ბ/რ ჭიდაობა. ჭაბუკთა ნაკრები: ცვლილებები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქორიძემ დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა.

მწვრთნელი ცვლილებებს იმ წონებში აპირებდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე მედლები არ გვქონდა, ასეთი კი ოთხია, თუმცა მწვრთნელი მონაწილეს მხოლოდ სამში ცვლის: 46, 85 და 100 კილოგრამებში. სარაევოში ჩატარებულ ევროპის პირველობაში 42 კილოგრამშიც უმედლოდ დავრჩით, თუმცა იქ დიმიტრი ხაჩიძე მეხუთეზე გავიდა. ყოველ შემთხვევაში, დანარჩენთაგან განსხვავებით, ქორიძე მისი ჭიდაობით მაინც კმაყოფილია და მორიგ შანსს აძლევს.

სხვა წონებიდან 46-ში გურამ აბრამაშვილს ბათუმელი თემურ ხოზრევანიძე შეცვლის, 85-ში
ლუკა ხუციშვილის
ნაცვლად ოზურგეთელი ლუკა ზაქარიაძე იჭიდავებს, მძიმე წონაში კი ელგუჯა ბალანჩივაძის ნაცვლად შანსი თბილისელ ელგუჯა სილაგაძეს ეძლევა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ამ ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო, რასაც კიდევ ერთი საყურადღებო წარმატება დაურთო: საერთო-გუნდურ ჩათვლაშიც გაიმარჯვა და მთელი 9 ქულით ჩამოიტოვა რუსეთის ნაკრები. სარაევოში ჩემპიონები ბექა გურული (54) და გიორგი შოთაძე (58) გახდნენ. ვერცხლს გიორგი ცოფურაშვილი (76) დაეუფლა, მესამეზე კი აკაკი ოსიაშვილი (50), ოთარ აბულაძე (63) და დავით სოლოღაშვილი (69) გავიდნენ.

გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ერთი შეკრება გუშინწინ უკვე დაასრულა წყალტუბოში, 21 აგვისტოს კი დასკვნით ეტაპს დაიწყებს ბორჯომში.

* * *
ბორჯომში ასევე ბოლო შეკრებას გაივლის თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც 24 აგვისტოს შეუდგება ვარჯიშს. მათი თავკაცი გია კვინიკაძეც ამის შემდეგ დაასახელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას.

ქორიძის მსგავსად, საკადრო ცვლილებებს ისიც ძირითადად იმ წონებში გეგმავს, სადაც ევროპის ჩემპიონატზე უმედლოდ დავრჩით.

შეგახსენებთ, რომ ამ ნაკრებმა კონტინენტის პირველობიდან 5 მედალი ჩამოიტანა: 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 1 ვერცხლი. ჩემპიონები გიორგი ჭოლაძე (42) და გიორგი გეგელაშვილი (46) გახდნენ. მეორეზე ვლადიმერ გამყრელიძე (54) გავიდა, ბრინჯაო კი თორნიკე ქათამაძემ (58) და დავით ქოჩქიანმა (85) მოიპოვეს.

ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი 4-10 სექტემბერს ათენში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული