ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები

AutoSharing Option
ფოტოზე: გია თენაძე და ეთერ ლიპარტელიანი
ძიუდოში გუნდური ტურნირის შერეული პრინციპიდან გამომდინარე, ქალთა ძიუდო განსაკუთრებით აქტუალური გახდა და ამიტომ ისევ ვუბრუნდებით ამ თემას. მით უფრო, სულ მალე - ოქტომბერში ახალგაზრდებს ზაგრებში მსოფლიოს პირველობა ელოდებათ ასე შერეული გუნდით.

გოგონების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ უკვე დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა, ოღონდ ჯერ ერთი ადგილი ისევ ვაკანტურია.

ევროპის ჩემპიონატზე, ნანახიდან გამომდინარე, სადაც ჩვენები უმედლოდ დარჩნენ, მან აქცენტი ჭაბუკთა ნაკრების ლიდერებზე აიღო, ახალგაზრდებიდან კი ხორვატიაში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი (57) მიჰყავს. ჭაბუკებში
ევროპის ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ერთადერთია, ვინც ევროპირველობაზე ერთი შეხვედრა მოიგო - თურქი მელმეტ დინდარი დაამარცხა, მერე კი ბოლო წამებზე დასანანი შეხვედრა წააგო რეიტინგის ლიდერ და ევროპის მომავალ მესამეპრიზიორთან, პოლონელ იულია კოვალჩუკთან.

თენაძის თქმით, ეს მარცხი იმან გამოიწვია, რომ ჩვენებურს მზადების დასკვნით ეტაპზე დააკლდა სპარინგ-შეხვედრები, თორემ პოლონელსაც გაივლიდა და მედალიც სავსებით რეალური ჩანდა. ტურნირის დასრულების შემდეგ თურმე ლიპარტელიანთან ძიუდოს ევროპის კავშირის პრეზიდენტი სერგეი სოლოვეიჩიკი მივიდა და ძალიან დიდხანს, ლამის ნახევარი საათი ესაუბრა.

შერეული გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, ლიპარტელიანთან ერთად თენაძეს ხორვატიაში ეგრეთ წოდებულ გოგონების წონებში ჭაბუკთა ნაკრების ორი ლიდერი, ევროპული ფესტივალის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი მარიამ ჭანტურია (63) და ევროპისა და ფესტივალის გამარჯვებული, მსოფლიოს ფინალისტი სოფიო სომხიშვილიც (+70) მიჰყავს.

ოღონდ ჭანტურია პირად პირველობას 63-ში იჭიდავებს, გუნდურში კი 70-ში გამოვა (შეგახსენებთ, რომ გოგონების წონებია 48, 57, 70 და +78). ასევე, სომხიშვილიც, ვინც ჭაბუკებში +70-ში გამოდიოდა, ამჯერად +78-ში დადგება. სამწუხაროდ, მას მხრები და წელი აწუხებს - ეს პრობლემა შედარებით კი მოგვარდა, მაგრამ არა ბოლომდე. თანაც, ჩილეში გამართულ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დაღლაც აშკარად შეეტყო, მაგრამ თენაძის თქმით, აგვისტოდან მოყოლებული, დასვენება მოასწრო.

სხვათა შორის, სწორედ დასვენების მიზნით არ წაიყვანა ისინი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე, თორემ თავდაპირველად არც ამას გამორიცხავდა.

მწვრთნელს ახლა გადასაჭრელი დარჩა 48 კილოგრამის საკითხი, სადაც ძველ ლიდერს, ევროპული ფესტივალის ბრინჯაოსპრიზიორ ტატა ყიფშიძეს წონის პრობლემა აქვს - ამ მიზეზით ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატი 52-ში იჭიდავა, თუმცა უშედეგოდ. თენაძეს აქ სხვა კანდიდატებიც ჰყავს შეგულებული, თუმცა პრობლემად ისევ წონის შენარჩუნება რჩება. ის ჯერ დააკვირდება შეგირდთა წონას, ვინ ინარჩუნებს მას სტაბილურად და არა სპონტანურად, ორიოდ დღეში დაკლებით, და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებს.

სწორედ წონის დაკლების დილემა გახდა ქალთა ძიუდოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერი გოგოს, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ მზია ბებოშვილის სახლში დატოვების მიზეზი. მოგეხსენებათ, ჭაბუკებში ის 52-ში გამოდიოდა, თუმცა მერე ოპერაციით გამოწვეული უქმობის გამო წონა გაექცა. მან ახალგაზრდებში ევროპის პირველობა 57-ში კი ჩაატარა, მაგრამ თურმე ძალიან გაუჭირდა. მანამ უნგრეთში საერთაშორისო ტურნირზე 63-ში იჭიდავა და მეხუთე ადგილზეც გავიდა, თუმცა თენაძე მის ადგილს უფრო ქვედა წონაში ხედავს. ყოველ შემთხვევაში, ბებოშვილის სახლში დატოვება მწვრთნელის ექსპერიმენტის ნაწილია, რამდენად შეძლებს სპორტსმენი პირადი წონის გაკონტროლებას, თორემ მის მონაცემებში ეჭვი არავის ეპარება.

დასასრულ, გეტყვით, რომ ნატურალიზაციაზე უკვე ჩვენი ფედერაციაც სერიოზულად ფიქრობს, თუმცა ჯერ მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. მხოლოდ ერთი შეგვიძლია გითხრათ, რომ ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ვენესუელელ ელვისმარ როდრიგესის (70) მწვრთნელს დაელაპარაკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული