ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში

AutoSharing Option
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ ქართველ სპორტსმენებს:

ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) პირველ ადგილზე გადავიდა, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი (66), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100) და ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) მეორეზე არიან, უმეტეს წონებში კი ხუთეულში გვყავს წარმომადგენელი. ზოგადად, ლიპარტელიანის 100 კილოგრამში გადაბარგების შემდეგ ჩავარდნა უკვე არც ერთ წონაში აღარ გვაქვს.

ჩვენების ასეთი წარმატება, დიდწილად, პარიზის გრანდ სლემზე გამოსვლას უკავშირდება. ვერ ვიტყვით, რომ ნაკრები
იქ დიდი წარმატებით გამოვიდა, რადგან ჩემპიონობის რამდენიმე რეალური შანსი დავკარგეთ და ოქრო ვერ მოვიპოვეთ, თუმცა 4 მედალი კი გვქონდა - 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო.

ცხადია, ამან მათი მფლობელები რეიტინგში დიდადაც წასწია წინ და ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ღვინიაშვილია, თუმცა გამონაკლისია მარგველაშვილი - ის პარიზში წარუმატებლად გამოვიდა. სამაგიეროდ, მის სასარგებლოდ დრომ იმუშავა - უშუალო კონკურენტებს სულაც გაუნულდათ ან გაუნახევრდათ ქულები.

შეგახსენებთ, რომ კონკრეტულ შეჯიბრებაზე მოპოვებული ქულები ერთი წლის შემდეგ ნახევრდება, ხოლო ორი წლის შემდეგ ის განახევრებულიც საერთოდ ნულდება.

დაახლოებით იგივე ითქმის თუშიშვილზეც, ვინც პარიზში უმედლოდ დარჩა, მაგრამ მეხუთეზე მაინც გავიდა, ანუ მარგველაშვილზე ბევრად მეტი ქულა შეიმატა იქ.

თუმცა სარეიტინგო მონაპოვარს გამუდმებით დაცვაც სჭირდება, რადგან ქულების განახევრება-განულება უწყვეტი პროცესია. ასე მაგალითად, ღვინიაშვილმა წლეულს პარიზში მოპოვებული ვერცხლით 700 ქულა მიიღო.

სამაგიეროდ, გაუნახევრდა შარშან იქვე მოპოვებული ქულები, მაგრამ ამ ორი შეჯიბრების ჯამში, საერთო რეიტინგში მაინც გაეზარდა მონაგარი. მას 23-25 თებერვალს გასამართავი დიუსელდორფის გრანდ სლემის დღეებშიც გაუნახევრდება შარშან იქ მოპოვებული ქულები.

არადა, წლეულს გერმანიაში არ ჭიდაობს, რაც მის უშუალო მდევრებს გადასწრების შანსს აძლევს, ანუ არაა გამორიცხული, მან ათიოდ დღეში ისევ დაკარგოს ლიდერობა.

რეიტინგი საყურადღებო იმითაა, რომ რვა მოწინავე ძიუდოისტი ყველა ტურნირზე განთესილია. ისინი ლამის ყოველთვის პირველ წრეში თავისუფალნი არიან, ანუ ერთი შეხვედრით ნაკლების ჩატარებაც უწევთ და თან უშუალო კონკურენტებს ადრევე არ შეხვდებიან, მეოთხედფინალამდე შედარებით სუსტი მოწინააღმდეგეები ეყოლებათ.

რეიტინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ დიდ ტურნირზე მოსახვედრად, როგორიც მსოფლიოს მასტერსია - იქ მხოლოდ 16 საუკეთესოს იწვევენ. და რაც მთავარია - რეიტინგის მიხედვით ნაწილდება ოლიმპიადის ლიცენზიები! სალიცენზიო შეჯიბრებები უკვე წლეულს იწყება და მერე ყველა ქულას ოქროს ფასი დაედება.

არის კიდევ ერთი საყურადღებო ფინანსური მომენტი: უკვე რამდენიმე წელიწადია, წონების ლიდერები საერთაშორისო ფედერაციისგან ჯილდოდ 50 000 ევროს იღებენ. ამან მოტივაციაც მნიშვნელოვნად გაზარდა და სპორტსმენები - ქართველებიც და უცხოელებიც ყველაფერს აკეთებენ ქულათა მარაგის გასაზრდელად და ცხრილის სათავეში მოსაქცევად.

წინამდებარე რეიტინგში ხუთეულში მხოლოდ ორ წონაში არა ვართ - 60-სა და 81-ში, თუმცა მჩატე წონაში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი მე-6-ეა.

81-ია ის ერთადერთი წონა, სადაც 10-ეულს მიღმა ვართ, თუმცა ამ ზღვართან მაინც ძალიან ახლოს. ქვემოთ შემოგთავაზებთ ხუთეულებს ცალკეული წონების მიხედვით და 50-ეულში მოხვედრილ ქართველ ძიუდოისტებს.

სამწუხაროდ, ქალებში ჯერ რეიტინგში არაფერი გვაქვს საძიებელი.

60 კგ

1. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) 4550
2. რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია) 4080
3. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი) 3791
4. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი) 3740
5. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) 3558
6. ამირან პაპინაშვილი (საქართველო) 3472
22. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) 1579

66 კგ
1. ტალ ფლიკერი (ისრაელი) 4561
2. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) 4033
3. ჰიფუმი აბე (იაპონია) 4000
4. ბაულ ანი (კორეა) 3660
5. კერლენ განბოლდი (მონღოლეთი) 3290
27. ლაშა გიუნაშვილი (საქართველო) 1220

73 კგ
1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) 6650
2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) 4988
3. ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი) 4898
4. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) 4312
5. ჰიდაიეტ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) 4021

81 კგ
1. ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია) 4530
2. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) 4500
3. ალან ხუბეცოვი (რუსეთი) 3870
4. საეიდ მოლაე (ირანი) 3805
5. უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღ.) 3432
12. ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო) 2194
53. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო) 654

90 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) 4670
2. ალექსანდარ კუკოლი (სერბეთი) 4376
3. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) 3739
4. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) 3688
5. კენტა ნაგასავა (იაპონია) 3540
12. უშანგი მარგიანი (საქართველო) 2741

100 კგ
1. მიხაილ კორელი (ჰოლანდია) 5604
2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო) 4982
3. მიკლოშ ცირიენიჩი (უნგრეთი) 4229
4. ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი) 4150
5. კირილ დენისოვი (რუსეთი) 3468

+ 100 კგ
1. დავიდ მოურა (ბრაზილია) 5565
2 გურამ თუშიშვილი (საქართველო) 4760
3. ტედი რინერი (საფრანგეთი) 3550
4. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 3202
5. რაფაელ სილვა (ბრაზილია) 3000
16. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო) 1930
24. ლევან მატიაშვილი (საქართველო) 1332

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
81 კგ. ფაქტობრივად არ გვყავს. იმედია გამოჩნდება ვინმე, სირცხვილია ჭრიკიშვილი ამ წონაში უპირობო ლიდერი იყო, ეხლა სხვატკას ვერ ვიგებთ.ჩაანაცვლეთ რეხვიაშვილი
ჯ ი ჯ ი
12:32 17-02-2018
0
მაგარი ნაკრები გვყავს ამათ ვენაცვალე...81-ში ზებედა თუ ფორმაშია სულაც არ არის სუსტი წერტილი, მაგრამ ეგება როგორმე ჭრიკიშვილი დაგებრუნებინათ ამ წონაში, ბდღვნიდა ყველას და რატომ გადაიყვანეთ ბექასთან ვერ გამიგია.
emigranti
01:57 17-02-2018
0

სიახლეები პოპულარული