰაქან ჩალჰანოღლუს და თურქი ფეხბურთელი მესამე შემტევად აქცია.

დღეს "როსონერის" მხრიდან მეტოქის კარს შემდეგი ფეხბურთელები უტევენ - სუსო, ჰაქან ჩალჰანოღლუ და პატრიკ კუტრონე. ამ ტრიომ ერთად შეთამაშება მალევე მოახერხა.

აქვე აღვნიშნოთ ლუკას ბილიას ფაქტორიც, რომელიც მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებს. "მამაცმა გულმა" მას შუა ცენტრში მიუჩინა ადგილი. ტყუილად კი არ აღნიშნა კარლო ანჩელოტიმ რამდენიმე დღის უკან, გატუზომ ბილიას თამაში აბსოლუტურად შეცვალაო.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კი, რა თქმა უნდა, ჯაკომო ბონავენტურაა, იტალიელ ნახევარმცველს ამ ფორმაციის "მილანის" წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

აშკარაა, რომ მას და რინოს ჩინებული ურთიერთობა აქვთ, რაშიც "მილანის" ყველა მატჩში ვრწმუნდებით. ბონავენტურა მაქს ალეგრის ფორმაციის "როსონერიში" მოთამაშე კევინ პრინს ბოატენგს მოგაგონებთ. იგი უცბად შერბის საჯარიმოში და დასწრებაზე ბრწყინვალედ ასპარეზობს.

მონტელა, ძირითადად, 3-2-3-2, ან 3-5-2 ტაქტიკით თამაშობდა, გატუზომ კი ის 4-3-3-ად გადააკეთა.

და მაინც, რა არის "მილანის" მთავარი ძალა? როგორც ყველა აღნიშნავს, რინო შესანიშნავი მოტივატორია. ის 90 წუთის განმავლობაში შეუსვენებლივ მოძრაობს და ფეხბურთელებს დავალებებს აძლევს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ემოციები, გულშემატკივრებთან ურთიერთობა, ყველა ფეხბურთელთან თამაშის შემდეგ მისვლა და მადლობის გადახდა.

როდესაც გატუზოს ეკითხებიან, თუ როდის გააგრძელებს "მილანთან" კონტრაქტს, ის პასუხობს, რომ ამ წამებით უბრალოდ ბედნიერია, რადგან თავს, როგორც სახლში, ისე გრძნობს და ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს.

ის სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებადი სპეციალისტია, თუმცა ეს ფაქტი მას სულ არ ანაღვლებს. ის მილანში უყვართ, მის სახელს სკანდირებენ და ფეხბურთელობის შემდეგ ფანებს თავი, როგორც მწვრთნელმა, ისეც შეაყვარა.

მას ხომ "მილანის" გულშემატკივრებმა "მამაცი გული" შეარქვეს და თავად "მილანიც" გატუზოს გულშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული