ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღეს ზებედა რეხვიაშვილი იჭიდავებს

AutoSharing Option
დღეს, 31 აგვისტოს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ვაჟთა შორის 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, ქალებში კი - 63-ში.

საქართველოს ნაკრებიდან დღეს მხოლოდ ერთი ძიუდოისტი იჭიდავებს, რადგან ქალებში ამ წონაში არავინ გვყავს, ვაჟებში კი 81-ში ევროპის პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი გამოვა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:00 სთ-დან. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეუძლია.

წილისყრაში ჩვენებიდან ყველაზე მეტად ზებედა რეხვიაშვილს გაუმართლა. ის C ჯგუფში მოხვდა, რომლის ლიდერიც არა რომელიმე ტოპ-კლასის მოჭიდავე, არამედ ჰოლანდიელი
ფრენკ დე უაიტია, თუმცა ისიც ძალიან კერკეტი კაკალია და მოდუნება არაფრით შეიძლება. თან ზებედას მას ცოტა არასასურველ ეტაპზე - მერვედფინალში ხვდება, იქ წაგების უფლება კი არავის აქვს.

ჩვენებური პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ურუგვაელ ალაინ აპრაჰამიანს ხვდება. ამათში გამარჯვებულის მეტოქე ხორვატთა ევროპის მედალოსან დომენიკ დრუზეტასა და რუმინელ ვლად ვისანის პაექრობაში გაირკვევა. დრუზეტასთან ჩვენებურს რევანშიც აქვს ასაღები წლევანდელ ევროპირველობაზე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მარცხისთვის, ხოლო ვისანს იმავე შეჯიბრებაზე დამაჯერებლად მოუგო.

ამ ეტაპის გავლის შემთხვევაში რეხვიაშვილი ბადეში ჰოლანდიელის მხარეს გადადის. ეს ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი წონაა - 66 ფალავანი გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ბუდაპეშტში მოპოვებული ერთი ბრინჯაოს მედალია. 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
susti hkofila zebeda, uketesi ar gvkavs am tonashi??
erisioni
15:11 31-08-2017
0

სიახლეები პოპულარული