ლიდერებზე გათვლილი - ძიუდოისტებმა გეგმები დააწყვეს

AutoSharing Option
გაირკვა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მოსამზადებელი გეგმა მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში.

წინასწარ გეტყვით, რომ წლეულს ეროვნული ნაკრები ოთხ სოლიდურ ტურნირში გამოვა: ეროვნული ნაკრები 27-19 ოქტომბერს აბუ დაბიში გრან პრიზე იასპარეზებს, 11-12 ნოემბერს მძიმეწონოსნები მაროკოულ მარაკეშში მსოფლიოს აბსოლუტურ პირველობაზე გამოვლენ, 1-3 დეკემბერს ტოკიოში ძიგორო კანოს სახელობის გრან პრიზე იჭიდავებენ, საერთაშორისო არენაზე გამოსვლას კი 16-17 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში მასტერსზე ასპარეზობით დაასრულებენ.

რაც შეეხება მთლიანად სეზონს, მას ჩვენები ამ შეჯიბრებიდან ათიოდე დღეში თბილისში, საქართველოს ჩემპიონატით დაამთავრებენ. სხვათა შორის, ქვეყნის პირველობა ახლებური ფორმატით ჩატარდება: აღარ იქნება
ზონური შეჯიბრებები ფინალური ეტაპის მონაწილეთა გამოსავლენად; იმოქმედებს განთესვის პრინციპი, დამამშვიდებელი წრე კი მერვედფინალიდან დაიწყება.

აბუ დაბიში ეროვნული ნაკრები ლამის ძირითადი შემადგენლობით მიდის. მონაწილენი მხოლოდ 73-სა და მძიმე წონებში არ გვეყოლება. 73-ში ლიდერი, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ფეხის ძველი ტრავმის გართულებას ერიდება, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ბოლო შეკრების ბოლო დღეს, ბოლო სპარინგისას იტკინა. შავდათუაშვილი კი ვარჯიშობს, მაგრამ უფრო მეტ ყურადღებას ტრავმის მოშუშებას უთმობს და ამიტომ არ რისკავს შეჯიბრებაზე გამოსვლას.

მძიმე წონას რაც შეეხება, ზემომოყვანილი სიიდანაც კარგად ჩანს, რომ ამ შეჯიბრებიდან მალევე - ორ კვირაში მარაკეშში უწევთ გამოსვლა, ამ პერიოდში კი შეკრებაზე იქნებიან.

არაბულ საემიროებში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (66), ზებედა რეხვიაშვილი (81), მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი უშანგი მარგიანი, ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90) და ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ფინალისტი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) იასპარეზებენ.

თუმცა ლიპარტელიანი მარაკეშშიც გამოვა, სადაც საქართველოს ღირსებას ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ადამ ოქრუაშვილი და ევროპის მესამეპრიზიორი ლევან მატიაშვილი დაიცავენ. თანხების ეკონომიის მიზნით, ნაკრების ხელმძღვანელობამ აქცენტი მაინც ლიდერებსა და სეზონის წარმატებულ ფალავნებზე აიღო. ამიტომ სათადარიგოები არ მიჰყავთ თუნდაც იმავე 73 კილოგრამში.

ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა ძიგორო კანოს მემორიალზე წამსვლელთა ვინაობა. იქ მსოფლიოს ბოლო პირველობის სამი მედალოსანი: ვიცე-ჩემპიონი ლიპარტელიანი და ბრინჯაოსპრიზიორები, მარგველაშვილი და მარგიანი ორგანიზატორთა მიერ მიწვეულები არიან, ხოლო მათ ვის დაამატებენ, მოგვიანებით გადაწყდება.

რაც შეეხება მასტერსზე წამსვლელებს, მოგეხსენებათ, იქ მონაწილეობა კვოტირებულია - ამის უფლება მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგის 16 მოწინავე ათლეტს აქვს, წლეულს კი შეცვლის ან დამატების უფლებას არავის აძლევენ. დღესდღეობით 16 საუკეთესოში თითქმის მთელი ჩვენი ნაკრები შედის - აბუ დაბიში წამსვლელთა უმრავლესობა. იმათგან მხოლოდ ჩხვიმიანი და გიუნაშვილი არ შედიან, თუმცა ახლოს არიან ამ მიჯნასთან და საემიროებშიც ძირითადად ქულათა მარაგის შესავსებად მიჰყავთ.

ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ ჩხვიმიანი ისევ 60 კილოგრამშია დაყენებული. მოგეხსენებათ, მან ერთი პირობა 66-ში განიზრახა ანაცვლება, რადგან 4-5 კილოგრამის დაკლება უწევს, თუმცა ამ შეჯიბრებისთვის ისევ ძველ წონაში დაბრუნდა.

ალბათ, ასევე მიაქცევდით ყურადღებას, რომ არსად არაა დასახელებული ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90), რომელიც ხელის ტრავმას მკურნალობს.

ჩვენი ნაკრები წლეულს მხოლოდ ერთ შეკრებას გაივლის, თუმცა იმასაც არა ყველა, არამედ მარაკეშში წამსვლელი ოთხეული. ცხადია, სპარინგ-პარტნიორებთან ერთად და ეს იქნება 2-კვირიანი შეკრება.

ამასობაში ეროვნული ნაკრები უკვე შეუდგა მომავალი სეზონისთვის მზადებას, ოღონდ არასაშეკრებო რეჟიმში. ისინი თბილისში დღეში ორჯერ ვარჯიშობენ და ასე გაგრძელდება აბუ დაბიდან ჩამოსვლამდე.

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ წლეულს ჩვენს ძიუდოისტებს ასაკობრივ ნაკრებებში ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება დარჩათ ჩასატარებელი: სულ მალე, 18-22 ოქტომბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, 23-წლიანებში ანალოგიურ შეჯიბრებას კი 10-12 ნოემბერს ჩერნოგორიის დედაქალაქი პოდგორიცა უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული