ჭიდაობა

ძიუდო

ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ევროპაზე ორი ლიდერის გარეშე

AutoSharing Option
ფოტოზე: ონისე სანებლიძე
15-16 სექტემბერს სლოვენიურ მარიბორში ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც ბიჭების ნაკრები არასრული შემადგენლობით გამოვა: მონაწილე არ გვეყოლება 100 კილოგრამში.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გუნდი მხოლოდ იმ ფალავნებით შეავსო, რომლებმაც გაიმარჯვეს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში, 100 კილოში კი სახლში დატოვა ორი ძალიან დიდი იმედის მომცემი მოზარდი: ონისე სანებლიძე და ზაურ კენჭაძე.

დაგვეთანხმებით, ასეთი ბიჭების იგნორირებას გვარიანი რისკიც სჭირდება, მაგრამ გუჯეჯიანი სიმკაცრით გამოირჩევა: ამას წინათ ფინანსურად დასაჯა ყველა, ვინც "ზედაზენის თასის" დასრულების მეორე დღეს ერთობლივ ვარჯიშებზე არ გამოცხადდა.
არადა, ასეთი თურმე ლამის მთელი გუნდი აღმოჩნდა - მხოლოდ ორი ფალავანი მისულა ვარჯიშზე, რომელზეც მათთან სავარჯიშოდ საგანგებოდ დარჩნენ უცხოელები.

ამათი დატოვებაც ფსიქოლოგიური ზემოქმედების ერთგვარი მეთოდია მართლაც ნიჭიერ შეგირდთა შესაფხიზლებლად. თუმცა სანებლიძე მაინც მიჰყავს მარიბორში გუნდურისთვის.

გუჯეჯიანს სლოვენიაში მაინც ძალიან საინტერესო გუნდი მიჰყავს: თბილისის წლევანდელი ტურნირის ტრიუმფატორი ტატო გრიგალაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (81), ბაგრატ ნინიაშვილი (66), რობინზონ ბეგლარაშვილი (60), წიქორიძე-ზაალიშვილის დუეტი მძიმე წონაში და სხვები.

მარიბორში პირადთან ერთად გუნდური პირველობაც ტარდება, სადაც გუჯეჯიანს, სანებლიძის გარდა, დამატებით ტრისტან მოსახლიშვილი (81) და გიორგი ჩიქოვანიც (90) მიჰყავს. აქვე გეტყვით, რომ ევროპის ამ ჩემპიონატზე გუნდური პირველობა ძველი ფორმატით ჩატარდება, ანუ არ იქნება შერეული გუნდი, ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე იჭიდავებენ მედლებისთვის.

ბიჭების ნაკრები დასკვნით შეკრებას გორში გადის, სადაც გუშინ მჩატე წონებმა - 73 კილოგრამის ჩათვლით, საკონტროლო შეხვედრები გამართეს, მძიმეები კი იმავეს დღეს გააკეთებენ.

დასასრულ, გეტყვით, რომ ამ უქმეებზე მარიბორის მეზობელ ბრატისლავაში ევროპის თასი ტარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ქალთა ნაკრებში დამკვიდრების მსურველი ლუჩილა ძაპაც (52) მიიღებს და ვნახავთ, რეალურად რა შეუძლია.

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები
55 კგ. ჯაბა პაპინაშვილი, ივანე ნინიაშვილი
60 კგ. რობინზონ ბეგლარაშვილი
66 კგ. ბაგრატ ნინიაშვილი, შალვა გაზაშვილი
73 კგ. ტატო გრიგალაშვილი
81 კგ. ლუკა მაისურაძე
90 კგ. ნიკოლოზ სიდამონიძე
+100 კგ. ამირან წიქორიძე, გელა ზაალიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ