კემპები, ვარჯიშები... - რა გაკეთდება საქართველოში ქალთა ძიუდოსთვის

AutoSharing Option
რეფორმები ქართულ ძიუდოში არა მხოლოდ ვაჟებში, არამედ ქალებშიც იგეგმება: ფედერაციამ მათთვისაც შეიმუშავა სპეციალური გეგმა, რომელიც ახალგაზრდების უფროსთა შეჯიბრებებში ეტაპობრივად ჩართვას ითვალისწინებს.

ქალთა ძიუდოს განვითარება ისედაც იყო ფედერაციის პრიორიტეტი, მაგრამ გუნდურ შეჯიბრებაში შერეული სისტემის შემოღების შემდეგ, რაც ვაჟთა და ქალთა გაერთიანებული გუნდით გამოსვლას ითვალისწინებს, კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ამას ლიცენზიების თემაც ემატება, რომელთა გათამაშებაც უკვე გაისად დაიწყება. ამიტომ ფედერაციამ ქალებისთვის საგანგებოდ იზრუნა, ოღონდ აქ ორი საკითხია გასათვალისწინებელი:

ვინაიდან ჩვენი ძიუდოისტი ქალების უმეტესობა ასაკით ჯერ პატარაა, მათ იმ პროგრამაშიც მოუწევთ ჩართვა, რომელიც
პერსპექტიული ახალგაზრდა და ჭაბუკი ძიუდოისტების ცალკე მომზადებას ითვალისწინებს, პარალელურად კი, უფროსთათვის განკუთვნილი კალენდრითაც იმუშავებენ, რაც სოლიდურ შეჯიბრებებში გამოსვლასაც მოიცავს.

ამ ახალი მიდგომის შედეგად, ჩვენი გოგონები მაქსიმალურად ხშირად ივლიან უცხოურ კემპებზე, ერთობლივ ვარჯიშებზე, გამოვლენ შეჯიბრებებშიც.

ამ მიზნით, მწვრთნელ კახა მოცრაძის ხელმძღვანელობით, ისინი 3 დეკემბერს 2-კვირიან ერთობლივ შეკრებაზე გაემგზავრებიან საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, სადაც მთელი ევროპა შეიკრიბება სავარჯიშოდ.

წინასწარი მონაცემებით, იქ ყველა წამყვანი ქვეყანა აპირებს ჩასვლას, თუმცა იქნებიან არაევროპელებიც, ამ შეკრების დასრულების შემდეგ კი მისი მონაწილეები მარსელში გადაინაცვლებენ საერთაშორისო ტურნირში საჭიდაოდ.

მოცრაძეს საფრანგეთში ახალი თაობის პერსპექტიული ხუთეული მიჰყავს: ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი (52), ევროპული ფესტივალის გამარჯვებულები: ეთერ ლიპარტელიანი (52), მზია ბებოშვილი (57), მარიამ ჭანტურია (63) და სოფიო სომხიშვილი (+70).

ქალთა ძიუდოს სამომავლო გეგმებზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა შემდეგი განგვიცხადა:

"გოგონებს დიდ ყურადღებას მივაქცევთ და ეს პროცესი უკვე დავიწყეთ: იმ 5 გოგოს, რომლებსაც შეუძლიათ ლიცენზიებისთვის ბრძოლა, სპეციფიკურად მოვამზადებთ და აგერ, ახლა საფრანგეთშიც მიგვყავს მთელი 20 დღით. მათ უცხოეთშიც ყველგან ჩავრთავთ ერთობლივ ვარჯიშებზე, რათა საგაისო სეზონი მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათ მოსამზადებლად და შეძლონ ლიცენზიების მოპოვება. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება".

ბუნებრივია, დავინტერესდით ნატურალიზაციის თემითაც, რაც შერეული გუნდის შემოღების შემდეგ ასევე აქტუალური გახდა. ამაზე ქევხიშვილმა ასე გვიპასუხა:

"რომ გითხრათ, ნატურალიზაციას არ ვცდილობთ-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი მხრიდანაც იყო რამდენიმე მცდელობა და მწვრთნელებსაც ვთხოვე, მოიკითხეთ-მეთქი, რომ ადგილზე შევქმნათ კონკურენცია, რათა დანარჩენებსაც გავუზარდოთ მოტივაცია.

კონკურენციის შექმნა იმათთვისაც ბევრად უკეთესი იქნება, ვინც უკვე გამოიკვეთა ქალთა ნაკრებში. ცხადია, მე უფრო ის მინდა და უფრო გამიხარდება, ქართველი გოგონებით მივაღწიოთ წარმატებებს. საამისოდ უკვე წლეულსვე ვიჭერთ თადარიგს, რათა მაქსიმალურად მეტი ყურადღება და დრო დავუთმოთ მათ ერთობლივ შეკრებებსა და შეჯიბრებებს.

დავიწყებთ საფრანგეთიდან და მერე თითქმის ყველა მნიშვნელოვან კემპში მიიღებენ მონაწილეობას".

შეგახსენებთ, რომ ადრე ძიუდოს ფედერაციამ სამბოში მოვარჯიშე ძიუდოისტებს შეზღუდვა დაუწესა, მაგრამ ახლა ქალთა ძიუდოში ისევ დასჭირდათ ყოფილი სპორტსმენების - ნინო ოძელაშვილის და ელენე ქებაძის უკან დაბრუნება.

ქევხიშვილი აცხადებს, რომ სამბოში გამოსვლისას მათ პრობლემები არ შეექმნებათ. უბრალოდ, თუ ისინი ძიუდოს ნაკრებში დარჩებიან, მაშინ აქაური სავარჯიშო გრაფიკის გამო სამბოსთვის ვერ მოიცლიან, ამისთვის ფიზიკურად დრო არ ეყოფათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული