კანოს ტურნირი: უშანგი მარგიანის მორიგი გასროლა

AutoSharing Option
  • ტოკიოში გაიმართა "გრანდ სლემის" ტურნირი, რომელიც ძიუდოს დამაარსებლის, ძიგორო კანოს სახელობისაა.
  • უპრესტიჟულეს ტურნირში 14 ოქროდან იაპონელებმა 12 მოიპოვეს.
  • სამი ქართველი მონაწილიდან მედალს მხოლოდ ერთი შესწვდა.
  • 90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი უშანგი მარგიანმა მოიპოვა.

ტოკიოში, ძიგორო კანოს სახელობის "გრანდ სლემზე" საქართველოს სამკაციანმა გუნდმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეპრიზიორი უშანგი მარგიანი (90) დაეუფლა. ეს მისთვის ძალიან დიდი წარმატებაა, რადგან ლამის მსოფლიოს მედალს უტოლდება, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ ქართველი იაპონელთან ან ვინმე ტიტულოვან ფალავანთან კი არა, ჩეხ დავიდ კლამერტთან დამარცხდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ
მარგიანისადმი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, უბრალოდ, ასეთ უტიტულო მეტოქესთან მარცხია დასანანი. მით უფრო, რომ ამ დროს ჯგუფში მყოფი იაპონელი ტაიჩი კუგიმარუ გავარდნილი იყო, იაპონელი კი საშინაო ტურნირზე ორმაგი ბარიერია.

თან, საინტერესოა, რომ საბოლოოდ კლამერტი მეხუთეზე დარჩა, ანუ მარგიანმა შედეგით აჯობა.
თუმცა, როგორიც უნდა იყოს კანოს ტურნირის შედეგები, ფაქტია, რომ მარგიანი 90-ის ლიდერად ყალიბდება. ვფიქრობთ, ფსიქოლოგიურად მსოფლიოს მედალმაც ითამაშა თავისი დიდი როლი და საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცა ფალავანს, ამის შემდეგ კი ის თვალნათლივ უმატებს.

ჩეხთან წაგებამდე ქართველმა ფალავანმა დამაჯერებლად მოიგო ორი შეხვედრა წმინდად: თავდაპირველად პერუელი იუტა ვილარ გალარეტა ადვილად დააიპონა, მერე კი მოლდოველი ეუგენ მატვეიჩუსი მტკივნეულზე დაიჭირა. ამას კლამერტთან გაშვებული ვაზარი მოჰყვა, რამაც მარცხიც განაპირობა, სანუგეშოში კი ჯერ კანადელი ლუის გაგნონ კრიბერი მოახსნევინა გაფრთხილებებით, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ბრაზილიელი ედუარდო ბეტონი დააიპონა.

* * *
ტოკიოში წინა დღეს - შაბათს ბრინჯაოსთვის კიდევ ერთმა ჩვენებურმა, ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმაც (66) იჭიდავა, მაგრამ იაპონურ ბარიერთან "დაეცა": ქვეჯგუფში ჯოშირო მარუიამასთან წააგო ვაზარ-იპონით, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი ასევე წმინდად დათმო ნორიჰიტო ისოდასთან და მეხუთე ადგილზე დარჩა.

უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, ჩვენებურმა მაინც სტაბილურად კარგი ჭიდაობა აჩვენა. ქვეჯგუფში აბდულაზიზ ალბაში დაამარცხა საუდის არაბეთიდან, ვისთანაც სოლიდური უპირატესობა ჰქონდა: 2 ვაზარი აართვა, ბოლოს კი იპონზეც დააგდო. პერუელ ხუან პოსტიგოსსაც წმინდად მოუგო, დამამშვიდებლის პირველ წრეში კი კიდევ ერთხელ დაამარცხა უკრაინელი თანამემამულე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი ზანთარაია, ვისაც ჯერ ვაზარი აართვა, მერე კი მშვენივრად დააიპონა.

* * *
სამწუხაროდ, ნაადრევად დამარცხდა ჩვენი მესამე მონაწილე, ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100). თან, რაც ყველაზე არასასიამოვნოა, ისევ იაპონელ კენტარო იიდასთან წააგო, ვისთანაც სეზონის დასაწყისში პარიზშიც დამარცხდა.

ლიპარტელიანმა მანამდე რუსი მაგომედ ხაიბულაევი გაფრთხილებებით ჩამოიშორა გზიდან, სანუგეშოში კი ვერ გადავიდა.

* * *
თავად კანოს მემორიალი იაპონელთა უდიდესი უპირატესობით ჩატარდა: ქალებსა და ვაჟებში გასათამაშებელი 14 ოქროდან 12 მათ მოიპოვეს! ამ 14-დან ნახევარში - 7-ში იაპონური ფინალი გაიმართა და, შესაბამისად, მათ ანგარიშზე კიდევ 7 ვერცხლია, ხოლო ქალებში უკლებლივ ყველა, შვიდივე წონაში იქაურებმა გაიმარჯვეს. მასპინძლებმა მხოლოდ ორი ოქრო დათმეს და ორივე ვაჟებში: 81-ში ჩემპიონი მონღოლი უუგანბაატარ ოტგონბაატარი გახდა, 100-ში კი კორეელმა გუჰამ ჩომ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ფინალში არც ერთს არ ჰყავდა იაპონელი მეტოქე, ანუ მასპინძლებს ფინალი არ წაუგიათ.

თან რამდენიმე წონაში ჩემპიონთა შორის ახალი კადრებიც გამოუჩნდათ. მაგალითად, ნაოჰისა ტაკატო (60) თუ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორია, ჰიფუმი აბე (66) - მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არატა ტაცუკავა (73), კენტა ნაგასავა (90) და უსეი ოგავა (+100) პირველად გაერივნენ მარაქაში. თან, ტაცუკავამ ნახევარფინალში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი სოიჩი ჰაშიმოტო დაამარცხა. ამასთან, არაა იოლი, იყო პირველი წონაში, სადაც ჰაშიმოტოს გარდა, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი შოჰეი ონოც გამოდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ბექა ლოთობს. არადა როგორ ვბალეშჩიკობთ. უდისციპლინოა და დიდ შედეგებს ასე ვერ მიაღწევს. ვიცი როგორც ყოფილმა სპორტსმენმა. სამწუხაროდ.
კახა
15:45 08-12-2017
0
ყოჩაღ მარგიანს, მარა ისე მოიგო მედალი იაპონელს არ შეხვედრია, თუ შეხვდებოდა ერთს მაინც, მაშინ ვიტყოდით, რომ 90 კგ-ში ყალიბდება ლიდერად. ღვინიაშვილი ნუ გავიწყდებათ, ბექამ თუ შეძლო ჭკვიანად ჭიდაობა, დაფიქრებულად, ემოციების გარეშე, ძიგარო კანოსაც, მსოფლიოსაც და ოლიმპიადასაც მოიგებს. ჭიდაობის დროს მთავარია აზროვნება და გამძლეობა. ბექა დაიმახსოვრე ერთი რამ ყველაფერს მოასწრებ, დალევას, გართობას და ა.შ. ჯერ იჭიდავე იამასიტომ ოლიმპიური ჩემპიონობა გიწინასწარმეტყველა, უნდა გაამართლო.
2

სიახლეები პოპულარული