[ირაკლი თავაძე ბუდაპეშტიდან] მარგველაშვილის ორმაგი გმირობა [VIDEO]

AutoSharing Option
მოლოდინისამებრ, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომაც გახსნა მედლების ანგარიში: 66 კილოგრამში გორელმა ევროპის ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა თავის აქტივს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მედალი, ბრინჯაო შემატა.

- ვაჟა მარგველაშვილი: ოლიმპიადამდე გამოვასწორებ ამ შეცდომას
- ირაკლი ცირეკიძე: მარგველაშვილმა ძალიან ჭკვიანურად იჭიდავა

ეს უკვე სერიოზული განაცხადია წონის ლიდერებში დასამკვიდრებლად, თუმცა ქართველმა სპორტსმენმა გუშინ კიდევ ერთი პატარა გმირობა ჩაიდინა: ერთ ტურნირზე ორი კორეელი დაამარცხა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში შებოჭილი ლიმ-ჰან კიმი მიღწევებით არ გამოირჩევა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიადის ფინალისტი ბაულ ანი უკვე სხვა დონეა! შესაბამისად,
მასთან გამარჯვებაც მაღალი კლასის მაჩვენებელია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გზად სპორტსმენებთან
ბუდაპეშტში ამ ჩემპიონატზე კიევის გავლით მიმავალი ჩვენი დელეგაცია თბილისიდან გუშინ, გამთენიისას გამოფრინდა. ამ 20-კაციან ჯგუფში 4 სპორტსმენიც იყო: მარიამ ჯანაშვილი (57 კგ), ზებედა რეხვიაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე - 90). ჯანაშვილი საკმაოდ კარგ გუნებაზეა და მღელვარება არ ემჩნევა. როცა საკმაოდ ძნელ წილისწყრაზე დავეკითხე, აღმოჩნდა, რომ მომავალი მეტოქეებიდან ზოგიერთთან (მაგალითად, პორტუგალიელ ტელმა მონტეიროსთან) კემპებზე სპარინგებში ხშირად უჭიდავია და ხშირად დაუმარცხებია კიდეც...

ნერვიულობა და ცუდი განწყობა არც ვაჟებს ეტყობოდათ, თუმცა ისინი უფრო სიტყვაძვირობენ... შედარებით ხალისიანად ზებედა რეხვიაშვილი გამოიყურება. ცოტა შეფიქრიანებული ჩანს ევროპის ჩემპიონ გურამ თუშიშვილის პირადი მწვრთნელი ბათო ჯიქურიც. მისი საფიქრალი შეგირდის ჯანმრთელობაა: თურმე, ბოლო პერიოდში თუშიშვილი დაბალ არტერიულ წნევასაც უჩივის და ბეჭებსაც იტკიებს...

საკმაოდ გრილი კიევის შემდეგ ბუდაპეშტი ცხელი ამინდით დაგვხვდა და ჩვენც უკრაინიდან გამოფრენის შემდეგ, ზუსტად ორ საათში, დაგეგმილზე ნახევარი საათით ადრე მშვიდობიანად დავეშვით "ფერენც ლისტის" აეროპორტში... იქიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი "ლასლო პაპის" არენა დაახლოებით 20 წუთის სავალზეა.

"ლასლო პაპი" მშვიდად შეგვხვდა, ტრიბუნების მხურვალე ოვაციებს თუ არ ჩავთვლით - გუშინ აქაურობას არაფერი ეტყობოდა იმ დიდი სტუმრიანობისა, რაც გახსნის ცერემონიალზე იყო და რის გამოც თურმე უსაფრთხოების ღონისძიებები ძალიან ყოფილა გამკაცრებული. გახსნაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი რაგინდარა ქვეყნის მედიამ ოპერატიულად და აქტიურად გააშუქა; ცხადია, დიდი ყურადღება დაუთმეს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის სტუმრობასაც, მაგრამ ყველას გამორჩა კიდევ ერთი ქვეყნის ლიდერი, მონღოლეთის ახალარჩეული პრეზიდენტი, ყოფილი ძიუდოისტი, სამბისტი და მილიონერი ხალთმაა განბატი.

ბუდაპეშტში მშვიდობიანად ჩასულებს ვაჟა მარგველაშვილმა კარგი დახვედრაც მოგვიწყო, თუმცა ჩვენ მხოლოდ მის ბოლო შეხვედრას მოვუსწარით. მეოთხედფინალამდე ისეთი ბადე ჰქონდა, სამიდან ორ მეტოქესთან - იორდანიელ და სამხრეთაფრიკელ ათლეტთან მე არ წავაგებდი, არათუ ეს ევროპის ჩემპიონი კაცი. მის შეხვედრებს ინტერნეტით კიევში ვუყურებდით, ანთან გამარჯვება კი ბუდაპეშტში გავიგეთ, როცა ჩაფრენისთანავე ყველამ მობილურები მოიმარჯვა და სულ რამდენიმე წამის წინ დასრულებული ორთაბრძოლის ანგარიშს დაუწყო ძებნა...

საინტერესოა, რომ მან წინასწარ ეტაპზე ოთხივე შეხვედრა წმინდად მოიგო, დამამშვიდებლის ფინალში კი კორეელს ვაზარი ამოუქაჩა, რაც მისი ხასიათის სიძლიერეზე მიუთითებს.

კვარცხლბეკი
66 კგ.
1. ჰიფუმი აბე (იაპონია); 2. მიხაილ პულიაევი (რუსეთი); 3. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო), ტალ ფლიკერი (ისრაელი).

52 კგ.
1. აი შიშიმე; 2. ნაცუმი ცუნოდა (ორივე - იაპონია); 3. ნატალია კუზუტინა (რუსეთი), ერიკა მირანდა (ბრაზილია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული