ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: უჩემპიონოდ

AutoSharing Option
"ბერძენ-რომაელთა"  მსგავსად, ჭაბუკმა "თავისუფლებმაც" ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს გამოსვლა ათენში დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატში.

10 სექტემბერს მედლისთვის კიდევ სამმა ქართველმა იჭიდავა: გორელი გიორგი გეგელაშვილი (46) ფინალში იბრძოდა, ქარელელი ლაშა ბაირამოვი (76) და თეთრიწყაროელი სოლომონ მანველიშვილი (100) კი - დამამშვიდებელში. სამწუხაროდ, სამივე დამარცხდა, თუმცა გეგელაშვილს ვერცხლი მაინც შერჩა.

ამდენად, ამ გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორი მედლით - თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი (გიორგი ჭოლაძის ბრინჯაო) დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მერვე ადგილზე დარჩა.

ამ ნაკრებმა წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქრო მოიპოვა და ნიშანდობლივია, რომ ეს ახლანდელმა მედალოსნებმა
გააკეთეს. ორივე ჩემპიონს დუბლის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ თითო მოგება დააკლდათ იქამდე.

გეგელაშვილმა პირველ შეხვედრაში წმინდად დაამარცხა ბერძენი იოანის მარტიდისი: 10:0. აზერბაიჯანელი ტოფიგ ალიევი ბერძენზე უფრო ძლიერი კონკურენტი იყო და გეგელაშვილსაც მეტი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ თავს კარგად იცავდა და კონტრშეტევებზე ეჭიდავებოდა. გორელმა ათლეტმა სამჯერ გააკეთა ორქულიანი მოძრაობა და ყოველთვის კონტრშეტევაზე აუღო ქულები. სამაგიეროდ, ნახევარფინალში კიდევ უფრო ძნელი ბრძოლა გადაიხადა ყაზახ ადლან ასკაროვთან, ვისთანაც თავიდან 0:4 ჩამორჩა, მაგრამ ბოლოს 10:6 მოუგო. სამწუხაროდ, ფინალში ამერიკელ კურტ ჰენრისთან ასეთი შემართებით ვეღარ იბრძოლა და 4:12 წააგო.

გიორგი ჭოლაძე მეოთხედფინალში დამარცხდა უზბეკთა მომავალ ფინალისტ უმიდჯონ ჯალილოვთან - 4:6, სხვა შეხვედრებში კი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ის საკვალიფიკაციო წრიდან ჩაება ტურნირში, სადაც დამაჯერებლად დაამარცხა რუსი რამაზან ბაგაუდინოვი: 10:5. მომდევნო წრეში კიდევ უფრო ადვილად და უფრო დიდი უპირატესობით დაჯაბნა კანადელი გრეგორ მაკნეილი - 2 წუთში სუფთად მოუგო, 10:0, რასაც უზბეკთან წაგება მოჰყვა, მოგვიანებით კი, ჭოლაძე სანუგეშოში გადაერთო. იქ ირანელი მაჰდი მეჰრდად ვაისი დაძაბულ ბრძოლაში, 6:6-ზე დამატებითი მაჩვენებლების მოშველიებით დაამარცხა, დამამშვიდებლის ფინალში კი თურქ იუსეფ ერუჯელს ძალიან იოლად, 44 წამში მოუგო წმინდად: 10:0.

ბაირამოვმა პირველივე პაექრობა წმინდად, 2:12 წააგო ამერიკელ აარონ ბრუკსთან, მაგრამ რაკი მეტოქე ფინალში გავიდა, სანუგეშოში გადაინაცვლა. იქ ერთი შეხვედრა კი მოიგო გერმანელ ალექს ჰორნერთან, თუმცა ძალიან დაძაბულ პაექრობაში - 10:8, მაგრამ უკრაინელ ალექსანდრ ვიშნიაკთან ვერაფერს გახდა: 0:7.

სხვა ჩვენებურებმა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრეს.

ნაკრების დებიუტანტი მანაშვილი საკვალიფიკაციოში იოლად გაუსწორდა სომეხ მარტინ სიმონიანს - 10:0, თურქ ანი ბერკან კილიჯსალაინს კი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო: 5:4. სამწუხაროდ, მეოთხედფინალში რუს ისმაილ-ბეკ ნიროვთან თვითონაც წმინდად წააგო - 0:11 და მერე სანუგეშოში გადაერთო, სადაც ორი მოგება სჭირდებოდა მედლამდე, მაგრამ პირველივე პაექრობაში მინიმალური სხვაობით, 7:8 დამარცხდა აზერბაიჯანელ ტემრაზ ისმაილოვთან.

დიმიტრი სალდაძე (50) პირველივე შეხვედრაში ისევ დამარცხდა თურქ დოგან კარასთან, ვისთანაც ევროპის პირველობაზეც წააგო. ჩვენებურს არც ამჯერად მიეცა სანუგეშოში გადასვლის საშუალება, რადგან თურქი ისევ ნაადრევად გამოვარდა.

ასევე პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ ევროპის მესამეპრიზიორი თორნიკე ქათამაძე (58), გიორგი ელბაქიძე (63) და ბაგრატ გაგნიძე (69).

ევროპის ფინალისტმა ვლადიმერ გამყრელიძემ (54) ამჯერად ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ მეოთხედფინალში მოულოდნელად 0:7 წააგო მექსიკელ რობერტო ალეხანდრო ბლანკოსთან. აცტეკის წაგებამ გამყრელიძესაც დაუხშო სანუგეშოს კარი.

ანალოგიურად მოხდა დავით ქოჩქიანის (85) მიმართაც: ევროპის წლევანდელი მედალოსანი ორი გამარჯვების შემდეგ ინდოელ სანდეეპ სინგჰ მანთან 3:4 დამარცხდა და სანუგეშოშიც ვეღარ გააგრძელა გამოსვლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული