მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო

AutoSharing Option
ფოტოზე: ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მზადებაში სიახლეა და ის ახლებური ფორმატით შეუდგა საგაისო ბატალიებისთვის მზადებას.

მთავარი ნოვაცია ისაა, რომ გუნდი ორ ნაწილად გაიყო, შედეგად კი მჩატეწონოსნები, ანუ 60, 66 და 73-ის ფალავნები საკუთარი გეგმით ემზადებიან, მძიმეწონოსნებს კი, ანუ 81-დან +100-ის ჩათვლით, რამდენადმე განსხვავებული გრაფიკი აქვთ. შედეგად, გაიყო მწვრთნელთა კორპუსიც: პირველ ჯგუფს მინდია ბოდაველი და გია გუგავა ავარჯიშებენ, მეორეს - გურამ მოდებაძე და გიორგი ბაინდუროვი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე კი საერთო საქმის კურატორად რჩება და,
რაღა თქმა უნდა, პირადად მონაწილეობს ორივე ჯგუფის მუშაობაში.

კვირაში ორი დღე - სამშაბათს და ხუთშაბათს გაერთიანებული ვარჯიში ტარდება, ანუ ყველა ერთად მუშაობს, სხვა დღეებში კი ერთი ჯგუფი დილით ტატამზე რომ შედის, მეორე ფიზიკური მომზადების დარბაზშია, საღამოს - პირიქით და ასე შემდეგ. ასეთი მიდგომა იმანაც განაპირობა, რომ ძიუდოს აკადემიაში უკვე აქვთ ფიზიკური მომზადების საკუთარი ცენტრი და სხვაგან წასვლა არ უწევთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც ამაზე იტყვიან უარს.

წონების ასეთი დაყოფა ადრე დასახული რეფორმის - კურატორთა ინსტიტუტის პრაქტიკული განხორციელებაა. ვფიქრობთ, ეს მართლაც საჭიროა და ამგვარ იდეას ჩვენი გაზეთიც მიესალმებოდა - მიგვაჩნია, რომ მძიმეწონოსანი და მჩატეწონოსანი ერთნაირად არ უნდა ვარჯიშობდეს, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. წამყვან ქვეყნებში (არამხოლოდ ძიუდოში) ეს ფართოდ აპრობირებული მიდგომაა და, იმედია, რეფორმა ჩვენთანაც გაამართლებს, რაც ქართულ ძიუდოს კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მოუტანს.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები თვის ბოლოს - 27-29 ოქტომბერს აბუ დაბიში გამოვა გრან პრიზე, სადაც ლამის ძირითადი შემადგენლობით იჭიდავებენ - 2-3 ლიდერის გარდა, ყველა წამყვანი ძიუდოისტი მოირგებს კიმონოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული