პატარა ოზურგეთთან თბილისის წაგება? - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატის გუნდურის მიმოხილვა

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახლახანს დამთავრებულ საქართველოს ჩემპიონატში ძალიან წარმატებით გამოვიდა რამდენიმე რაიონი თუ რეგიონი.

მაგალითად, აჭარა, ოზურგეთი, თბილისი, გარდაბანი, ხობი, წყალტუბო, ქუთაისი... ჭიდაობის ეს სტილი ისედაც დასავლეთ საქართველოს "პრიორიტეტია" და მათი პროგრესი ამ ჩემპიონატშიც გაგრძელდა, მაგრამ აქამდე თუ იქ აჭარა, ოზურგეთი და ქუთაისი იძლეოდნენ ტონს, ახლა სხვა რაიონებმაც კარგად მომზადებული გუნდები ჩამოიყვანეს.

აღმოსავლეთიდან გარდაბანს გამოვარჩევთ, ხოლო თბილისის წარმატება არც უნდა იყოს გასაკვირი. თან ერთიც უნდა შევნიშნოთ: რამდენიმე დასავლეთელი სპორტსმენი თბილისის გუნდში გამოვიდა და მედალიც მოუტანა მას. მაგალითად, აბაშელი რევაზ ნადარეიშვილი 97-ში
ვიცე-ჩემპიონი გახდა, სენაკელი ბაკურ გოგოლი კი 77-ში მესამეზე გავიდა. სამაგიეროდ, 87-ში გამარჯვებული რობერტ კობლიაშვილი ამჯერად მშობლიური გარდაბნის სახელით ჭიდაობდა, ადრე კი ხშირად იცავდა თბილისის ღირსებას.

მოგეხსენებათ, გუნდურში ადგილები ასე განაწილდა: აჭარა, ოზურგეთი და თბილისი. ამის შემხედვარე ცნობილმა მსაჯმა ვლადიმერ ვალიშვილმა ჩაილაპარაკა, აჭარა კიდევ გასაგებია, მაგრამ პატარა ოზურგეთთან თბილისის წაგებაო?

არის მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი, მაგრამ რეგიონებში ჭიდაობის აღორძინება საქართველოს ამ სახეობის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელობის მთავარი სტრატეგიაა. მეტიც - ეს თეზისი პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის წინასაარჩევნო კამპანიის ლამის სლოგანი იყო, რასაც ადგილებზე გაწეული მცირე, მაგრამ მაინც დახმარებაც დაემატა და შედეგიც მივიღეთ.

მაგალითად, იგივე ოზურგეთელები ძალიან ემადლიერებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გაერთიანებული სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორ გოჩა კვანტალიანს. მართალია, იქაურებს ადგილობრივი ხელმძღვანელობა ადრეც ეხმარებოდა, მაგრამ ახლა უფრო უკეთესი პირობები ჰქონიათ. თურმე კვანტალიანი სავარჯიშო პირობების გაუმჯობესების გარდა, პირადადაც ასპონსორებს რამდენიმეს. მაგალითად, გოგა ხუჭუას, ვინც 72 კილოგრამში პრიზიორიც გახდა.

საინტერესოა, რომ აჭარას 10-დან 6 წონის ფინალში ჰყავდა წარმომადგენელი, ოზურგეთს - ოთხში. თუმცა ხარისხობრივად უპირატესობა გურულების მხარესაა - მათ სამი ჩემპიონი გაუხდათ, აჭარლები კი ერთი ოქროთი დაბრუნდნენ ზღვისპირეთში. ის ოქროც მათ ოლიმპიურმა და ევროპის პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ (67) მოუტანათ, ვისი წაგებაც ტურნირის გამორჩეული სენსაცია იქნებოდა.

დანარჩენი ოქროებიდან ორ-ორი თბილისმა და გარდაბანმა დაისაკუთრეს, თითო კი წყალტუბომ და ხობმა ირგუნეს. თუმცა გარდაბანზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ორი გუნდით იყო წარმოდგენილი - საკუთრივ მუნიციპალიტეტის გაერთიანებული ნაკრების გარდა, ცალკე გუნდად იასპარეზა სოფელმა სართიჭალამ. გარდაბნელებისთვის ეს არცთუ უცხოა - თავისუფალ ჭიდაობაში გამარჯვება ლამის მუდმივად სულ ცალკე გუნდად გამოდის. თუმცა როცა, შეიძლება, მოზრდილ, მაგრამ მაინც რიგით სოფელში იმდენად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა, მუშაობა იმ დონეზეა აყვანილი, რომ უჩნდებათ ჯანსაღი ამბიცია, დამოუკიდებლად გამოვიდნენ ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში, ამაზე კარგი რაღა უნდა იყოს!

ნეტავ, ბევრი მოგვცა ასეთი სოფელი საქართველოში! თან, ამის გაკეთება ორმაგად სარისკოა ჭიდაობაში, რადგან საქართველოში სპორტის ეს სახეობა ტრადიციული და სტრატეგიულია. სართიჭალელები ტყუილადაც არ გარჯილან და ერთი ბრინჯაო წაიღეს სოფელში: 87 კილოგრამში გიორგი ქაცანაშვილი მესამეზე გავიდა.

ყურადღება მიიქცია ხობის გუნდმაც. ეტყობა, მანუჩარ ცხადაიას წარმატებამ კოლხთა ამ პატარა რაიონში ჭიდაობის ბუმი გამოიწვია და 3 მედალი მოიპოვეს, თან ორი ფინალიც იჭიდავეს. აქედან ერთი მოიგეს - უმჩატეს წონაში, 55-ში ძალიან ნიჭიერმა ნუგზარ წურწუმიამ გაიმარჯვა, ერთი კი წააგეს: 87-ში მეორეზე გავიდა ვარლამ კვარაცხელია. მათ გარდა, მესამე პრიზიორი გახდა გურამ ხეცურიანი (67).
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია რაც უფრო ბევრი ახალგაზრდა იქნება სპორტით დაკავებული კარგიააა
kargia
13:37 15-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული