თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი: ისტორიული დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
პარიზში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი არნახულად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის: დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში, ჩვენმა ნაკრებმა პირველად მოიპოვა ორი ოქრო. ამ ისტორიული წარმატების ავტორები ყვარლელი ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და გორელი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდნენ.

ფინალში ორივემ ფრიად ტიტულოვანი მეტოქე დაამარცხა, თუმცა უდავოა - პეტრიაშვილს გაცილებით ძლიერი კონკურენტი ჰყავდა: თურქთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ხუთგზის გამარჯვებული ტაჰა აკგული, ვინც თითქოს დაუმარცხებელი ჩანდა.

ამ მონაგარს გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა გუნდმა 1 ბრინჯაოც დაუმატა და 3 მედლით დაასრულა ასპარეზობა: მესამეზე
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის ტრიუმფატორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) გავიდა.

ჩვენმა გუნდმა კიდევ ორჯერ იბრძოლა ბრინჯაოსთვის, მაგრამ საგარეჯოელ ზურაბ ერბოწონაშვილსა (70) და სამაჩაბლოელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ ელიზბარ ოდიკაძეს (97) ხელი მოეცარათ და მეხუთეზე დარჩნენ. გუნდურ ჩათვლაში ჩვენები 40 ქულით მესამეზე გავიდნენ აშშ-ისა (54 ქულა) და რუსეთის (53) შემდეგ.

იაკობიშვილის სასწაული
25 წლის იაკობიშვილი, ვინც მოჭიდავედ გივი მეტრეველმა, მსოფლიოს ჩემპიონად კი დავით ოთიაშვილმა აქცია, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის მონაწილე და ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორია, თუმცა მსოფლიოს პირველობაზე პირველად მონაწილეობდა და დებიუტი ოქროთი აღნიშნა. აღნიშვნაც ასეთი უნდა! ის სტაბილური სპორტსმენია, თავის წონაში პერიოდულად გამორჩეულად ძლიერ ბიჭებსაც ამარცხებს და ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა, რიოში იტალიელთა ნატურალიზებულ კუბელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ფრენკ ჩამიზოსაც გამოაგდებდა - დასრულებამდე 40 წამით ადრე 3:0-ს უგებდა.

ახლა მისგან მედალს ნამდვილად ველოდით, მაგრამ მთლად ასე საჩემპიონო პროგნოზს, ალბათ, ბევრი ვერ გარისკავდა. ხინჩეგაშვილის დარად, იაკობიშვილიც ცხადი მაგალითია, როგორ უნდა ისწავლოს სპორტსმენმა შეცდომებზე, როგორ უნდა გააანალიზოს წარსული და გამოიტანოს საჭირო დასკვნები, რათა გაძლიერდეს მომავლისთვის...

ალბათ, 1-2 წლის წინ ფინალში პოლონელთა დაღესტნელ ევროპის ჩემპიონ მაგომედმურად გაჯიევთანაც ისევე გაფლანგავდა მოპოვებულ უპირატესობას, როგორც ეს ოლიმპიადაზე დაემართა ჩამიზოსთან, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იმ წაგებიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და ამჯერად ანგარიში დიდი ბრძოლით, მაგრამ მაინც წარმატებით შეინარჩუნა.

იაკობიშვილი იმის მაგალითიცაა, რაოდენ საჭიროა ბოლომდე ბრძოლა და რა სიკეთე მოაქვს ამას. სწორედ ბოლომდე ბრძოლამ და გამორჩეულმა ჟინმა მოუტანა გამარჯვება ნახევარფინალში რუსთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ფინალისტ ალან გოგაევთან, ვისაც ბოლომდე ეომა, ბოლომდე სდია და დასრულებამდე ორი წამით ადრე წელში შესვლით გაუკეთა ორქულიანი გდება, რამაც ანგარიში გაათანაბრა: 3:3, თუმცა, რადგან ბოლო ქულები ჩვენებურმა მოიპოვა, გამარჯვება და ფინალის საგზურიც მას დარჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენებური ფინალში ცოტა ფრთხილად ჭიდაობდა, რაც პასიურობად ჩაუთვალეს და 30-წამიანი საჯარიმო ჩაურთეს. შეხვედრაში გარდატეხა ვერ შეიტანა და ქულა მეტოქემ მიიღო. პირველი პერიოდი 0:1 დათმო, მაგრამ აქ მისი კიდევ ერთი კარგი თვისება, ძლიერი ხასიათის მორიგი გამოვლენა ვიხილეთ: ამან კი არ გატეხა, პირიქით, მყისვე გააკეთა მობილიზება და მეორეში ჩვეული იაკობიშვილი დაუბრუნდა ხალიჩას, ვინც მაშინვე ეკვეთა მეტოქეს და ფეხიდან აყვანით 2 ქულა მოიპოვა.

ის კიდევ ორჯერ შევიდა ფეხში, მაგრამ ვერ გადააგდო, თუმცა ძვირფასი დრო კი მოიგო. ამასთან, დროც კარგად გაჰყავდა და ორჯერ საოცარი კოორდინაციაც გამოავლინა, როცა თითქოს გარდაუვალი შესვლიდან გაექცა მეტოქეს.

შეხვედრის ბოლოს პოლონელთა დაღესტანელმა მწვრთნელმა, პეკინის ფინალში მინდორაშვილთან დამარცხებულმა იუსუპ აბდუსალამოვმა "ბოლო იმედის" "ჩელენჯი" შემოაგდო, რაც არ მიიღეს და ქულა იაკობიშვილს დაუმატეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენებურმა საბოლოოდ 3:1 მოიგო, ოსმა და დაღესტნელმა კი თავი შეირცხვინეს, როცა დაჯილდოების შემდეგ საერთო ფოტოს გადასაღებად არ დარჩნენ და კვარცხლბეკს ქართველთან ერთად მხოლოდ კუბელი ათლეტი შემორჩა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- ზურაბ იაკობიშვილი: ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ გამარჯვების ყველაზე დიდი სურვილი მე მქონდა

პეტრიაშვილის ომი აკგულთან
პეტრიაშვილმა ნამდვილ სპორტულ ომში მოიპოვა გამარჯვება ეგზომ მრისხანე მეტოქესთან. ამ ფინალში ყველაფერი იყო, რაც პეტრიაშვილის ჭიდაობას ახასიათებს: დიდი ანგარიშით ჩამორჩენაც და სხვაობის გაბათილებაც, დაწინაურებაც და მერე ქულების დაკარგვაც, უპირატესობის ხელიდან გაშვება, მერე ისევ თავიდან ყველაფრის დაწყება და ლამის გარანტირებული გულის შეტევა ქომაგებს...

ფინალი რომ სხვა განზომილებაა, ეს ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა: მანამ ჩინებულად მოჭიდავე პეტრიაშვილი თითქოს ცოტა დაძაბული გავიდა ტაჰასთან. ალბათ, ამ მღელვარების ბრალია დასაწყისში დაშვებული ის ორი შეცდომა, როცა თვითონ შევიდა ფეხში, მაგრამ გადაყვანით ქულები თურქმა მოიპოვა: 0:4.

სამაგიეროდ, ნუგზარ სხირელის შეგირდი ამის შემდეგ გამოფხიზლდა და ნამდვილი "მანქანა" ჩართო: ისევ ფეხში შესვლებით პირველივე პერიოდში გაუთანაბრა ანგარიში, მეორის განახლებისთანავე კი ისევ აიყვანა და ჩინებულად გამოცერა.

ცოტა ხანში ჩოქბჯენიდანაც დაატრიალა და 8:6 დაწინაურდა. ამის შემდეგ ცოტა მოდუნდა, თითქოს კონცენტრაციაც დაკარგა და ანგარიში გაათანაბრებინა. თან ერთხელ ისევ თავის შესვლაზე დაკარგა ქულები. საბედნიეროდ, ძალა მაინც მოიკრიბა და გვარიანად დაღლილი თურქი კიდევ ერთხელ გადააგდო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პეტრიაშვილმა მანამდე კიდევ უფრო კარგად იჭიდავა: ფეხში, ტრადიციულად, იოლად შედიოდა და კარგადაც გადაჰყავდა დაბლა. ფინალამდე მხოლოდ ერთხელ ვერ გამოიყენა ეს ილეთი, როცა ნახევარფინალში ლევან ბერიანიძემ კონტრილეთზე აუღო ქულა. პირველ პაექრობაში რუსთა ჩეჩენ ანზორ ხიზრიევთან (13:2) ჩოქბჯენიდან დატრიალებები გაუჭირდა - ექვსი მცდელობიდან ვერც ერთხელ ვერ გააკეთა, მაგრამ, სამაგიეროდ, მერე ხიზრიევზე უფრო ჩასუქებული კანადელი კორეი იარვისი (10:0) და ბერიანიძე (12:2) როგორ ატრიალა!

ყველამ იცის, რომ ფეხში შედის, მაგრამ ყველა უძლურია, ვერაფერს უხერხებენ. ფიზიკურად კიდევ აქვს რეზერვი და ზოგჯერ ცოტას იღლება, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი მეტოქეები უფრო "გალახულები" გამოდიან ხალიჩიდან.

ერთი სიტყვით, პეტრიაშვილს ძალიან ბევრი რეზერვი აქვს და წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება.

ეს ტრაგედია არაა
ბუნებრივია, ყველას დაგვენანა ხინჩეგაშვილის წაგება რუს ჰაჯიმურად რაშიდოვთან, თუმცა ლადოს ეს სეზონი მაინც აქტივში ეთვლება: ახალ წონაში გახდა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მედალოსანი.

მან საკმაოდ ძლიერი მონღოლი, ამერიკელთა მსოფლიოს ჩემპიონი ფრენკ სტაბლერი და რუსეთიდან თურქეთში გადასული ჩინგიზხან ერდოგანი (ოპან სატი) ფრიად დამაჯერებლად დაჯაბნა.

რომ არა ის ერთი წაგება, პარიზში მშვენივრად იჭიდავა და მომავალშიც ბევრჯერ გაგვახარებს.

* * *
მის მარცხზე ბევრად უფრო დასანანი ოდიკაძის წაგებაა დამამშვიდებლის ფინალში სომხეთის სახელით მოჭიდავე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთან, თბილისიდან წასულ ოლიმპიურ პრიზიორ გიორგი კეტოევთან: 2:2-ზე უფრო დაბალი სინჯის ქულებით დათმო. არადა, სულ ცოტა სჭირდებოდა გამარჯვების მოსაპოვებლად. მით უფრო, მსოფლიოზე ჯერ მედალი არ აქვს.

ერბოწონაშვილსაც ბოლო ნაბიჯიც ისეთივე წარმატებით რომ გადაედგა, როგორც - მანამდელები, იაკობიშვილზე ბევრად ნაკლები სენსაციის ავტორი არ გახდებოდა...

ჩვენი სხვა მონაწილეებიდან ბექა ლომთაძე (57) და ჯუმბერ ყველაშვილი (74) პირველივე წრიდან გამოვარდნენ, დავით ხუციშვილმა (86) კი ერთი შეხვედრა მოიგო.

თ/ჭ. მსოფლიოს ჩემპიონატი. კვარცხლბეკი
57 კგ.
1. იუკი ტაკაჰაში (იაპონია); 2. ტომას გილმანი (აშშ); 3. ბეკბაიარ ერდენებატი (მონღოლეთი), ანდრეი იაცენკო (უკრაინა); 17. ბექა ლომთაძე (საქართველო).

61 კგ.
1. ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი); 2. ჰაჯიმურად რაშიდოვი (რუსეთი); 3. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო), იოვლის ბონე როდრიგესი (კუბა).

65 კგ.
1. ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო); 2. მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი); 3. ალეხანდრო ვალდერ ტობიერი (კუბა), ალან გოგაევი (რუსეთი).

70 კგ.
1. ფრენკ მარკეზ ჩამიზო (იტალია); 2. ჯეიმს გრინი (აშშ); 3. იუჰი ფუჯინამი (იაპონია), აკჟურეკ ტანატაროვი (ყაზახეთი); 5. ზურაბ ერბოწონაშვილი (საქართველო).

74 კგ.
1. ჯორდან ბურგესი (აშშ); 2. ხეტაგ ცაბოლოვი (რუსეთი); 3. ალი შაბანოვი (ბელორუსი), სონერ დემირტაში (თურქეთი); 28. ჯუმბერ ყველაშვილი (საქართველო).

86 კგ.
1. ჰასან იაზდანი ჩარატი (ირანი); 2. ბორის მაკოევი (სლოვაკეთი); 3. იედენ კოქსი (აშშ), ვლადისლავ ვალიევი (რუსეთი); 17. დავით ხუციშვილი (საქართველო).

97 კგ.
1. კაილ სნაიდერსი (აშშ); 2. აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი); 3. გიორგი კეტოევი (სომხეთი), ასლანბეკ ალბოროვი (აზერბაიჯანი); 5. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო).

მძიმე
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო); 2. ტაჰა აკგული (თურქეთი); 3. ლევან ბერიანიძე (სომხეთი), ნიკ გვიაზდოვსკი (აშშ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული